ბოლნისში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განხორციელებული პროექტის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც პირველკლასელები ჩაერთვნენ. სოფელ რატევანში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე 600-მდე პირველკლასელმა 8 სახეობის ნერგი დარგო. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, თითოეული დარგული ნერგი სპეციალურ პლატფორმაზეა რეგისტრირებული, სადაც მისი ადგილმდებარეობისა და მოვლის შესახებ ინფორმაციის ნახვა იქნება შესაძლებელი. გარემოსდაცვით ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი შეუერთდნენ. პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და გამწვანების პროცესში მათ აქტიურ ჩართვას. პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება, რომელსაც რეგიონალური სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები და რესურს ცენტრები უჭერენ მხარს.




