სიმინდის ფუჩეჩი ელენე გოგებაშვილის ხელში უჩვეულო ფორმებსა და დანიშნულებას იძენს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში მცხოვრები ქალი ბებიისგან ნასწავლ ტრადიციულ ხელობას დღემდე აგრძელებს, საკუთარ გამოცდილებას ბავშვებს უზიარებს და ცდილობს, ჩალისგან ქსოვის ძველი ტრადიცია მომავალ თაობას გადასცეს. 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ქალების მნიშვნელობას, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად ინარჩუნებენ ტრადიციებს, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს და თაობიდან თაობას გადასცემენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. ხელობა ელენემ ბებიისგან ისწავლა. განსაკუთრებული მონდომებით კი სკოლის პერიოდში დაეუფლა, როდესაც საკუთარი ნამუშევრებით სასკოლო ღონისძიებების გაფორმებაში მონაწილეობდა. „ბავშვობაში მასწავლა ბებიამ და დიდი გულისხმიერებით ავითვისე ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, სკოლას ვეხმარებოდი ღონისძიებების გაფორმებაში“, იხსენებს ელენე გოგებაშვილი. წლების განმავლობაში ბავშვობის გატაცება მისთვის შემოქმედებით საქმიანობად იქცა, რომელიც დღესაც სიამოვნებას ანიჭებს და შინაგანი სიმშვიდის პოვნაში ეხმარება. სიმინდის ფუჩეჩისგან ნივთების შექმნა დიდ შრომას, მოთმინებასა და სიზუსტეს მოითხოვს. პროცესი ჯერ კიდევ სიმინდის მოსავლის აღებისას იწყება, საჭიროა საუკეთესო ჩალის შერჩევა და მისი მშრალ ადგილას შენახვა. ქსოვის დაწყებამდე კი მას ატენიანებენ, რათა მასალა დამუშავებისთვის უფრო მოქნილი გახდეს. როგორც ელენე აღნიშნავს, ქსოვის მომზადების ეტაპიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. „ამ ყველაფერს დიდი მუშაობა უნდა. სიმინდის გარჩევის დროს უნდა აირჩეს საუკეთესო ფუჩეჩი და შევინახოთ მშრალ ადგილას. შემდეგ, ქსოვის დაწყების წინ, ვასველებთ და ვიწყებთ ქსოვას“, — გვიყვება ის. ელენესთვის ეს ხელობა მხოლოდ ლამაზი ნივთების შექმნა არ არის. მიღებულ ცოდნას ის სხვებსაც უზიარებს. სამსახურში ბავშვებს ფუჩეჩით ქსოვას, მასალის სწორად შერჩევასა და შენახვას ასწავლის. „ჩალით ქსოვა სამსახურში გამომადგა. ბავშვებს ვასწავლი ჩალით ქსოვას, მის მოძიებასა და შენახვას. როდესაც ქსოვა დავიწყე, ბევრმა ამ ხელობის შესახებ არაფერი იცოდა. ვასწავლე დიდებსაც და პატარებსაც. რა თქმა უნდა, ბევრი დაინტერესებულია და ეს მახარებს“, — ამბობს ელენე გოგებაშვილი. მისი ნამუშევრები სხვადასხვა გამოფენაზეც არის წარმოდგენილი. ელენე ხელნაკეთ ნივთებს ზოგჯერ ყიდის კიდეც, თუმცა მათი ღირებულების სწორად აღქმა ყოველთვის მარტივი არ არის. ჩალისგან თითოეული ნივთის შექმნას დიდი დრო და შრომა სჭირდება, მაგრამ ყველას არ ესმის, რამდენი ძალისხმევა დგას ერთი შეხედვით უბრალო მასალისგან დამზადებული ნივთის უკან. „რეალიზაციასაც ვახდენ, თუ გავიმეტე, რადგან ჩალისგან ნაქსოვი ნივთი ზოგს ჩალის ფასად უნდა, ზოგს კი, ოღონდ შეიძინოს და არ უკვირს ის ფასი, რასაც დავადებ“, — აღნიშნავს ელენე. ელენე გოგებაშვილის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიური შრომა, შემოქმედება და გამოცდილება. მათი ხელით შექმნილი ნივთები არა მხოლოდ ესთეტიკურ ღირებულებას ატარებს, არამედ თაობიდან თაობას გადაცემულ ცოდნასა და ტრადიციასაც ინახავს. სიმინდის ფუჩეჩისგან მოქსოვილ თითოეულ კალათაში ბებიისგან მიღებული ცოდნა, წლების გამოცდილება და საქმის სიყვარულია ჩაქსოვილი. ელენე კი ამ ტრადიციის გაგრძელებით ცდილობს, ძველი ხელობა მომავალ თაობებსაც შემორჩეს.












