85 წელი, ერთი ქალაქი და უამრავი მოგონება, ანზორ გიგინეიშვილის ცხოვრების ისტორია ბოლნისის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილსაც ინახავს. ფეხბურთელი, მწვრთნელი, ავტოტექმომსახურების სფეროში ათწლეულების განმავლობაში მომუშავე ადამიანი – მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი ერთმანეთთან სწორედ ბოლნისმა დააკავშირა. დღეს, როცა განვლილ გზას იხსენებს, განსაკუთრებულად გამოყოფს ადამიანებს, მეგობრობას, ოჯახს და იმ ქალაქს, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ცხოვრების დიდი ნაწილი შეალია.
ანზორ გიგინეიშვილი 1941 წლის მაისში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში დაიბადა. მამის, კონსტანტინე გიგინეიშვილის, ომში გაწვევის შემდეგ, ოჯახი ბოლნისის რაიონში ჩამოვიდა. მაშინ ანზორი მხოლოდ შვიდი თვის იყო. სწორედ ბოლნისი გახდა მისი ბავშვობის, ახალგაზრდობისა და შემდეგ უკვე მთელი ცხოვრების მთავარი ადგილი.
ფეხბურთი მის ცხოვრებაში 12 წლის ასაკში შემოვიდა. ბავშვობის ამ პერიოდს განსაკუთრებით უკავშირდება მისი მეგობრობა როლანდ ისიანთან, რომელთან ერთადაც სწავლობდა და ფეხბურთს თამაშობდა. როგორც თავად იხსენებს, საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელებად მარღანია და კუბლაშვილი ჰყავდათ.
ფეხბურთი ჩვენი რესპოდენტისთვის მხოლოდ გატაცება არ ყოფილა, ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ბოლნისში „სიონის“ შექმნამდე არსებობდა გუნდი „მევენახე“, რომლის მწვრთნელის მოვალეობასაც ბატონი ანზორი ასრულებდა. 1975-76 წლებში გუნდი საფეხბურთო კლუბ „სიონად“ გადაკეთდა, 1977 წელს კი გიგინეიშვილი მის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
მანამდე იყო სხვა პასუხისმგებლობებიც, 1971-72 წლებში სპორტკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, 1973 წელს კი ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანის ავტოტექმომსახურების უფროსად დანიშვნა. სწორედ ამ საქმიანობას დაუკავშირდა მისი ცხოვრების მეორე, განსაკუთრებით ხანგრძლივი ეტაპი.
თუმცა ფეხბურთი კვლავ ელოდა. 1977 წელს „სიონი“ მეორე ჯგუფში თამაშობდა და არსებობდა საფრთხე, რომ გუნდი ლიგას დატოვებდა. რაიონის ხელმძღვანელობის თხოვნით, ანზორ გიგინეიშვილი გუნდში მწვრთნელად დაბრუნდა და ოთხი წლის განმავლობაში, 1977-1981 წლებში, კვლავ სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად კი „სიონის“ პირველ ჯგუფში გადასვლას მიიჩნევს.
„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საამაყო გასახსენებელი იქნება, სანამ ვიცოცხლებ“, — ამბობს ანზორ გიგინეიშვილი.
მისთვის ეს მხოლოდ სპორტული შედეგი არ ყოფილა. გუნდის მიღწევის უკან ფეხბურთელების შრომა და ის წლები იდგა, რომლებიც მათ ერთად გაატარეს. სწორედ იმ თაობას იხსენებს განსაკუთრებული სითბოთი. თაობას, რომელიც მის თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა.
„ყველაზე თბილად მახსენდება წინა თაობის ბოლნისი, სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი და მწვრთნელად ვმუშაობდი, რადგან ეს თაობა ჩემს თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა“, – ამბობს ის.
ფეხბურთის შემდეგ მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობა ავტოტექმომსახურება გახდა. 1973 წლიდან დღემდე ამ სფეროს 53 წელი მიუძღვნა.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ სამსახურმა იგი უამრავ ადამიანთან დააკავშირა. ზოგთან მეგობრობა წლების განმავლობაში გაგრძელდა, ზოგი ადამიანი კი დღეს მხოლოდ მოგონებებში რჩება. გიგინეიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბევრი კარგი მეგობარი დააკლდა და, რა თქმა უნდა, მათ დაკარგვას დღემდე განიცდის.
მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ტრაგედია 1987 წელს მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის შვილი დაეღუპა. ამ მძიმე პერიოდის გადატანაში კი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და ბოლნისელები ედგნენ გვერდით.
„ეს განვლილი წლები შევალიე მათ სიყვარულს და კეთილდღეობას“, – ამბობს იგი იმ ადამიანებზე საუბრისას, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მის გვერდით იყვნენ.
მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 1966 წელია – წელი, როდესაც ოჯახი შექმნა და ცხოვრება საყვარელ მეუღლეს, გულნაზი გიგინეიშვილს, დაუკავშირა. მეუღლის მხარდაჭერას ანზორ გიგინეიშვილი საკუთარი წინსვლისა და წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მიიჩნევს. ერთი წლის შემდეგ, 1967 წელს, ის მამა გახდა, მოგვიანებით კი – ბაბუა. დღეს მისი ოჯახი შვილებს, რძლებს, სიძეებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს აერთიანებს.
თუ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებს გამოყოფს, პროფესიულ წარმატებებთან ერთად, სწორედ ოჯახსა და ადამიანურ ურთიერთობებს ასახელებს. ჩვენთან საუბარში ამბობს – „ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ქალაქით, ოჯახით, მეგობრებით, თითოეული ადამიანით, ვინც მე მხარდაჭერა და სიყვარული მაჩუქა“.
მისი მონათხრობიდან ბოლნისი მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვობა გაატარა, ფეხბურთი ითამაშა, იყო მწვრთნელი, პროფესიული საქმიანობა დაიწყო, მეგობრები შეიძინა, ოჯახი შექმნა და ათწლეულების განმავლობაში ადამიანებთან ერთად იცხოვრა.
ბოლნისი მის თვალწინ იცვლებოდა, იცვლებოდნენ ადამიანებიც, მაგრამ წარსულთან კავშირი მის მოგონებებში დღემდე ცოცხალია. განსაკუთრებით კი ის პერიოდი, როდესაც ფეხბურთი მისი ყოველდღიურობის ნაწილი იყო და „სიონის“ გარშემო ცხოვრობდა.
85 წლის ასაკში საკუთარ ცხოვრებას მიღწევების ჩამონათვალით არ აჯამებს. მის პასუხებში ისევ ადამიანები და სიყვარული რჩება – ოჯახი, მეგობრები, ფეხბურთელები, კოლეგები და ბოლნისელები.
ხოლო კითხვაზე, მომავალში როგორ უნდა დაამახსოვრდეთ ადამიანებს ანზორ გიგინეიშვილი, პასუხი მოკლე და თავმდაბლურია:
„ეს უკვე ჩემი საყვარელი ბოლნისელების გადასაწყვეტია, როგორ ისაუბრებენ და დაამახსოვრდებათ ანზორ გიგინეიშვილი.“
ალბათ, საბოლოოდ, ადამიანის ცხოვრების ისტორიას მართლაც ყველაზე კარგად ის ადამიანები აგრძელებენ, რომლებიც მას გზაზე შეხვდნენ.
მარიამ ონიანი










