პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

34 წლიანი მოღვაწეობა  ღვთისა და ერის სამსახურში -დღეს  სიონის ტაძრის წინამძღვრის  მფარველი წმინდანის დღეა

დღეს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მამა ბესარიონის  მფარველი წმინდანის, ღირსი ბესარიონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეა. გაზეთი „ბოლნისი“ ულოცავს  ანგელოზის დღეს და გთავაზობთ მისი მოღვაწეობის შესახებ  მომზადებულ მასალას.

საგალობლების აღვლენა და სიონის ზარის შემოკვრა, ერთეულთა ხვედრია, ეს ხვედრი დეკანოზ ბესარიონ სულხანიშვილს, პატრიარქის ხელდასმით უფალმა არგუნა, რომელიც აქაურობას  34 წლის წინ მოევლინა. იმ დღიდან მოყოლებული გზა სიონისკენ და წირვა-ლოცვები ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, თავიდან დახვდა თითქმის იავარქმნილი, უკარო, უხატო და უსინათლო, მარტოდ შთენილი უძველესი კედლები პირველი ქართული წარწერით, ახალბედა მოძღვარი თავიდანვე სათუთად მოეკიდა, პატრიარქის ხელდასმულს შიში არ უგრძვნია, მხოლოდ შეკრთა და დაენანა, ეს ბუმბერაზი სიწმინდე მარტოობისთვის რომ გაეწირა ბედისწერას… და დაიწყო მამა ბესარიონმა, ჯერ კარები და ხატები დაკიდა, სახელდახელოდ მოაწყო გარემო და პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა, მას შემდეგ 34 წელი გავიდა. მამა ბესარიონის ბოლნისური მოღვაწეობა უძველეს სიწმინდესთანაა გადაჯაჭვული და ბოლნისელების ცნობიერებაში ერთმანეთთან ასოცირდება. მამაოს, რომელიც ვახტანგ გორგასალის დროს შექმნილ კათედრალურ ტაძარს, უკვე 34 წელია ემსახურება. წვერი თანდათანობით შეევერცხლა და სიონის ეკლესიის მრევლმაც ნელ-ნელა იმატა.

„1989 წლის 14 იანვარს, პატრიარქმა მღვდლად მაკურთხა და მომცა ლოცვა-კურთხევა ბოლნისში სიონის აღსადგენად წამოვსულიყავი, იმ დღიდან მოყოლებული, წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა და მე და სიონი ერთად ვართ, მაშინ ტაძარს კარებიც არ ჰქონდა,  საქონელი შედიოდა. ყველაფერი უპატრონოდ იყო, არ არსებობდა წირვა-ლოცვის აღსრულების არანაირი საშუალება. ნელ-ნელა, ღვთის შეწევნით, დავიწყეთ ტაძრის აღდგენა. მრევლი კანტი-კუნტად იყო, მოგეხსენებათ მაშინდელი მძიმე ვითარება ქვეყანაში, გაჭირვების პერიოდი იყო. უჭირდა ერსაც და ბერსაც, ღვთის მადლით ყველაფერი ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა, მრევლმაც იმატა და ეს განსაკუთრებით მეუფის ჩამობრძანების მერე მოხდა.

-მამაო, თქვენ ბოლნისი არ გიცნობდათ.

-მართალი ბრძანდებით, ბოლნისი ჩემთვის უცხო იყო, ასევე მე ბოლნისელებისთვის, მაგრამ ჩამოსვლის დღიდან ყველა კარგი ადამიანი, ვისაც მცირეოდენი რწმენა მაინც ჰქონდა, გვერდში დამიდგა, დიდი ძალისხმევა ჩადო ასევე მაშინდელმა მთავრობამ.

-რთული იყო მამაო ის გზა?

-უფლის წყალობით და შეწევნით, კეთილი ადამიანების გვერდში დგომით, მოვახერხეთ და დავიწყეთ ტაძრის აღდგენა.

-კმაყოფილი ხართ მამაო, გავლილი გზით?

-ყველაფერი უფლის ნებით ხდება და როგორ შეიძლება კმაყოფილი არ ვიყო? უფალმა გამაჩინა, მომავლინა და ვემსახურები ამ დიდებულ ტაძარს, უმშვენიერეს მხარეს და არაჩვეულებრივ ადამიანებს. ეს დიდი მადლია და როგორ შეიძლება კმაყოფილი არ ვიყო?

-მაშინდელ მრევლს და ახლანდელს შორის რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ?

-მე არ ვეწინააღმდეგები თანამედროვე ცივილიზაციებს, მაგრამ ზომიერებაა ყველაფერში საჭირო. რწმენა მეტად უნდა იყოს, სამწუხაროდ, მოციქულებიდან მოყოლებული რწმენა იკლებს, უნდა გავძლიერდეთ რწმენაში და მეტად დავუთმოთ თავი უფალს, რადგან მოახლოებულია მეორედ მოსვლა. ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს უფალთან შესახვედრად. ხორცი მიწიერია, მიწიდან საზრდოობს და მიწად იქცევა, სული ღვთისგან შთანაბერი უფალთან მიბრძანდება, სულზე მეტად უნდა ვზრუნავდეთ.

-ბოლნისის საპატიო მოქალაქედ აგირჩიეს, ასევე აღნიშნეს სიონის აღდგენიდან და თქვენი მსახურებიდამ 30 წლისთავი, ანუ თქვენ და სიონი თითქმის სინონიმები ხართ ბოლნისელთა ცნობიერებაში, რას ნიშნავს თქვენთვის ეს?

-თავისთავად ცხადია, ეს კარგია, ყოველი ჯილდო და დაფასება ადამიანს სიკეთისკენ უბიძგებს. მოციქულებს უხაროდათ, რომ ავადმყოფებს კურნავდნენ და ეშმაკი განკურნეს, უფალო, აი რა მადლი მივიღეთ, რომ ამას ვაკეთებთო, უფალმა მიუგო ეს კი ნუ გიხარიათ, ის გიხაროდეთ თქვენი სახელი რომ სიცოცხლის წიგნში ჩაიწერებაო. სამოთხეს რომ დაიმკვიდრებთო. ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია და წასახალისებლად რომ ადამიანს ტკბილ სიტყვას ეტყვი, ესეც კარგია, ერთმანეთის მიმართ სულ პატივისცემით უნდა ვიყოთ და ვაჯილდოვებდეთ სიხარულით და სიყვარულით.

-მაინც რა არის მამაო თქვენთვის ეს წლები?

-ბევრი მეგობარი, ბევრი სიხარული, მოგონებები, გამოცდილება და თითქმის ყველაფერი, რაც ჩემს ცნობიერებაში უფლისგან დალექილა,  ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებია, თავისი თანმდევი სირთულეებით და დალხინებებით. აქ ჩემი სამეგობროა, ჩამოსვლის დღიდან ჩემს გვერდით არიან, აქ ჩემი ოჯახია, მეუღლით, შვილებით და შვილიშვილებით. 34 წლის წინ დავიწყე მოღვაწეობა სიონში, ღვთისა და ერის სამსახურში, დავკიდე კარები ტაძარს, ჩამოვკიდე ხატები და სახელდახელოდ მოვაწყვე პირობები, რომ წირვა-ლოცვა ჩამეტარებინა. ეს ის წლებია, როცა ხშირად მხოლოდ მე და ჩემი ოჯახი ვიდექით ტაძარში, ვატარებდი წირვა-ლოცვას, მრევლიც მქადაგებელნიც და მგალობელნიც ჩვენ ვიყავით, ასე დაიწყო ყველაფერი, თანდათან იზრდებოდა მრევლი და მეც მრევლთან ერთად ვძლიერდებოდი, როგორც უფლის მსახური, ბოლნისელმა საზოგადოებამ ჩემში დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოიწვია და დღემდე ამ გრძნობით ვარ გამსჭვალული. სიონი, მე და ბოლნისელები, თანაზიარნი ვართ ერთმანეთთან. დავიწყეთ მოუწესრიგებელი, ქვიანი გზით სიარული ტაძრისკენ, დღეს კი უფლის წყალობით, მოასფალტებულ-მოლამაზებული გზით კომფორტულად მოვემართებით უფლის სახლისკენ, ამაზე კარგი, ქრისტიანმა რა უნდა ინატროს?

-მამაო, თქვენ თითოეული ბოლნისელისთვის ნაცნობი და ახლობელი ხართ, ვიცით, რომ წირვა-ლოცვის გარდა, ფიზიკურ შრომასაც ასწრებთ და უთავსებთ.

-ფიზიკური შრომა აუცილებელია, თუ ადამიანს უნდა რომ კარგად ცხოვრობდეს, ჩაიცვას, დაიხუროს, ფიზიკურადაც უნდა იშრომოს. მიწაზე ვმუშაობ და ვიმუშავებ კიდეც, ოჯახისთვის და გაჭირვებულების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი შვილებიც ასე გავზარდე და ისინიც შრომით ქმნიან ცხოვრებას. უფლისგან მოცემული ადამიანმა უნდა გამოიყენო, მაგრამ მოძღვარი ამქვეყნიურს არ უნდა გადაჰყვეს, მთავარი მაინც სულიერი ცხოვრებაა, თუ ღვთიური ცხოვრებით ვიცხოვრებთ, ამ ქვეყნიდანაც მოგვეცემა და იმ ქვეყნადაც ვცხონდებით.

-მაინც, რას ნიშნავს მამაო თქვენთვის სიონი?

-დღემდე მიკვირს და  მადლიერი ვარ უფლის, რომ ინება უძველესი ტაძრის წინამძღვარი ვყოფილიყავი, ამაზე უკეთესი ჯილდო წარმოუდგენელია ჩემთვის, მანამდე ექვსი წელი ალავერდის მონასტერში ვმსახურობდი დიაკვნად. სტიქაროსნობაც და ჩემი მორჩილებაც იქ გავიარე. შემდგომ ამისა, ვცდილობ ამ უძლეველ ტაძარს ვემსახურო.

-მადლობა მამაო, საინტერესო საუბრისთვის, რას უსურვებდით ბოლნისელებს?

-ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, სიკეთეს, რწმენაში გაძლიერებას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ბელა ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები