ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2025–2026 წლების წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ლაურა დურგლიშვილის, სპორტსმენების: ნინი მამარდაშვილის და გიორგი მიქაცაძის ხსოვნას. შეხვედრაზე 150 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი, რომელთა მიღწევებიც შრომის, მიზანდასახულობისა და სპორტისადმი ერთგულების შედეგია. სპორტსმენების მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და მათ შემდგომი წარმატებები უსურვეს მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ და პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ. საზეიმო ვითარებაში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც. ასევე გაიმართა სპორტული დაწესებულებების დაჯილდოება, რითაც აღინიშნა მათი წვლილი სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში. სპორტსმენებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარმატებულ სპორტსმენებს, მიღწეული შედეგების შესაბამისად, ფულად ჯილდოებს გადასცემს, ასევე ენიშნებათ სტიპენდიები. სპორტსმენების დაჯილდოება ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და შემდგომი გამარჯვებებისთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
ბოლნისის ამაყი თაობა — სპორტული მიღწევები და წარმატების აღიარება
მსგავსი სტატიები




