სამყაროში, რომელიც ყვავდება კულტურათაშორისი კავშირებითა და გლობალური გამოცდილებით, ახალგაზრდები ეძებენ შესაძლებლობებს, გააფართოვონ თავიანთი ჰორიზონტები და განავითარონ პირადი და პროფესიული ზრდა. ერთ-ერთი ასეთი გზაა AIESEC-ის გაცვლითი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების ტრანსფორმაციულ პლატფორმას, ჩაეფლონ უცხო კულტურაში, წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვან პროექტებში და დაიწყონ საკუთარი თავის აღმოჩენა.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქეთი კურტანიძესთან, პროგრამის ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც ახლახან დაბრუნდა საბერძნეთის ექვსკვირიანი თავგადასავლიდან. ინტერვიუში გესაუბრებით გასაოცარ მოგზაურობაზე, გამოცდილებასა და მის მიერ მიღწეულ წარმატებებზე.
–შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი გამოცდილების შესახებ საბერძნეთში AIESEC-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე? როგორ იმოქმედა თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე?
-თავდაპირველად ამ პროგრამის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე, ვნახე, რომ ეს პროგრამა იქნებოდა საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის და ცხოვრებისეული სიახლეების გასაცნობად. ამ ორგანიზაციაში მოხვედრა ადრეც ვცადე, მაგრამ რადგან დიდი კონკურენცია იყო მე კი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, არ გამიმართლა, თუმცა არ დავნებდი, მეორე მცდელობაზე გასაუბრება წარმატებით გავიარე და უკვე მარტივად მიმიღეს ამ ორგანიზაციაში. ამ ეტაპის გადალახვის შემდგომ უფრო დავრწმუნდი, რომ მიზანდასახულობასა და შრომას შეუძლია ადამიანი საუკეთესო შედეგებამდე მიიყვანოს.
–რა კონკრეტული მიზნები დაისახეთ პროგრამაში გაწევრიანებამდე და როგორ მუშაობდით მათ მისაღწევად საბერძნეთში ყოფნის ექვსი კვირის განმავლობაში?
-საბერძნეთში წასვლამდე ჩემი მიზნები ემსახურებოდა, ორგანიზატორული და
ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაშიც ეგ პროგრამა ძალიან დამეხმარა, რადგან იქ ყოფნისას თითქმის ყოველდღე გვიწევდა სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა, რაც თავისთავად მოითხოვდა გუნდთან ერთად მუშაობას, ასევე გვიწევდა სხვადასხვა სახალისო სემინარისა თუ გაკვეთილების ჩატარება ლტოლვილებისთვის, რამაც ასევე ხელი შეუწყო ჩემი ლიდერული უნარ-ჩვევების დახვეწას.
-რა მიზანს ემსახურებოდა თავად პროგრამა?
-პროგრამის მიზანი იყო ახალგაზრდებში ორგანიზატორული უნარ-ჩვევების
გამომუშავება, ასევე კულტურის გაცვლა და ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება. რამაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია პიროვნული ზრდის თვალსაზრისით.
-როგორ შეირჩა პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები და რომელი ქვეყნებიდან?
-პროგრამაში მოსახვედრად საჭირო იყო ინგლისური ენის კარგად ფლობა,
გამოცდილება პრეზენტაციების შექმნისას და Public speaking-ში. შემდეგ გავიარე გასაუბრება ჯერ ქართული ორგანიზაციის წევრებთან და შემდგომ უკვე მქონდა ონლაინ გასაუბრება საბერძნეთის წარმომადგენლებთან. ამ პროგრამისთვის სულ შეირჩა სამი მოხალისე: უკრაინიდან, იტალიიდან და საქართველოდან. ვიყავი საქართველოს ერთადერთი და პირველი წარმომადგენელი ამ პროგრამაში, რამაც პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო გამიმძაფრა.
–რა წვლილი მიუძღვის AIESEC-ის გაცვლით პროგრამას თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში?
-პიროვნული თვალსაზრისით უფრო მეტად გამაძლიერა და მიზანდასახული გამხადა, საკუთარ თავში თავდაჯერებულობა მაპოვნინა. როდესაც უცხო ქვეყანაში გიწევს დამოუკიდებლად ცხოვრება და ყოველდღიურ მცირე პრობლემებთან პირისპირ შეჯახება, საკუთარ თავში პოულობ თავდაჯერებულობას და უფრო ძლიერი ხდები. აგრეთვე პროფესიული თვალსაზრისითაც ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები შემძინა.
–იყო თუ არა რაიმე გამოწვევა ან დაბრკოლება საბერძნეთში ყოფნისას და როგორ გადალახეთ ? როგორ შეუწყო ხელი ამ გამოცდილებამ თქვენს პიროვნულ ზრდასა და გამძლეობას?
-როგორც ასეთი, დაბრკოლება ან გამოწვევები არ მქონია, რადგან იყო ძალიან კარგი და მეგობრული გარემო. იქაური მეგობრები, მედგნენ გვერდში და მეხმარებოდნენ ყველანაირად.
–გაგვიზიარეთ კონკრეტული პროექტი ან ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობდით.
-ერთ-ერთი პროექტი იქ ყოფნის განმავლობაში იყო, კულტურის გაცვლითი საღამოები, სადაც თითოეული ჩვენგანი აცნობდა თავიანთ კულტურასა და ტრადიციულ საჭმელებს ადგილობრივებს.
–თანამშრომლობდით თუ არა პროგრამის განმავლობაში სხვა მონაწილეებთან ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან?
-თანამშრომლობა ადგილობრივ ორგანიზაციის წევრებთან თუ სხვა მოხალისეებთან თითქმის ყოველდღე გვიწევდა, რადგან ერთად ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობას. ასევე, პროგრამის ფარგლებში გვქონდა ურთიერთობა ამერიკიდან ჩამოსულ მოხალისეებთან, რომლებიც გვეხმარებოდნენ, ამ აქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში.
–როგორ იმოქმედა AIESEC-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ თქვენს სამომავლო გეგმებზე ან კარიერულ მისწრაფებებზე?
-ამ პროგრამამ გამხადა უფრო მიზანდასახული. დამანახა, რომ ყველაფრის შესრულება შეიძლება, რასაც მიზნად დავისახავთ. აგრეთვე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამხადა უფრო დამოუკიდებელი, შემძინა ორგანიზატორული და ლიდერული უნარ-ჩვევები. დავხვეწე აგრეთვე პრეზენტატორული უნარი და Public Speaking-ი , რაც მგონია, რომ ჩემს სამომავლო კარიერაში დიდ წვლილს შეიტანს.
–და ბოლოს, რა რჩევებსა და შეხედულებებს გაუზიარებთ სხვა ახალგაზრდებს, რომლებიც განიხილავენ AIESEC-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას?
– ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მეტად აქტიურები, მეტი იმუშაონ პრეზენტაციების შექმნაზე და არ მოერიდოთ საზოგადოების წინაშე წარდგენა, რადგან ეს მათ დაეხმარება ამ ორგანიზაციაში მოსახვედრად. ასევე ვურჩევ, იყვნენ მიზანდასახულები და არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, თუ თავდაპირველად არ გამოუვათ, არ შეწყვიტონ და განაგრძონ ბრძოლა.
მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!