HomeTV80 წლის გარიბ მატევოსიანისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია

80 წლის გარიბ მატევოსიანისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია

როდესაც სხვები წლების დათვლას იწყებენ, ის კილომეტრებს ითვლის. 80 წლის გარიბ მატევოსიანისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია, მისი ცხოვრების რიტმი ისევ მოძრაობა, სიჩქარე და საყვარელი საქმის კეთებაა. მოტოციკლი, სპორტული ავტომობილი და საკუთარი სახელოსნო, ეს ყველაფერი  ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ძრავის ხმა მისთვის უბრალოდ ხმაური არ არის, ეს ცხოვრების რიტმია, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება. ტექნიკისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. უყვარდა ნივთების დაშლა, აწყობა და რაღაცის შექმნა. სწორედ მაშინ ააწყო  საკუთარი „მანქანაც“ მუყაოსგან. წლების შემდეგ კი ბავშვობის გატაცებას თითქოს გაგრძელება მოჰყვა, ბაზარზე ის მანქანა გამოჩნდა, რომლის მსგავსიც ოდესღაც მუყაოსგან შექმნა.

მაშინ, როდესაც ბევრი თანატოლი მშვიდ ცხოვრებას ირჩევს, ის კვლავ ადრენალინით ცხოვრობს, მართავს სპორტულ „ჟიგულს,“ მოტოციკლს, მონაწილეობს შეჯიბრებებში და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ საყვარელი საქმისთვის ასაკი ბარიერი არასოდეს არის. ავტომობილებისადმი სიყვარულმა წლების წინ ხელოსნობაც დააწყებინა. დღეს მისი სახელოსნო მხოლოდ სამუშაო სივრცე არაა, ეს არის ადგილი, სადაც გამოცდილება, ცოდნა და საქმის სიყვარული ერთიანდება. აქ ყოველი დეტალი ისტორიას ყვება, ყოველი ინსტრუმენტი კი მრავალი წლის შრომისა და პროფესიონალიზმის მოწმეა.

80 წლის ვეტერანი მრბოლელისთვის საყვარელი საქმის გარეშე ცხოვრება რთულია. სწორედ მოძრაობა, ტექნიკა და ახალი ემოციები აძლევს ენერგიას და საშუალებას, ასაკზე არ იფიქროს. მის ცხოვრებაში წლებმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა: სურვილი, შექმნას, იმოძრაოს და აკეთოს ის, რაც უყვარს. კარიმა, როგორც მას ბოლნისელები იცნობენ, დღესაც იმავე ენთუზიაზმით აგრძელებს გზას და საკუთარი მაგალითით გვიჩვენებს, რომ ოცნებებსა და მიზნებს ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები