ანასტასია ინაძე ჯერ მხოლოდ ცხრა წლისაა და უკვე აქვს საყვარელი საქმიანობა. იგი სურნელოვან სანთლებს ამზადებს, შემდეგ დიდი რუდუნებით არჩევს შესაფუთ დიზაინს, ლამაზად აფორმებს და ადრესატს უგზავნის. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს პროცესი არც თუ ისე მარტივია – ზოგჯერ პატარა თითები ეწვება, არასწორ ტემპერატურაზე შეიძლება მასალა გაუფუჭდეს ან დაეღვაროს, თუმცა ამ ყველაფერს, ის სიყვარული და დადებითი ემოცია წონის, რომელსაც ტასო ხალხისგან იღებს.
სკოლიდან დაბრუნებული პატარა გოგონა მიუჯდება თავის ხელსაწყოებს, დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას სწორედ სურნელოვანი სანთლების მზადებით იღდგენს, თანაც სჯერა, რომ სანთლები სურვილებისა და ლოცვებისთვისაა და ისიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სანთელი დაამზადოს, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს სურვილის ჩაფიქრებისა და ლოცვის საშუალება Aromatas.არომატას სურნელოვან სანთლებთან ერთად.
-გამარჯობა, გილოცავ ახალ წელს, გისურვებ ბედნიერ და ფერად 2023 წელს. ტასო, პირველ რიგში მადლობა გვინდა გადაგიხადოთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდი. როგორც ვიცით, ულამაზეს სურნელოვან სანთლებს ამზადებ. მოგვიყევი, როგორ დაიწყო ეს პროცესი და თავდაპირველად, ვისი დახმარებით დაამზადე, ან საიდან გაჩნდა ეს იდეა?
-გამარჯობა, ასევე გილოცავთ ახალ წელს. ერთ დღეს ვინატრე მქონოდა ყველა ის ხელსაწყო და მასალა, რითაც შევძლებდი სანთლის დამზადებას, რადგან ყოველთვის მომწონდა სანთლები და მისი სურნელი, პირველად, დედას დახმარებით დავამზადე სურნელოვანი სანთელი, ვანილის არომატით, რომელიც ბაბუს მივუტანე საჩუქრად.
-პირველად რომელი ფიგურა დაამზადე დამოუკიდებლად და ვის მიუძღვენი შენი ნამუშევარი?
-პირველად დამოუკიდებლად დავამზადე სანთელი ფიგურით ბუ. დავამზადე მანამ, სანამ დედა დაბრუნდებოდა სახლში, რომ მისთვის მეჩუქებინა.
-ალბათ, სანთლების დამზადების პროცესი მარტივი არ არის, ნამუშევრებიდან ჩანს, რომ შესანიშნავად ართმევ თავს ამ რთულ, თუმცა სასიამოვნო პროცესს. სანამ ჩვენამდე ლამაზი, დახვეწილი, სურნელოვანი სანთლები მოვა, რა გზას გადის ტასოს ჯადოსნური თითები?
-ჩემი დამზადებული სანთლები შედგება ორი მასალისგან: ნატურალური სოიოს ცვილისა ან პარაფინისგან. თავდაპირველად მასალა უნდა გალღვეს ორთქლზე, ან უშუალოდ ცეცხლზე, შემდეგ კი ვუმატებ არომატიზატორსა და ფერს. მიღებულ მასას ვასხამ სასურველ ფიგურაში. ზოგჯერ თავად ვცვლი ფიგურის ფორმას სხვადასხვა გაფორმებით. ეს პროცესი, მარტივი არ არის, ხან თითები მეწვება, ხან მასალა ფუჭდება არასწორ ტემპერატურაზე, ერთხელ მთლიანად დამეღვარა ის, რასაც დიდხანს ვამზადებდი, მაგრამ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.
-ხშირად შემოქმედი ადამიანები საკუთარ ემოციებს თავის ნამუშევრებში აქსოვენ. რა იმალება ტასოს გასაოცარი ნამუშევრების მიღმა და რა გაძლევს მოტივაციას მზადების მომენტში?
-მგონია, რომ სანთლები მნიშვნელოვანი დღეებისთვისაა, სილამაზისა და სინათლისთვის, ასევე სურვილებისა და ლოცვისთვისაა. მეც მეტი სიხარულისთვის ვამზადებ სანთლებს. მინდა, რომ მეტ ადამიანს მოეწონოს ისინი.
-ტასო, რომელიმე გამორჩეული ფიგურა ხომ არ გაქვს, რომელსაც ყველაზე ხშირად ამზადებ და განსაკუთრებით გიყვარს?
-განსაკუთრებით ის ფიგურა მიყვარს, რომელიც პირველად დამოუკიდებლად დავამზადე, ეს არის – ბუ. ის ჩემი საყვარელი ფილმის პერსონაჟია და ასევე სიბრძნის სიმბოლო.
„ტასო რამდენიმე თვეა ამზადებს სანთლებს, რა თქმა უნდა, ამას თავიდან დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა, მაგრამ მალე, სახლში დაბრუნებულს მახვედრებდა სხვადასხვა ფიგურების სურნელოვან სანთლებს. მიჭირს ტასოს ემოციებზე საუბარი, რამდენადაც მას უჭირს საკუთარი ემოციების გამოხატვა, თუმცა მისი ყველაზე კარგად მესმის, რადგან ძალიან მგავს. ეს ყველაფერი წელს უფრო გართულდა, შეუყვარდა განმარტოება, ფიქრი სამყაროსა და მონატრება, გოგონაზე, რომელსაც წლები ელოდა და ახლა გვერდით აღარ ჰყავს. ცდილობს, სევდიანი არ იყოს. სჯერა, რომ ის მუდამ მასთანაა და მისი პირადი ანგელოზია. ალბათ ხშირად ბრაზობს, მაგრამ სიკეთის სჯერა…
მთელი წელია, როცა სანთელს ანთებს საკუთარი ანგელოზის კუთხეში, ანთებს წყვილად – ორ ცალს, შემდეგ დიდხანს აკვირდება ორივეს. მგონია, რომ განსაკუთრებული კავშირი აქვს სანთლებთან, როგორც ჰქონდა მის პატარა დასთან“.- ვკითხულობთ ანასტასიას დედის, მარიამ ჭილაიას ფეისბუქ გვერდზე.
-მოგესალმებით, მარიამ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად გასაოცარი ნამუშევრები აქვს ტასოს. მოგვიყევი, როდის აღმოაჩინე ამ შესანიშნავი გოგონას გატაცება სურნელოვანი სანთლებით?
-გამარჯობა. დიდი მადლობა. ტასომ პირველად ახალ წელს ისურვა ჰქონოდა ყველა საჭირო ხელსაწყო, რითაც შეძლებდა სურნელოვანი სანთლის დამზადებას. სურვილი მალევე შეუსრულდა, თუმცა გამოყენება მაშინვე არ დაუწყია. ხელსაწყოები და მასალები დიდხანს ჰქონდა შენახული. იმავე წელს ტასოს ემოციურად ყველაზე რთული წელი ჰქონდა, რაზე საუბარიც არ უყვარს და, რომელსაც წლები ელოდა, ახლა მისი მფარველი ანგელოზი გახდა ზეციდან და მას ამის სჯერა. ამ რთულ პერიოდში დაიწყო ტასოს განსაკუთრებული კავშირი სანთელთან – შეუყვარდა სანთლები.
-პირველად, როდესაც ნახეთ ტასოს დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევარი, რა გრძნობა დაგეუფლათ?
-პირველად, სახლში დაბრუნებულს დამხვდა მისი სურნელოვანი ნამუშევარი, ახლაც თვალსაჩინო ადგილას გვიდევს, როგორც ძვირფასი საჩუქარი.
-როგორ ახერხებს ეს პატარა გოგონა სკოლას, თამაშს, შეუთავსოს სანთლების დამზადების საკმაოდ რთული პროცესი?
-ტასოს დღის გრაფიკი, მართლაც ძალიან დატვირთულია. სკოლიდან საღამოს ბრუნდება და დაკავებულია სხვადასხვა აქტივობით, მაგრამ უარს არ ამბობს, უნდა რომ ხშირად ამზადებდეს იმას, რაც ასე ძალიან უყვარს. ახლა განსაკუთრებით მონდომებულია, როცა დაინახა, რამდენი ადამიანია მისი სანთლებით დაინტერესებული.
-როგორც ჩვენთვის ცნობილია, სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდი გაქვთ სახელწოდებით – Aromatas.არომატას, ვის ეკუთვნის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების შექმნის იდეა და სახელს რაიმე სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვს?
-სოციალური გვერდები ტასოს სურვილით შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ ის არ სარგებლობს ამ პლატფორმით, სურდა მისი ნამუშევრები ხალხისთვის ხილვადი ყოფილიყო. ამიტომ, ერთად ვხელმძღვანელობთ გვერდებს. ყველა შეფასებას თავად კითხულობს და ძალიან უხარია. რაც შეეხება სახელწოდებას და ლოგოს თავად ტასომ მიიღო ამაში უშუალო მონაწილეობა და გადაწყვეტილებაც თავად მიიღო. Aromatas.არომატას ჟღერს ისე, როგორც ტასოს არომატები, ხოლო ინიციალი მისი სახელის პირველი ასოა – ანასტასია. სანთლებს აქვთ საოცარი სასაჩუქრე შეფუთვა, რასაც ასევე ტასო უძღვება.
-მარიამ, უთხარი მკითხველს, სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა შეიძინონ ულამაზესი ტასოს ჯადოსნური სანთლები?
ტასოს სანთლები გაყიდვადი იქნება საქართველოს მასშტაბით. მჯერა, ამით ბევრ პატარ-პატარა სიკეთეებს მოუყრის თავს. ტასოს სანთლების შესაძენად და მის მხარდასაჭერად უნდა მოგვმართოთ სოციალური ქსელების ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით. (გვერდის სახელია – Aromatas.არომატას).
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.
მარიამ ონიანი
ყოჩაღ, წარმატებებს გისურვებ