Homeრუბრიკები„თუ გსურს, მიაღწიო პროფესიულ წარმატებას, ყოველთვის უნდა ეცადო ფეხი აუწყო თანამედროვე სამყაროს...

„თუ გსურს, მიაღწიო პროფესიულ წარმატებას, ყოველთვის უნდა ეცადო ფეხი აუწყო თანამედროვე სამყაროს სიახლეებსა და გამოწვევებს“- ამბობს ნინო ჩაჩანიძე – გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტი საფრანგეთიდან.

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები სტუდენტის ცხოვრებაში გარდამტეხ როლს ასრულებს. ეს არის კომპლექსური გამოცდილება, რომელიც  ძირეულად ცვლის ახალგაზრდის აზროვნებას, უნარებსა და მომავალს.

სტუდენტური გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ სწავლების და საერთაშორისო გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდების მონაცემებით  საზღვარგარეთ ყოველწლიურად სასწავლებლად და გაცვლითი პროგრამებით, საშუალოდ 1000-ზე მეტი სტუდენტი მიემგზავრება. ნინო ჩაჩანიძე ერთ-ერთი მათგანია. ის ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, როგორც გაცვლითი პროგრამის სტუდენტი.

„მე ვარ ნინო  -ადამიანი, რომლისთვისაც განათლების მიღების სურვილი არასდროს არის მხოლოდ აკადემიური სივრცის ჩარჩოებით. ჩემი ყოველდღიურობა მუდმივი ძიების, კითხვისა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის პროცესია, რადგან მჯერა: თუ გსურს მიაღწიო პროფესიულ წარმატებას, ყოველთვის უნდა ეცადო აუწყო ფეხი  თანამედროვე სამყაროს სიახლეებსა და გამოწვევებს. მუდმივად ვცდილობ ახალ-ახალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტების, ლექციების, ტრენინგებისა და სტაჟირებების აღმოჩენას, რათა თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკად ვაქციო.“

ნინო ჩაჩანიძე ქ.ბოლნისის სულხან -საბა ორბელიანის N1 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანია. მან სკოლა 2024 წელს წარჩინებით დაამთავარა და ამავე წელს ჩააბარა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და მისი სპეციალობა მენეჯმენტია. ამჟამად კი ნინო საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის საშუალებით სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, კერძოდ კლერმონტ-ოვერნის უნივერსიტეტში (University Clermont Auvergne).   

„საფრანგეთში იმ გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები, რომელმაც სწავლის სრული დაფინანსება მომანიჭა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემმა მშობლიურმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა. სწორედ „გრუნის“ აკადემიურმა ბაზამ და მაღალი სტანდარტის განათლებამ მომცა საშუალება, საქართველოში მიღებული ორწლიანი ცოდნის საფუძველზე, სწავლა საფრანგეთის სახელმწიფო კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა და დამესრულებინა.

შერჩევის პროცესი საკმაოდ კომპლექსური და კონკურენტული აღმოჩნდა. მაღალი აკადემიური მოსწრების მიღმა, ასევე საჭირო იყო სკოლის ასაკიდან დაგროვილი გამოცდილება და არაფორმალური აქტივობები. გარდა ამისა, მიმღებ უნივერსიტეტს აინტერესებდა ჩემი სამოტივაციო ხედვა.

ბოლნისის №1 საჯარო სკოლამ ჩემს წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე, თუმცა ეს მხოლოდ ნიშნები არ ყოფილა, ეს იყო დაუღალავი შრომის, დისციპლინისა და  პედაგოგების უდიდესი ამაგის შედეგი. სკოლის ბოლო სამი წლის მაღალი აკადემიური მოსწრება ერთ-ერთი

აუცილებელი წინაპირობა აღმოჩნდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. სკოლამ მასწავლა მთავარი: პასუხისმგებლობის გრძნობა, მიზანდასახულობა და ის, თუ როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს.“

ნინო ჩაჩანიძის   ყოველდღიური რუტინა საფრანგეთში   მრავალფეროვანია, დატვირთული-თუმცა  ამავე დროს, ემოციური. ახალი კონტაქტები, სწავლების ახლებური მიდგომები, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების    ლექტორებთან ურთიერთობა, სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. განათლების მიღებასთან ერთად,  ცდილობს ფრანგული ცხოვრების ყოველდღიურობის რიტმს შეძლებისდაგვარად  აუწყოს ფეხი და დრო სწორად გაანაწილოს.

„ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე ასეთია: დილა უნივერსიტეტით იწყება, რადგან ინგლისურენოვან პროგრამაზე ვსწავლობ და ბევრ სხვადასხვა საგანს გავდივარ, გრაფიკი  ძალიან დატვირთულია. ჩემთვის საკმაოდ განსხვავებული გამოცდილება აღმოჩნდა ის, რომ ლექტორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. თითოეულს სწავლების თავისი უნიკალური მიდგომა აქვს, რის გამოც ლექციებზე მრავალ განსხვავებულ აზრს და გამოცდილებას ვისმენ და, რა თქმა უნდა, ჩემს ხედვასაც ვუზიარებ მათ. შუადღისას სამეცადინოდ  ბიბლიოთეკაში გადავინაცვლებ. ასევე  ფრანგული ენის კურსებს გავდივარ და პარალელურად მომავალი სტაჟირებისთვის ვემზადები, რაც ჩემი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. საღამოს კი ვცდილობ უბრალოდ ქალაქში გავიდე და ფრანგული ყოველდღიურობა შევიგრძნო, მეგობრებს შევხვდე, ან ენის პრაქტიკაში ვივარჯიშო. ვცდილობ სწავლასა და აქაურ ცხოვრებას შორის დრო სწორად გავანაწილო“.

გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა უდიდესი გამოცდილებაა, თუმცა სტუდენტებს გზად საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებთან და დაბრკოლებებთან უწევთ შეჯახება. უცხო ქვეყნის ხალხთან ცხოვრების წესთან, ტრადიციებთან  და კულტურასთან ადაპტაცია, ენობრივი ბარიერი, ახლობელ ადამიანებთან მოშორება ,ემოციური სტრესი, ბიუროკრატია – ნინო ჩაჩანიძეს ამ ყველაფრის გადალახვა ერთდროულად უწევს.

„ყველაზე დიდი თავსატეხი ჩემთვის მაინც ადგილობრივი ბიუროკრატია და საბუთების მოგვარება აღმოჩნდა. საფრანგეთში დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, ბანკი, დაზღვევა და სხვა ადმინისტრაციული პროცესები, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ამ ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარება პატარა გამოცდაა. გარდა ამისა, პირველი დღეები საკმაოდ რთული იყო, რადგან ბევრმა არ იცის ინგლისური ენა. თუმცა, დასაფასებელია, რომ ადგილობრივები მაინც ყოველთვის ცდილობენ დახმარებას. გამოწვევაა მრავალი სხვადასხვა საგნის შეთავსება, ენის კურსები, ახალ სასწავლო სისტემასთან ადაპტაცია. რადგან სწავლა ახლახანს დავიწყე, ეს ყველაფერი სიახლეა ჩემთვის. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს უზარმაზარი გამოცდილება  მასწავლის როგორ ვიყო უფრო ორგანიზებული და დამოუკიდებელი.“

 საფრანგეთამდე იყო თურქეთი. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში  ნინო ჩაჩანიძე  გასულ წელს თურქეთში იმყოფებოდა.

„თურქეთში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 10-დღიან ტრენინგკურსებს ვესწრებოდი. ეს ჩემი ცნობიერების სერიოზული გამოცდა და გარდატეხა იყო, ვინაიდან დისკუსიის ძირითად თემას განვითარებად ქვეყნებში უმუშევარ ახალგაზრდათა პრობლემატიკა წარმოადგენდა, ხოლო საკუთარ გამოცდილებას ევროპის განვითარებული ქვეყნების მონაწილეები გვიზიარებდნენ. თურქეთში გატარებულმა პერიოდმა მკაფიოდ დამანახა, თუ რამდენად დიდია კულტურათშორისი დიალოგის მნიშვნელობა“.

ნინო თვლის, რომ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები –  არ არის უბრალოდ მოგზაურობა, ან დროებით საზღვარგარეთ ცხოვრება, ეს არის კომპლექსური აკადემიური, პროფესიული და პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესი. მიღებული  ცოდნა და გამოცდილება კი   არის დიდი რესურსი, რომელიც  თითოეული ახალგაზრდისთვის წარმატებული ცხოვრების გზამკვლევია.

„ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში სწავლა, პირველ რიგში, აზროვნების მასშტაბს ცვლის. როდესაც სწავლობ განსხვავებული ტრადიციისა და მეთოდოლოგიის მქონე უნივერსიტეტებში, თავისუფლდები შაბლონური ხედვებისგან. საფრანგეთი და საქართველო ორი სრულიად განსხვავებული აკადემიური პოლუსია, რომლებიც, ვფიქრობ, ჩემში ერთგვარ ინტელექტუალურ სინთეზს შექმნის. ეს გამოცდილება მომცემს უნარს, საკუთარ სფეროს შევხედო არა ლოკალური, არამედ გლობალური პერსპექტივიდან, განვავითარო კრიტიკული აზროვნება და ჩამოვაყალიბო ღირებული პროფესიული კონტაქტები“.

აკადემიური განვითარება, საერთაშორისო კავშირები და გამოცდილება, კარიერული შესაძლებლობები -ეს ყველაფერი ნინო ჩაჩანიძის პროფესიულ განვითარებას და სამომავლო გეგმებს გარკველ წილად განსაზღვრავს.

„ ჩემი უახლოესი მიზანი საფრანგეთის სახელმწიფო  კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტის რესურსებისა და აკადემიური ბაზის მაქსიმალური ათვისებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ვგეგმავ კვლევითი საქმიანობის გაღრმავებასა და მაგისტრატურის გაგრძელებას მორიგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ დაგროვილი ცოდნა და საერთაშორისო პრაქტიკა ფორმალობად არ დარჩეს და მას რეალური გამოყენება მოვუძებნო ჩემი ქვეყნის საგანმანათლებლო, თუ პროფესიულ სივრცეში.

ჩემს პროფესიად და ძირითად სპეციალობად უკვე არჩეული მაქვს მენეჯმენტი. ეს არის სფერო, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცესების მართვით, ეს არის ხელოვნება, სწორად დაგეგმო, ეფექტიანად გაანაწილო რესურსები, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებები. მენეჯმენტი მოითხოვს, როგორც ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, ისე ლიდერულ თვისებებსა და კომუნიკაციის მაღალ კულტურას. ამ პროფესიაში ყველაზე მეტად მხიბლავს ის, რომ გაძლევს შესაძლებლობას, იდეები რეალურ, წარმატებულ პროექტებად აქციო.“

ამბობს, რომ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები  მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად უმაღლესი სისტემის განვითარების თვალსაზრისით. ის ხელს უწყობს უცხო ენებისა და უნარების გაუმჯობესებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და საქართველოს უნივერსიტეტების უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. გაცვლითი პროგრამების საშუალებით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი სამშობლოს მოახმარს.

„ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ფოკუსი არჩეულ სპეციალობაში   ცოდნის მიღება და პრაქტიკული უნარების გამომუშავებაა. მომავალში  თავს ვხედავ მაღალი დონის მენეჯერად და საკუთარი კორპორაციის მფლობელად, რომელსაც შეეძლება მასშტაბური პროექტების ეფექტიანად მართვა. მიღებული ცოდნის გამოყენებას უპირველეს ყოვლისა ჩემს ქვეყანაში ვგეგმავ: მჯერა, რომ თანამედროვე, სტრატეგიული მენეჯმენტის პრინციპების დანერგვა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, და მსურს ჩემი წვლილი შევიტანო ძლიერი, ევროპული სტანდარტების მქონე ორგანიზაციული კულტურის შექმნაში.“

მაია გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები