დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, 17 წლის მარიამი არაერთი თხზულებისა და ნოველის ავტორია. მარიამმა სულ ცოტახნის წინ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ვწერ თავისუფალ თემას“. მის მიერ დაწერილმა ნაშრომმა ჟიურის მოწონება და სიმპათია დაიმსახურა.
-16 მაისს დაიწყო კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ შესარჩევი ტური, რომლის გადალახვის შემდეგ გავხდი ფინალის მონაწილე. მოგვიანებით კი მიმიწვიეს დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც ჩემმა ნაწარმოებმა ჟიურის სიმპათია დაიმსახურა. ჩემს მიერ არჩეული თემის სათაურია : „მე ვთხოვე ხეს, მოეყოლა რაიმე ღმერთზე და ის აყვავდა“. თემების დასახელების პირველივე წამიდან ვიცოდი, რომ სწორედ ეს გახდებოდა ის, რაც მე უნდა დამეწერა. აღნიშნული სათაური ხაზს უსვამს ჩემთვის და ქართველებისთვის ფუნდამენტურ ფასეულობას – ადამიანისა დ ღმერთის ურთიერთობას. შესაბამისად, გადავწყვიტე დამეწერა თხზულება, რომელშიც ზოგად განათლებასა და ლიტერატურულ პარალელებს დავაკავშირებდი ჩემეულ ინტერპრეტაციასთან, ხედვასთან და აღქმასთან. ვფიქრობ, საგულისხმო სწორედ, მსჯელობის უნარი და ის ლოგიკური კავშირებია, რისი დახმარებითაც იქმნება თავისუფალი თემა. ნაწარმოების გასწორებისას, ალბათ, ამას მიექცა ყურადღება.

-„მე ვთხოვე ხეს მომიყევი რაიმე ღმერთზე და ის აყვავდა“ -კონკურსისთვის დაწერილი თქვენი ნაშრომის სათაური იყო რაბინდრანათ თაგორის ეს ციტატა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ თემის ეს დასახელება აგერჩიათ ?
– დიახ, თემის სათაურია : „მე ვთხოვე ხეს მომიყევი რაიმე ღმერთზე და ის აყვავდა“. -რაბინდრანათ თაგორის ეს პოეტური აფორიზმი, მინიატურა. მისი ჟანრი ყველაზე მეტად პოეზიას და ფილოსოფიურ ლირიკას მიეკუთვნება. ჩემს მიერ დაწერილი თემა ეხება ღმერთისა და ადამიანის უწყვეტ კავშირს, შემოქმედის როლს და მის სიდიადეს, რაც თხზულებაში ჩემეული ინტერპრეტაციით აღვწერე. თხზულება სავსეა პარადოქსებითა და ფილოსოფიური ციტატებით, რომლებიც ჩემი ნაშრომის ერთ-ერთ დამახასიათებელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყოველთვის ვცდილობ, არ მქონდეს შაბლონური ხედვა. ნაწერი ერგებოდეს ყველა ტიპის მკითხველს. თავისუფალი აზროვნება და სუბიექტური შეხედულებები ჩემთვის პრიორიტეტულია.
-„წერე თავისუფალი თემა“- კონკუსში მონაწილეობამ რისი შესაძლებლობა მოგცათ?
-ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა (იმ სიხარულთან ერთად, რაც განვიცადე ჟიურის შეფასების გაგების შემდეგ) გახდა უდიდესი გამოცდილების მომცემი. აგრეთვე, დამეხმარა, აქამდე არსებული შიშის დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. „ცოცხალ რეჟიმში“ წერასთან, სადაც დროც შეზღუდულია, ჩემი შესაძლებლობების გამოვლენაში. დამაფიქრა ბევრ საკითხზე.
-მარიამ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსების არსებობა და მასში ახალგაზრდების ჩართულობა ?
-ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს წერა და არ იცის, სად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, აუცილებლად ვურჩევ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. მსგავსი კონკურსების არსებობა, ვფიქრობ, აუცილებელია. განსაკუთრებით ისეთი ქეყნისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. საქართველო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სამყაროა, შედევრთა სახლ-მუზეუმია. ის ხელს უწყობს ახალგაზრდების შესაძლებლობების წარმოჩინებას, ასევე ჩვენი ერის ფასეულობების შენარჩუნებას.
კონკურსის მონაწილეების ნაშრომების წაკითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს ჩვენს ქვეყანას.
-როგორც ვიცით, თქვენი ნამუშევარი დაიბეჭდება 2027 წლის „ვწერ თავისუფალ თემას“ გამორჩეულ ნაშრომთა კრებულში. ეს უკვე დიდი წარმატებაა. აქვე რომ გვითხრათ, რომელ ასაკში დაიწყეთ წერა? სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ და რა არის ის ძირითადი მიმართულება, რაზეც წერთ?
-13 წლის ასაკიდან ვწერ. თავდაპირველად დავიწყე მოთხრობებისა და ნოველების წერა. შემდეგ პიესების, რომლებიც სასკოლო სივრცეში დავდგი ჩემს მეგობრებთან ერთად. მოთხრობები საკმაოდ ბევრი მაქვს დაწერილი. ჩემს ნაწერებს ერთი კონკრეტული მიმართულება არ აქვს. პროზის შინაარსი დამოკიდებულია მუზაზე და იმ საკითხზე, რისი გაშიშვლებაც ვფიქრობ, აუცილებელია. ვცდილობ ბევრი ვწერო ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, რომლებიც ეპოქის ცვლილებასთან ერთად არ კარგავენ აქტუალობას. ჩემი ერთ-ერთი პიესა „აღარასოდეს გაგიშვებ“-ნარკოდამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაზე და იმ შედეგებზე მოგვითხრობს, სადამდეც შეიძლება მივიდეს დაავადებული ინდივიდი. განსაკუთრებით მომწონს ფილოსოფიური ჟანრი. მიყვარს წერა ადამიანებზე და მის ღრმა ბუნებაზე.
-პარალელურად ეწევით ჟურნალისტურ საქმიანობასაც, ხართ KAZRETIPRESS-ის ახალი ამბების რედაქტორი.
-ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა იწყება 14-15 წლიდან, როდესაც დაბის ინგლისური ენის პედაგოგის, ნინო მელიქიშვილის ინიციატივით და ხელშეწყობით დაარსდა გაზეთი KAZRETIPRESS. მეც მალევე გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი, მოგვიანებით კი ახალი ამბების რედაქტორი. მომზადებული მაქვს არაერთი სტატია თუ სიუჟეტი, დაბაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვცდილობ, ჩვენი პრესა მოიცავდეს სხვადასხვა სფეროს. KAZRETIPRESS-ში მუშაობისას მივიღე უდიდესი გამოცდილება და სიამოვნება. ამისთვის კი მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგის, ნინო მელიქიშვილის, რომელმაც ახალგაზრდობას მოგვცა შესაძლებლობა გამოგვევლინა უნარები და გვქონოდა საკუთარი ონლაინ პორტალი.
-მარიამ, როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-სკოლის დამთავრებამდე მინდა, ჩემს გუნდთან ერთად დაბის განვითარების პროცესში შევიტანო წვლილი. მსურს, კაზრეთის შესახებ უფრო მეტმა გაიგოს. გაიცნოს მისი ისტორია და წარსული. ვცდილობ, ვაკეთოთ სასარგებლო საქმე, რომელიც თემს გამოადგება. თუ რამით შევძლებ დაბის უკეთესობისკენ შეცვლას – ეს მე გამაბედნიერებს. ყველა უნდა ვათვითცნობიერებდეთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რათა შევცვალოთ საკუთარი საცხოვრებელი გარემო უკეთესობისკენ.
მაია გავაშელი






