Homeსაზოგადოება„ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“

„ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“

ხელოვნება ზოგისთვის გატაცებაა, ზოგისთვის კი, საკუთარი თავის გამოხატვის გზა. 16 წლის მარიამ გიორგაძისთვის ის ბევრად მეტია: ყოველდღიურობის, ემოციებისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია. მარიამი ბავშვობიდან ხატავს, განსაკუთრებით უყვარს ფერები, ყვავილები და ტილოზე მუშაობა. მომავალში ის საკუთარ შემოქმედებით გზას გრაფიკულ დიზაინსაც უკავშირებს და ოცნებობს, შექმნას სივრცე, სადაც ბავშვებს ხატვასა და საკუთარი თავის ხელოვნებით გამოხატვას ასწავლის.

– მარიამ, პირველ რიგში, მოგვიყევი ცოტა შენ შესახებ. ვინ არის 16 წლის მარიამ გიორგაძე და რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს?

-მარიამ გიორგაძე არის ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარს ხელოვნება. ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან კი ყველაზე მეტად ხატვას მიიჩნევს საკუთარ სულიერ მეგობრად.

– ამბობ, რომ ხელოვნების გარეშე საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენ. როდის მიხვდი, რომ ხელოვნება შენთვის უბრალოდ გატაცება კი არა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია?

-ხელოვნების გარეშე  ცხოვრება ჩემთვის თითქოს არაფერს წარმოადგენს. ამაში განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდი, როდესაც დავაკვირდი, რომ თითქმის არ გადიოდა დღე ისე,  რაიმე ახალი ნამუშევარი არ შემექმნა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მე და ხელოვნება უკვე განუწყვეტლივ დავუკავშირდით ერთმანეთს და ის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

– ხატვის სიყვარული ბავშვობიდან მოგყვება? გახსოვს შენი პირველი ნახატი ან ის პერიოდი, როცა პირველად აიღე ფანქარი და ხატვა დაიწყე?

-ხატვის სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომყვება. როგორც კი ფანქრის დაჭერა ვისწავლე, თავდაპირველად გასაფერადებლების გაფერადება დავიწყე, შემდეგ კი უკვე სახატავ რვეულებზე გადავედი. მახსოვს, როდესაც  სახატავ რვეულს ფანქარი შევახე, პირველი ნახატი ყვავილი იყო. მას შემდეგ ყვავილების ხატვა განსაკუთრებით მიყვარს და დღემდე ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა. ძალიან მიყვარს ყვავილების მარტივი, თავისუფალი მოძრაობებით ხატვა და ამ პროცესში განსაკუთრებულ სიმშვიდეს ვპოულობ.

– შენი ნახატები ძალიან ფერადია. რას გამოხატავ ფერებით და რატომ გიზიდავს განსაკუთრებით ფერადი ნამუშევრების შექმნა?

-ჩემი ნახატები ნამდვილად ძალიან ფერადია, რადგან ვფიქრობ, რომ ფერებით ნამუშევარს უფრო მეტი სიცოცხლე და ემოცია ემატება. ჩემთვის ფერები განწყობასთანაც არის დაკავშირებული. ხშირად ვცდილობ, ჩემი სევდაც კი ნახატმა გაახალისოს და საბოლოოდ თავად ამიმაღლოს განწყობა. თითქოს ფერების საშუალებით შემიძლია  ემოცია შევცვალო და ნამუშევარში უფრო ნათელი და პოზიტიური განცდა გადავიტანო.

– როცა ხატავ, წინასწარ გაქვს ხოლმე წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს საბოლოო ნამუშევარი, თუ პროცესში თავად გიჩნდება ახალი იდეები?

-ხშირ შემთხვევაში, ხატვისას ჩემს ფანტაზიასა და მუზას მივყვები. ყოველთვის წინასწარ არ მაქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი. ხშირად იდეა სწორედ ხატვის პროცესში ჩნდება და ნამუშევარიც ნელ-ნელა იღებს თავის საბოლოო სახეს. ამის შედეგად ხშირად საკმაოდ განსხვავებულ, ინდივიდუალურ და ჩემთვის საინტერესო ნამუშევრებს ვქმნი.

– რა გაძლევს ყველაზე დიდ სიამოვნებას ახალი ნახატის შექმნა, უკვე დასრულებული ნამუშევრის ყურება თუ იმის ნახვა, როგორ მოსწონთ შენი ნამუშევრები სხვებს?

-ყველაზე მეტად ახალი ნახატის შექმნის პროცესი მიყვარს, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, როდესაც  ნამუშევარს ჩემი ძვირფასი ადამიანები ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანები აფასებენ.  საინტერესოა სხვების აზრის მოსმენა და იმის გაგება, როგორ აღიქვამენ ისინი ჩემს ნამუშევარს. საკუთარ ნახატებს არასოდეს ვაფასებ მხოლოდ ჩემი შეხედულებით –  სხვების აზრიც მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ სხვა ადამიანი შენს ნამუშევარში ისეთ რამეს ამჩნევს, რასაც თავად ვერ ხედავ.
არის თუ არა რომელიმე შენი ნახატი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რომლის შექმნის ისტორიასაც სიამოვნებით გაიხსენებდი?

-მაქვს ერთი ნამუშევარი, რომელსაც ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ეს არის  პირველი ნახატი, რომელიც ტილოზე დავხატე.

ეს ნამუშევარი იმდენად მომეწონა და, რაც მთავარია, სხვებსაც ძალიან მოეწონათ, რომ სწორედ აქედან დაიწყო ჩემი განსაკუთრებული გატაცება ტილოზე ხატვით. საღებავებით ტილოზე ხატვის პროცესი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მაშინ მივხვდი, სწორედ აქ აღმოვაჩინე საკუთარი თავი და ის მიმართულება, რომელშიც ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილი იყო.

ხელოვნებაში ვინ ან რა შთაგაგონებს ყველაზე მეტად?

-ხელოვნებაში ყველაზე მეტად ყოველდღიური ცხოვრება, ემოციები, ფერები და ის პატარა დეტალები შთამაგონებს, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩანდეს, მაგრამ ჩემში ახალი იდეის გაჩენა შეუძლია. ასევე ძალიან მიყვარს სხვა ხელოვანების ნამუშევრების ნახვა, რადგან მათი შემოქმედება ხშირად ახალ იდეებს მაძლევს.
როდის დაიწყე ფიქრი იმაზე, რომ ხელოვნება შესაძლოა მომავალ პროფესიადაც გექცია?

-ამაზე ფიქრი დაახლოებით 5-6 წლის ასაკიდან დავიწყე. თუმცა, რაც უფრო ვიზრდებოდი და ვრწმუნდებოდი, რომ ხატვა ნამდვილად ჩემი იყო და სწორედ ეს მიმართულება მანიჭებდა ყველაზე დიდ სიამოვნებას, მით უფრო გამიჩნდა სურვილი, რომ ხელოვნება მომავალში  პროფესიად მექცია. ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ ის, რომ ხელოვნება მიყვარდა, არამედ ისიც, რომ ამ სიყვარულს ჩემი მომავალი საქმიანობის სახე მისცემოდა.
ჩვენთან საუბრისას გრაფიკული დიზაინი განიხილე როგორც სამომავლო პროფესია. კონკრეტულად რა გიზიდავს ამ სფეროში?

-გრაფიკულ დიზაინში განსაკუთრებით მიზიდავს ის, რომ შემიძლია ჩემი ხატვის უნარი თანამედროვე და ციფრულ სამყაროს დავუკავშირო. ძალიან მაინტერესებს ანიმაციური სკეჩების შექმნა, პერსონაჟების ვიზუალურად გაცოცხლება და ისეთი იდეების დამუშავება, რომლებსაც საკუთარი სტილი და ხასიათი ექნება.
ასევე ძალიან მიზიდავს ცნობილი ბრენდებისთვის ლოგოებისა და ვიზუალური იდენტობის შექმნის პროცესი. საინტერესოა, როგორ შეიძლება ერთი სიმბოლოს, ფორმის ან ფერის საშუალებით ადამიანმა ბრენდის ხასიათი და იდეა გადმოსცეს.
ვფიქრობ, გრაფიკული დიზაინი მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი ფანტაზია მხოლოდ ქაღალდსა და ტილოზე კი არა, ციფრულ სივრცეშიც გადავიტანო.

შენი აზრით, რა აერთიანებს ხატვასა და გრაფიკულ დიზაინს და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

-ხატვასა და გრაფიკულ დიზაინს ყველაზე მეტად კრეატიულობა და საკუთარი იდეების ვიზუალურად გამოხატვა აერთიანებს. ორივე მიმართულებაში მნიშვნელოვანია ფანტაზია, ფერები და საკუთარი სტილის შექმნა. განსხვავება კი ის არის, რომ ხატვისას უფრო თავისუფლად შეგიძლია გამოხატო საკუთარი ემოცია და წარმოსახვა, გრაფიკულ დიზაინს კი ხშირად კონკრეტული მიზანი და დანიშნულება აქვს.

მომავალში თუ გრაფიკული დიზაინერი გახდები, როგორი ტიპის პროექტებზე ისურვებდი მუშაობას?

-მინდა, ვიმუშაო ისეთ პროექტებზე, რომლებიც შემოქმედებით თავისუფლებას მომცემს – განსაკუთრებით მაინტერესებს ანიმაციური სკეჩები, პერსონაჟების შექმნა, ილუსტრაციები, ბრენდებისთვის ლოგოებისა და ვიზუალური იდენტობის შემუშავება. მინდა, ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ლამაზი ვიზუალური გამოსახულება არ იყოს და მათში ყოველთვის იგრძნობოდეს კონკრეტული იდეა, ხასიათი და  საკუთარი სტილი.

ამბობ, რომ შენი ბავშვობის ოცნება საკუთარი სივრცის შექმნა იყო, სადაც ბავშვებს ხატვას ასწავლიდი. დღესაც გაქვს ეს სურვილი? როგორი იქნებოდა შენი იდეალური შემოქმედებითი სივრცე?

-დიახ, პატარაობიდან ჩემი ოცნება იყო პატარა, მყუდროდ მოწყობილი სივრცის შექმნა, სადაც ბავშვებს ხატვას ვასწავლიდი. ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ისინი თავს ყველაზე კარგად და ბედნიერად იგრძნობდნენ და ისეთი სითბო და კომფორტი დახვდებოდათ, რომ  წასვლა აღარ მოუნდებოდათ.

ზუსტად ასეთი სივრცის შექმნა მინდა, ადგილი, სადაც ხელოვნება, სიხარული და მეგობრობა ერთად იქნება.
თუ მომავალში მართლაც შექმნი ასეთ სივრცეს, რას ასწავლიდი ბავშვებს ყველაზე მეტად  ხატვის ტექნიკას თუ იმასაც, როგორ გამოხატონ საკუთარი თავი ხელოვნების საშუალებით?

-ბავშვებს ვასწავლიდი როგორც ხატვის ტექნიკას, ასევე იმას, თუ როგორ დაიმკვიდრონ საკუთარი თავი ხელოვნებაში და როგორ აქციონ ხატვა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. ჩემთვის ისინი მხოლოდ მოსწავლეები არ იქნებოდნენ. მინდა, მათთვის ვიყო არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ კარგი მეგობარი და ადამიანი, რომელსაც საკუთარ ფიქრებსა და ემოციებს გაუზიარებენ.

რა რჩევას მისცემდი იმ ბავშვებს, რომლებსაც ხატვა უყვართ, მაგრამ ფიქრობენ, რომ „ნიჭი არ აქვთ“?

-ბავშვებს, რომლებსაც ხატვა უყვართ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ნიჭი არ აქვთ, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მთავარია მონდომება, სურვილი და შრომა. თუ რაღაც ნამდვილად გინდა, შეუძლებლად არაფერს უნდა მიიჩნევდე. სწავლისა და მცდელობის გზით ადამიანს შეუძლია ბევრ რამეს მიაღწიოს და საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს.

შენთვის რას ნიშნავს წარმატება?

– წარმატება ნიშნავს იმას, რომ გულში არსებული მიზნები და ოცნებები მთელი გულითა და მონდომებით ავისრულო. წარმატებული მაშინ ვიქნები, როცა ჩემი შრომით შევძლებ იმ ადამიანების გახარებას და სიამაყის განცდის მიცემას, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა. განსაკუთრებით მინდა,  მშობლები გავაბედნიერო და ვაგრძნობინო, რომ მათი მხარდაჭერა და ჩემში ჩადებული ძალისხმევა ამად ღირდა. სწორედ ეს არის ჩემთვის წარმატება.

და ბოლოს, როგორი წარმოგიდგენია მარიამ გიორგაძე რამდენიმე წლის შემდეგ, სად ხარ, რას აკეთებ და როგორი ხელოვნებაა შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი?

-რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი თავის წარმომიდგენია რომელიმე საინტერესო და კრეატიულ ოფისში, სადაც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ვიმუშავებ და ძალიან კარგ, განსხვავებულ და გამორჩეულ ნამუშევრებს შევქმნი. თუმცა, სამსახურის გარდა, მინდა მქონდეს  პატარა, მყუდროდ მოწყობილი ოთახიც, სადაც ჩემს უსაყვარლეს დიდ თუ პატარა მოსწავლეებს ხატვას ვასწავლი.
მინდა, ორივე მიმართულება ჩემი ცხოვრების ნაწილი იყოს –  პროფესიული საქმიანობაც და ის პატარა შემოქმედებითი სივრცეც, სადაც ბავშვებთან ერთად ყველაზე ბედნიერი ვიქნები.

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები