დაძაბული, ემოციური და სანახაობრივი ფინალური შეხვედრის შემდეგ, „ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2026“-ის გამარჯვებული, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდი გახდა. ფინალური მატჩი ბოლნისის პირველ და გარდაბნის პირველ საჯარო სკოლებს შორის გაიმართა. გუნდებმა გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლეს და გულშემატკივრებს საინტერესო შეხვედრა შესთავაზეს. გადამწყვეტი შეხვედრა, როლანდ ისიანის სახელობის მინი საფეხბურთო სტადიონზე ჩატარდა. მატჩს მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის წარმომადგენლები, სპორტსმენები, მწვრთნელები, პედაგოგები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა სპეციალური პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულ სპორტსმენებს, ასევე დაჯილდოვდნენ მესამე და მეორე ადგილზე გასული გუნდები. ტურნირის მთავარი ჯილდო და ჩემპიონთა თასი კი, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთელებს გადაეცათ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელმაც მონაწილე გუნდებს, ღირსეული ასპარეზობისთვის, მადლობა გადაუხადა, გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონობა მიულოცა და ახალგაზრდებს მომავალშიც წარმატებები უსურვა.
„ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით ტარდება და მისი მთავარი მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სპორტული კულტურის გაძლიერებაა. სასკოლო ლიგა, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახეობაში იმართება და მასში 500-მდე სკოლაა ჩართული. პროექტი მათ საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ. ფინალურმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სპორტი ახალგაზრდების განვითარებისა და წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო სასკოლო ლიგა ეს ის სივრცეა, სადაც გამარჯვებასთან ერთად მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და გუნდური სულისკვეთებაც იმარჯვებს.




