ხელოვნებაზე, ბუნებაზე, ადამიანებზე შეყვარებული 17 წლის მხატვარი ანი ერემიანი საკუთარ გრძნობებს ფერებით გადმოსცემს, ფურცელზე ან ტილოზე გადააქვს და ნახატებით ცოცხალ ემოციას ქმნის. მისი თითოეული ნამუშევარი იდეით იწყება , დაუღალავი შრომით გრძელდება და დიდი სიყვარულით სრულდება. შემოქმედებითი პროცესი კი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა. პასუხისმგებლობა, მონდომება, შრომისმოყვარეობა და დისციპლინა – ეს ის მთავარი თვისებებია, რომელიც ანის მიერ შესრულებულ ყველა ნახატში იგრძნობა.
„ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელოვნება, რადგან ვგრძმობდი, რომ მასთან ყველაზე ახლოს ვიყავი და სწორედ მასში ვპოულობდი სიმშვიდეს. ხატვა ჩემი ცხოვრების მთავარი ინტერესია. ჩემთვის მხოლოდ ლამაზი და ესთეტიური ნამუშევრების შექმნა არ არის – ხატვა ჩემი გრძნობების ერთგვარი საუნჯეა, სადაც შემიძლია ჩემი ემოციები და ფიქრები ყველაზე თავისუფლად გამოვხატო. ხატვისადმი სიყვარული ბავშვობიდან იწყება. დღემდე მაქვს შემონახული ბავშვობის დროინდელი ნახატები. ყოველთვის საინტერსოა ჩემთვის მათი ნახვა, რადგანაც ვგრძნობ, რა გზა გავიარე იმ პატარა ანიდან დღემდე.“
ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო. ბაღის პედაგოგები ყოველთვის აღიარებდნენ ანის ნიჭს. ოჯახი კი მისი შემოქმედების ყველაზე დიდი ქომაგი იყო. ამბობს, რომ მშობლების მხარდაჭერამ და დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ აგრძელებს მისთვის ძვირფას საქმეს.
„ხატვა 5 წლის ასაკში დავიწყე. ბაღის აღმზრდელები ამჩნევდნენ ჩემს ინტერესს და შესაძლებლობებს ხატვის მიმართ, რაც ძალიან მახარებდა. სკოლის პერიოდში უფრო მონდომებული გავხდი. ჩემი სურვილით მშობლებმა ხატვაზე შემიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთი წელი დავდიოდი. იქ ბევრი რამ ვისწავლე. ამ გამოცდილებამ ჩემზე და ჩემ შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.
თავდაპირველად ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემმა ოჯახმა მომცა. არასოდეს გავჩერებულვარ და ყოველთვის ნახატის დასრულების შემდეგ დიდი სიხარულით მივრბოდი მათთან, რომ ჩემი ნამუშევარი მეჩვენებია. მათი დადებითი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამან განაპირობა, რომ დღემდე ვხატავ და ეს პროცესი ყველაზე სასიამოვნოა ჩემთვის.“
დღეისთვის 50 -მდე ნამუშევარი აქვს შექმნილი. ხატავს ფურცელზე, ტილოზე,მუყაოზე და კედელზეც. ამბობს, რომ სხვადასხვა ზედაპირზე მუშაობა მის საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. უყვარს მრავალფენოვნება. მოსწონს პეიზაჟების ხატვა. თუმცა ყველაზე სასიამოვნო მაინც საყვარელი ადამიანების პორტრეტების შექმნაა, რადგან ამ დროს შეუძლია ჩაწვდეს იმ ადამიანების სულიერ სამყაროს, ვინც ასეთი ძვირფასია მისთვის. თითოეული ნახატი გადმოსცემს მათ ცოცხალ ემოციებს, განცდებს და ავტორის დამოკიდებულებას მათდამი.


„ჩემი საყვარელი ნამუშევრები, ჩემი საყვარელი ადამიანების პორტრეტებია. როდესაც საყვარელი ადამიანის ფოტო ტელეფონში გაქვს, შეიძლება უბრალოდ უყურებდე მას, მაგრამ როდესაც მის დახატვას საკუთარი ხელით იწყებ, სრულიად სხვა ემოცია ჩნდება. ამ დროს მხოლოდ მის გარეგნობას კი არ გადმოვცემ, არამედ მასში საკუთარ დამოკიდებულებას, ემოციას და სიყვარულსაც დებ. ამიტომ არის ეს პორტრეტები ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი. თუმცა, კონკრეტულ რომელიმე ჟანრში, თავს არ ვზღუდავ. ვცდილობ სხვადასხვა მიმართულებაში მოვსინჯო ძალები და შევისწავლო, რადგან მრავალფეროვნება ძალიან მიყვარს და ერთ რომელიმე კონკრეტულ სტილზე გაჩერება მიჭირს. მიყვარს პეიზაჟების ხატვა, რადგან ბუნების ხედი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება. ძირითადად ფანქრით ვმუშაობ, თუმცა ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს შესრულებული გუაშით და აკვარელით.“


ხშირად ნახატი ერთიან პატარა ხაზით იწყება. შემდეგ კი შრომის, მოთმინების, შემოქმედებითი ხედვის წყალობით ერთი უბრალო ხაზი ლამაზ ნამუშევრად გარდაიქმნება.
„ჯერ მებადება იდეა. შემდეგ კი ვცდილობ ეს ყველაფერი ფურცელზე გადავიტანო. ხატვის დაწყება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია, რადგან სწორედ ამ დროს ვმშვიდდები და მთლიანად ჩემს საქმეზე ვკონცერტრირდები. დრო კი ნამუშევრების მიხედვით განისაზღვრება, პატარა ნამუშევრებზე 2 საათი შეიძლება დამჭირდეს. საშუალოდ კი 3-4 საათი ვმუშაობ. თუ ტილოზე უფრო რთულ ნამუშევარს ვასრულებ, შეიძლება რამდენიმე დღეც დამჭირდეს.“

ანი ერემიანის შემოქნედების მთავარი შთაგონების წყარო სიყვარულია. მისი ნახატების ერთ -ერთი მნიშვნელოვანი და გულწრფელი შემფასებელი კი, საყვარელი ადამიანი. სწორედ ეს გრძნობა აძლევს მოტივაციას, ხატოს ბევრი.
„ჩემი შემოქმედების მთავარი მუზა ჩემი საყვარელი ადამიანია. მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გავლენას ახდენს ჩემს შემოქმედებაზე. ხშირად, სწორედ მისგან, ჩვენი ურთიერთობებისგან და იმ ემოციებებისგან ვიღებ შთაგონებას, რომელსაც მის გვერდით ვგრძნობ. მისი მხარჭერა და ჩემდამი რწმენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ვიცი, რომ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია, ჩემი ნამუშევრები გულწრფერად მოსწონს და სჯერა ჩემი შესაძლებლობების, კიდევ უფრო დიდი სურვილი მიჩნდება, რომ ვიმუშაო, განვვითარდე და უკეთესი შევქმნა.“
ანი ერემიანს, ხატვასთან ერთად, მოსწონს თიხაზე მუშაობა . ასევე დაინტერესებულია არქიტექტურით და დიზაინით. პარალელურად მუშაობს კომპიუტერულ პროგრამებში. ცდილობს საკუთარი იდეები ციფრულ სივრცეში განავითაროს.
„ჩემთვის არქიტექტურა მხოლოდ შენობის შექმნა არ არის. მინდა მასში ხელოვნებაც გავაერთიანო და ისეთი სივრცეები შევქმნა, სადაც დიზაინთან ერთად, ჩემი შემოქმედებითი ხედვაც გამოჩნდება. ამ ეტეპზე მაქვს Instagram – გვერდი- @archisketch.ani, სადაც ჩემს ნამუშევრებს და შემოქმედებით პროცესს ვუზიარებ ადამიანებს. გვერდის შექმნის მთავარი მიზანი არის, ვაჩვენო ადამიანებს ჩემი შესაძლებლობები და ამავდეროულად, საკუთარი თავის განვითარებაში კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მივიღო. თვითნასწავლობა არ ნიშნავს, რაღაცა პროფესიონალურად ვერ გამოგივა.
ხშირად პროცესი ნახატით იწყება. ჯერ ფურცელზე ვქმნი სახლის ან სივრცის იდეას, შემდეგ კი ამ ჩანაფიქრს კომპიუტერში გადავიტან და ვციდილობ, 3D მოდელისა და ვიზუალიზაციის სახით წარმოვადგინო. ამ გზით ჩემთვის ძალინ საინტერესოა იმის ნახავა, როგორ შეიძლება ერთი პატარა ესკიზი ნელ-ნელა რეალისტურ არქიტექტურულ პროექტად გადაიქცეს, სწორედ ეს მაკავშირებს ხელოვნებასთან და არქიტექტურასთან. ორივე შემთხვევაში ყველაფერი იწყება პატარა იდეით, რომელსაც შემდეგ შეგიძლია რეალური ფორმა მისცე.“
მომავალ საქმიანობას არქიტექტურას უკავშირებს და სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით გეგმავს. ცდილობს არ გაჩერდეს.“ დაიწყე,სცადე, ისწავლე და მუდმივად განვითარდი“- ანი ერემიანის ცხოვრების მთავარი დევიზია.
მაია გავაშელი






