ახალგაზრდა ფოტოგრაფი მარიამ ჭილაია უკვე 10 წელია წამიერ მოვლენებს სამარადისოდ აქცევს და კადრებით, რომლებიც სიტყვებზე მეტია, ლამაზ ისტორიას წერს. კამერის ღილაკზე ერთი თითის შეხებით ქმნის ფოტოებს. მათი საშუალებით ცოცხალ ემოციებს, მნიშვნელოვან მომენტებს ინახავს და „მოგონებების ალბომში“აგროვებს .
„პროფესია სიყვარულით ავირჩიე.10 წელია ეს საქმე ჩემი ყოველდღიურობისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება კამერისა და გადაღების გარშე. ყველაზე მეტად რაც ჩემს საქმიანობაში მიყვარს, არის ის, რომ ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ის მოგონებების უდიდესი ალბომი, ადამიანების ისტორიებია. ჩემთვის თითოეული ფოტო არის აღბეჭდილი მომენტი, რომელსაც წლების შემდეგაც შეუძლია იმავე ემოციის დაბრუნება. ზუსტად ესაა ფოტოგრაფია, თითოეული ისტორიის კადრის შენახვის ხელოვნება.“
მარიამისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ასევე, ფირის კამერით მუშაობა. ამბობს, რომ ციფრული ფოტოგრაფიისგან განსხვავებით, მას სულ სხვა ხიბლი და ესთეტიკა აქვს., სადაც შეგიძლია ასობით კადრი „ჩააჩხაკუნო“და იქვე წაშალო. ფირი კი, სულ სხვა დისციპლინას მოითხოვს.
„ აქ ყოველი კადრი განსაკუთრებულად უნდა შეიქმნას, რადგან ფირი უსასრულო გამეორების საშუალებას არ გაძლევს. თითოეულ ღილაკზე დაჭერას თავისი მნიშვნელობა აქვს. ეს პროცესი გასწავლის, რომ ყველაზე ლამაზი შედეგები მოთმინებას მოაქვს. ფირის ფოტოგრაფია ჩემი საყვარელი საქმიანობაა მოგზაურობის დროს, ხოლო მასზე აღბეჭდილი კადრი ისტორიის საუკეთესო ნაწილია.“
უყვარს ადამიანები თავისი ისტორიებით, ხასიათით, ემოციებით. იღებს პორტრეტებს, სადაც ეს ყველაფერი ცოცხლად გადმოიცემა. მუშაობს საქორწილო ფოტოსესიებსა და ღონისძიებებზე. აქვს საკუთარი ფოტოსტუდია. აქ იქმნება ვიზუალური ისტორიები. თითოეული დეტალი :განათება, ფერი, რაკურსი კი მის ავტორულ ხელწერას უსვამს ხაზს.



მარიამ ჭილაია თავის შემოქმედებაში ხელოვნებისა და პროფესიის სინთეზს ქმნის – ფოტოგრაფის შინაგანი ხედვა და ტექნიკური ოსტატობა ერთმანეთს ერწყმის.
„ფოტოგრაფი მხოლოდ იმას არ ხედავს, რაც ობიექტივში ჩანს. კადრს მიღმა ყოველთვის არის ემოცია, ადამიანის ხასიათი, განწყობა, მისი ისტორია და ის პატარა დეტალები, რომელიც ფოტოს სიცოცხლეს სძენს. ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის წამია, რომელიც დაუგეგმავად ხდება.
ფოტოგრაფია, რა თქმა უნდა, ხელოვნებაა. ერთი კადრით შეგიძლია ის თქვა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. პროფესიას რაც შეეხება, მხოლოდ მაშინ არის ადამიანი ყველაზე ბედნიერი, როდესაც მისი პროფესია და ხელოვნებისადმი დამოკიდებულება ერთიანდება. ჩემთვის ფოტოგრაფია სწორედ ეს კავშირია .“
მარიამ ჭილაიას მომავალი პროფესია ოჯახმა განაპირობა. კამერისადმი მისი სიყვარული ბავშვობის ასაკიდან იწყება. ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, რელიქვიად ქცეული „უცნაური“ ნივთის მიმართ, რომელიც ხელშეუხებელი იყო. ეს ფირის ფოტოაპარატი იყო.
„ ბავშვობიდან მქონდა კავშირი კამერასთან. მახსოვს, ბაბუას ფირის აპარატი გვქონდა სახლში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ხელშეუხებელი იყო. მხოლოდ შორიდან ვათვალიერებდი და მიკვირდა, რატომ ემეგობრებოდა ამ ნივთს სამხედრო პირი. ალბათ, ბაბუამ შემოიტანა ფოტო აპარატის სიყვარული ოჯახში, რადგან ამის შემდეგ მუდმივად გვქონდა სხვადასხვა სახის ფირის კამერები, რომლითაც ოჯახის წევრები ჩემს ბავშვობას აფიქსირებდნენ. ძალიან ვუფრთხილდები თითოეულ ფოტო-კადრს და მიყვარს ყველა მოგონება. აქედან დაიწყო ჩემი გაუცნობიერებელი კავშირი ფოტოგრაფიასთან.


მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ყოველთვის ვირჩევდი ისეთ საგნებს, სადაც ფოტო -რეპორტაჟული დავალებები მექნებოდა. მოხიბლული ვიყავი ამ პროექტებზე მუშაობით. მქონდა პატარა ციფრული კამერა და სხვადასხვა ფოტო-კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას. რამდენიმე კონკურსში ერთდროულად გავიმარჯვე; საქართველოს ბანკის, საქართველოს ფოსტის, სილქნეტის პროექტებში. ამ გამარჯვებებმა მომცა რწმენა და სტიმული მომავალი პროფესიის. ტელემედიის მაგისტრი ვხდებოდი, როცა გადავწყვიტე და პროფესია სხვა მიმართულებით ავირჩიე – ფოტოგრაფია. მივხვდი, რაც იყო ჩემი საქმე. დავიწყე ფოტოგრაფიისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. ეს ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.“
ფოტო -პროექტი, რომელსაც მარიამ ჭილაიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია-ფოტოგრაფი თავად ხვდება კამერის ობიექტივში. მან საკუთარი მშობიარობის წამები სამუდამოდ შემოინახა და ხელოვნებად აქცია. ფიზიკური ტკივილის მიუხედავად, შეძლო და შვილის დაბადების პირველი ემოციები, მასთან შეხვედრის სიხარული, პირველი ამოსუნთქვა და პირველი ცრემლები კადრებად აღბეჭდა. დედის და ფოტოგრაფის როლი ამ დროს ორია და ორივე ძლიერი.
„ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.ამის დასტურად ყველაზე ძვირფასი წამები – საკუთარი მშობიარობა გადავიღე. შვილის დაბადება, მისი სუნთქვა ყველზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი მომენტია. ძალიან მსურდა საკუთარი მშობიარობა ფოტოზე აღმებეჭდა. გადავწყვიტე ფოტოები თავად გადამეღო და მე ეს შევძელი. ეს იყო ფოტო-პროექტი, რომელმაც ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია. ამ გამბედაობისთვის კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის“



ამბობს, რომ ფოტო უბრალოდ ლამაზი კადრი არაა. თითოეული მათგანი უნიკალურ ისტორიებს გადმოსცემს. მარიამის ისტორია კი დიდ ტკივილსა და მოუშუშებელ იარას ინახავს – შვილის გარდაცვალებას. ცხოვრების ყველაზე მძიმე დროს სწორედ საყვარელმა საქმემ მისცა ძალა. ამიტომ ფოტოგრაფია მისთვის მხოლოდ პროფესია არ არის. კამერის ხელში აღებით ნაბიჯ -ნაბიჯ, ნელ -ნელა კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლის რიტმს საკუთარი რეალობითა და შინაგანი სიმტკიცით.
„ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდია. შვილის გარდაცვალების შემდეგ იყო დრო, როდესაც მეგონა ვეღარაფერს გავაკეთებდი. დრო დამჭირდა, ოჯახის და მეგობრების დახმარებით, რომ დავბრუნებოდი იმ საქმეს, რაც მაბედნიერებდა. ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ პროფესია აღარ იყო. კამერის ხელში აღება ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების მცდელობად იქცა. ფოტოგრაფია მაძლევდა საშუალებას, ისევ ადამიანებთან ვყოფილიყავი, ისევ დამენახა სიცოცხლე, სიყვარული და ის პატარა ბედნიერი წუთები, რომლებიც ყველაზე რთულ დროსაც არსებობს. შეიძლება ითქვას, ჩემმა საქმემ გადამარჩინა.
ბევრი ღირებული ფოტოსესია მაქვს ჩემს ფოტო არქივში. განსაკუთრებით ემოციურია და ყველასგან გამოვარჩევ საკუთარი ემოციების კადრებად გადმოტანას პირადი ტრაგედიის შემდეგ. კამერა გახდა ჩემი გადამრჩენელი, რომ არა ეს კონკრეტული ფოტოსესია, არ ვიცი გავაგრძელებდი თუ არა ისევ იმ საქმის კეთებას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო მასწავლა ყოველი წამის და ადამიანის დაფასება. ალბათ ამიტომ ვუყურებ თითოეულ ფოტოს, არა მხოლოდ ლამაზ კადრს, არამედ, როგორც უნიკალურ ისტორიას, რომელიც აღარასოდეს განმეორდება.“




ამბობს, რომ სამყაროს ბავშვობიდან სხვა თვალით აღიქვამს. დანახული მის გონებაში სხვადასხვა ვერსიით მჟღავნდება. შემდეგ ცდილობს ეს ვერსიები კადრებად გადმოსცეს. “ჩემი მიზანია ისე გადმოვიტანო სამყარო თუ მოვლენები კადრებად, რამდენად ემოციურადაც აღვიქვამ მას.“
ბავშვობის ოცნება მოგზაურობა იყო, დღეს ეს ოცნება რეალობად აქცია.
„ყველაზე მეტად ისეთი ისტორიების მოყოლა მინდა, რომლებიც ადამიანებში ემოციას ტოვებს და დროს უძლებს. ამიტომ, მინდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული კულტურები და ადამიანები გავიცნო. რაც შეიძლება, ბევრი მასალა მქონდეს მათი პორტრეტებისა და გულწრფელი ემოციების.“



მარიამ ჭილაიას ფოტო- კამერის ობიექტივიდან მშობლიური ქალაქი- ბოლნისი სულ სხვანაირად ჩანს. რომელიც თავის ისტორიას, სიონისა და წუღრუღაშენის თაღებიდან და ორნამენტებიდან ჩურჩულებს, ადამიანები კი თავისი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მოგვითხრობენ.
„ბოლნისი ჩემთვის მხოლოდ ქალაქი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ისტორია დაიწყო. აქ დავიბადე, გავიზარდე, ჩამომიყალიბდა ღირებულებები, აქ დამიგროვდა უამრავი ემოცია. ბოლნისს უკავშირდება ჩემი სიყვარული ფოტოობიექტივის მიმართ. ბოლნისში მხოლოდ მის განსაკუთრებულ არქიტექტურასა და ქუჩებს არ ვხედავ. როცა ჩემს ქალაქში დამიგეგმია ფოტოსესია, მაშინ უკეთესად გამიაზრებია, რომ ამ პატარა ქალაქის კადრებში, პირველ რიგში, ადამიანებია. მათი ემოციები, გულწრფელი ღიმილი, შრომა, ოჯახური ურთიერთობები და ის უბრალო, მაგრამ ძალიან ღირებული მომენტებია, რომლებიც ყოველდღიურობაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ვფიქრობ, ქალაქს სწორედ ადამიანები ქმნიან და მათი ისტორიებია ის, რაც ნებისმიერ ადგილს განსაკუთრებულს ხდის. ჩემს ფოტოებში ბოლნისი არა მხოლოდ როგორც ქალაქი, არამედ როგორც ადამიანებით სავსე, თბილი და ცოცხალი ადგილის მოგონებად დარჩა.“
ვინ იქნებოდა მარიამ ჭილაია, ფოტოგრაფი რომ არ ყოფილიყო? ამბობს -ალბათ ის, ვინც ბევრს დაწერდა ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე. რადგან, ამ ორ სფეროს შორის ბევრი საერთოა. ორივე ადამიანის სულისა და ისტორიის დანახვასა და გადმოცემას ემსახურება. ერთი კამერით გამოხატავს ემოციებს, მეორე კი – სიტყვებით.
მაია გავაშელი









