ქვემო ქართლი, კერძოდ ბოლნისი, ის სივრცეა, სადაც ყურძნისა და ღვინის ისტორია რვა ათასი წლის წინ დაიწყო. მიუხედავად ამ უწყვეტი ტრადიციისა, ბოლნისური ღვინო, ფართო საზოგადოებისთვის, შედარებით გვიან გახდა ცნობილი. როგორც გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ხელმძღვანელი გურამ ავქოფაშვილი ამბობს, დღეს რეგიონს აქვს ყველა წინაპირობა, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ღვინის რუკაზე დაიკავოს ის ადგილი, რომელიც ისტორიულად ეკუთვნის.
გურამ ავქოფაშვილის თქმით, მაშავერასა და ხრამის ხეობები, სადაც შულავერ-შომუთეფეს ცივილიზაცია ჩამოყალიბდა, ღვინის ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი საწყისია. სწორედ აქ მოხდა ყურძნის პირველი გაკულტურება, პარალელურად კი განვითარდა ხორბლის, თაფლის, მეტალურგიისა და ოქროს წარმოება. მისი განმარტებით, ბოლნისი არაერთი უძველესი პროდუქტის სამშობლოა და ეს ისტორიული ფაქტები მრავალი კვლევით დასტურდება. როგორც ბატონი გურამი აღნიშნავს, თვითონ სახელწოდება „ბოლნისი“ სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „ბოვიდან“ მომდინარეობს და „შედნობას“ ნიშნავს. ეს იდეა – შერწყმა დღესაც აქტუალურია ბოლნისურ მეღვინეობაში. სწორედ ამ კონცეფციაზე შეიქმნა ერთ-ერთი ღვინო სახელწოდებით „ბოვი“, სადაც ორი ჯიშია შერწყმული და მისი თქმით, მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი რესპონდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ ბოლნისში ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის. ის კულტურის, რიტუალების, ეკლესიური წეს-ჩვეულებებისა და ოჯახის სიმტკიცის ნაწილია. დღეს ეს ტრადიცია უკვე ბიზნესადაც იქცა, თუმცა, როგორც ის განმარტავს, ღვინის გაყიდვა და გაცვლა ბოლნისში საუკუნეების წინაც ხდებოდა, უბრალოდ, არა ბოთლში ჩამოსხმული და ეტიკეტირებული ფორმით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ღვინო ბოლნისის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლნისში წლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოება. ამ პროცესში ჩართულია დაახლოებით 550 ოჯახი, რომლებიც საკუთარ ვენახში დაყენებულ ღვინოს ან მოიხმარენ, ან ყიდიან. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი რიცხვია ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც ბოლნისია, მისი ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ნიშანი ნიადაგების მრავალფეროვნებაა. რეგიონში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ნიადაგია, რომლებიც ახალგაზრდა გეოლოგიური ასაკითა და მინერალების სიმრავლით გამოირჩევა. სწორედ ეს ქმნის ბოლნისური ღვინოების განსხვავებულ არომატსა და სტრუქტურას. ღვინის გემო და ხასიათი არა მხოლოდ ნიადაგზე, არამედ კლიმატსა და ადამიანურ ფაქტორზეც არის დამოკიდებული. ამიტომაც განსხვავდება ერთმანეთისგან კახური, იმერული და ბოლნისური ღვინოები – თითოეულს თავისი ტექნოლოგია და ტრადიცია აქვს – ამბობს გურამ ავქოფაშვილი ჩვენთან საუბრისას.
გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ბოლნისური ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრირება იყო. ორი წლის მუშაობის შემდეგ, ღვინო „ბოლნისი“ საქპატენტის მიერ ოფიციალურად დარეგისტრირდა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მეღვინეთა ასოციაციამ, მეღვინეებიდან წამოსული ინიციატივით, შეძლო მსგავსი სტატუსის მოპოვება. დღეს „ბოლნისი“ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებაა, ისევე როგორც წინანდალი, ტვიში და ვაზისუბანი. ავქოფაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლნისურმა ღვინოებმა ბოლო წლებში მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსში, სადაც ათასობით ღვინოს შორის ოქროს მედლები მოიპოვეს. თუმცა, მისი შეფასებით, ეს წარმატება ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რაც რეგიონის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ბოლნისში ღვინის წარმოების 200-წლიანი ადგილობრივი ტრადიცია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ინარჩუნებენ, არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის პროცესშია. ბატონი გურამის თქმით, ეს აუცილებელია, რათა ტრადიცია სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცეს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეს. შემდეგი ეტაპი ქვემო ქართლის მასშტაბით მეღვინეთა დიდი გაერთიანების შექმნაა. ამ გზით შესაძლებელი გახდება ხარისხის ამაღლება, მარკეტინგის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გამარტივება. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის შვეიცარიის განვითარების ფონდი და ორგანიზაცია „ჰელვეტასი“. – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. მისივე თქმით, მიზანი კონკურენცია კი არა, თანასწორი განვითარებაა, რომ ქვემო ქართლი ღვინის მიმართულებით იქცეს ისეთივე ძლიერ რეგიონად, როგორიც დღეს კახეთია.
დასასრულს, გურამ ავქოფაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ბოლნისი არ არის რიგითი მუნიციპალიტეტი, ეს არის ადგილი, სადაც რვა ათასი წლის ისტორია, თანამედროვე ხედვასთან ერთიანდება. თუ ტრადიციას თანამედროვე ინსტრუმენტები დაემატება, ბოლნისს აქვს ყველა შანსი, მსოფლიომ საბოლოოდ აღიაროს იგი, როგორც ღვინის სამშობლო.










