კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიმასწავლებელი-ხვალინდელი დღის შემომქმედი 

მასწავლებელი-ხვალინდელი დღის შემომქმედი 

„მასწავლებლად ვერ იმუშავებ, მასწავლებელი უნდა დაიბადო, თუ მხოლოდ მუშაობ, იმას ნიშნავს, რომ ვერ იქნები ბავშვებისთვის მიმზიდველი პროფესიონალი, ვერ მოიგებ მათ გულს, ვერ გაუწევ ღირსეულ პარტნიორობას. იყო მასწავლებელი, ნიშნავს შეგეძლოს სიყვარული, არ დაივიწყო მშვენიერება, „რადგან იგი დედაა ყოველთვის“. გულანთებული უნდა იყო, „რამეთუ ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში“, მარად უნდა გახსოვდეს, რომ „შენი პროფესია ხელობა კი არა – ღვთისმსახურებაა“. არასოდეს არ უნდა დაივიწყო გაბრიელა მისრალის მასწავლებლის ათი მცნება, რადგან „უფალმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა“. მასწავლებელს ძირფესვიანად უნდა ჰქონდეს გააზრებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, საკუთარი სკოლის ხედვა და მისია, უნდა შეძლოს მოსწავლეს ჩაუნერგოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა“. ეს ფრაზები მათემატიკის პედაგოგს ქალბატონ მზია გაფრინდაშვილს ეკუთვნის, რომელიც 1987 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და ამ ხნის მანძილზე, არა ერთი წარმატებული და ღირსეული თაობა აღზარდა. ქალბატონი მზია №5 საჯარო სკოლის პედაგოგია და  დღემდე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, სწორედ ამიტომ, მას „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა.

-როგორი დედა, მეგობარი და მეუღლეა მზია მასწავლებელი?

-ძალიან ერთგული, თავდადებული, გულწრფელი, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული, სამართლიანი, მოსიყვარულე. ოჯახისთვის მხოლოდ წევრი არ ვარ. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ, სხვადასხვა თემაზე განსხვავებული   აზრი როცა გვაქვს, საუკეთესოა ის , რომელიც კონსესუსის შედეგად მიიღწევა ხოლმე, რასაც მრავალი წლის დაკვირვება ცხადყოფს. სიამოვნებას მანიჭებს ადამიანებთან საჭირო დროს გვერდში დგომა, როცა მეუბნებიან, რომ საიმედო საყრდენი ვარ და პარტნიორს ჩემი ერთგულების სწამს.

-რა როლს თამაშობს მასწავლებელი ბავშვის პიროვნულ ფორმირებაში?

-ბავშვი ხშირად ბაძავს მასწავლებელს ქცევის მანერით, საუბრით, ხმის ტემბრით, ჩაცმულობითაც კი, სწორედ ამიტომ, პედაგოგი ერთი წამითაც არ უნდა მოდუნდეს და უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვის სახით უდიდეს ფენომენთან აქვს საქმე, იმ ფენომენთან, რომლის პიროვნულ ფორმირებაშიც დიდ როლს თამაშობს. მასწავლებელმა თავისი საქმით უნდა აჩვენოს მოსწავლეებს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და პატივი სცე სხვებს. თავად იყო შემწყნარებელი, რათა მოსთხოვო მასაც, აჩვენო სიყვარული, სითბო, თანადგომა, ერთგულება, გულწრფელობა, რათა გაიმეოროს ბავშვმა.

-საგაკვეთილო პროცესში, საგნის გარდა, თუ გიწევთ სხვა თემებზე საუბარი?

-ჩემი გაკვეთილი ყოველთვის იწყება საჭიროების მიხედვით, მათემატიკის გარდა, სხვა თემებზეც ვასწრებ საუბარს. შეიძლება ერთი წინადადებითაც შეძლოს პედაგოგმა მოსწავლის სწორ გზაზე დაყენება. „შენ შეგიძლია“, „აუცილებლად მიაღწევ“, „ბავშვობის ოცნებები სრულდება“. მოკლედ მოუთხრო, რომელიმე ასრულებული ნატვრის შესახებ. ნათლად აუხსნა, რა არის ცუდი, და რა  კარგი, როგორ იქცევა ღირსეული ადამიანი. გაკვეთილზე  გარეთ გაახედო, აჩვენო კამკამა ცა, აგრძნობინო ბუნების სურნელი, გაუღვივო ქვეყნის სიყვარული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

-პროფესიის არჩევას ხომ არ ნანობთ?

-მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ზოგჯერ გადაღლილს მიკითხავს საკუთარი თავისთვის – ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, რას ავირჩევდი? და მყისიერი პასუხი – მასწავლებლად დავიბადე.

-რას ურჩევთ ახალგაზრდა პედაგოგებს?

-21-ე საუკუნის მოსწავლე განსხვავებულია თავისი ქცევით, ყოფიერებით, ტექნოლოგიებთან წვდომის უნარით, თუმცა, შიგნით ღრმად თუ ჩავიხედავთ, შევნიშნავთ, რომ ის კვლავ მასწავლებლისგან ელის ცოდნის მიღებას, პარტნიორობას, უხარია, როცა მას აფასებენ და თვითონაც გამოხატავს შესაბამის უკუკავშირს. მასწავლებელი მისთვის კვლავ რჩება ცხოვრების ნათელ სვეტად, სწორედ ამიტომ, თანამედროვე ახალგაზრდა პედაგოგმა, უპირველესად უნდა შეძლოს სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება მრავალფეროვან აქტივობებზე დაყრდნობით. ღრმად გაითავისოს გამჭოლი კომპეტენციები და თითოეული გაკვეთილი მიმართოს კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

-რას ისურვებდით…

-მინდა მშვიდობა, როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში, საქართველოს წარმატებული მომავალი, ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი სული, ადამიანთა. მინდა სუფევდეს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, თითოეულს შესწევდეს ძალა, რომ დაიცვას დედა-ბუნება დაბინძურებისგან და იზრუნოს მის განვითარებაზე, ვიყოთ კაცთმოყვარენი.

უღრმესი მადლობა. მარინე გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები