პარასკევი, ივლისი 26, 2024
spot_img

კულტურების გადაკვეთა და Erasmus+_ის  თავგადასავალის კიდევ ერთი მონაწილე.

დაბა კაზრეთის  შუაგულში Umbrella Ambassadors-ის პროგრამას სათავეში უდგას ქეთო თეთრაძე, დინამიური პიროვნება, რომლის თავდაუზოგავმა შრომამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივ ახალგაზრდობაზე. ქეთოს საქმისადმი ერთგულებამ და მონდომებამ, ახალგაზრდებში ერთიანობისა და განვითარების სურვილი გააძლიერა. თავად ქეთო,  ერთკვირიან  გაცვლით პროექტზე, წასასვლელად ემზადება რუმინეთში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით. დღევანდელ ინტერვიუში გავეცნობით ქეთოს მოტივებს, მისწრაფებებსა და მიზნებს, იგი გაგვიმხელს თავისი წარმატების საიდუმლოს და რამდენიმე რჩევასაც მოგვცემს, რათა უფრო მეტი წარმატებული და აქტიური ახალგაზრდა ჰყავდეს ჩვენს მუნიციპალიტეტს და ქვეყანას.

  • მოგესალმებით, გილოცავთ წარმატებულ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროგრამაში. რამ გიბიძგათ ჩართულიყავით ,,ამბრელა ელჩების“ პროგრამაში და როგორი იყო თქვენი გამოცდილება  მსგავს პროექტებში მონაწილეობის?
  • ჩემთვის  პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდული პროექტები, რადგან ისინი მეხმარებიან არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თემის განვითარებაშიც. ახალგაზრდული გაცვლითები და მოხალისეობრივი პროგრამები, საკმაოდ საინტერესო განხრაა, რადგან გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ ახალი ენა, გავეცნოთ ახალ კულტურას, ხალხს, გავიღრმაოთ ცოდნა სხვადასხვა საკითხებში, შევივსოთ CV და მივიღოთ ის სიამოვნება, რასაც მოხალისეობა გვაძლევს და სწორედ ამ შესაძლებლობების ახალგაზრდებისთვის გაზიარება იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია.             ახალგაზრდულ პროექტებს უზარმაზარი როლი აქვთ ჩემი, როგორც ინდივიდის ჩამოყალიბებაში, ამიტომ ყველა იმ ორგანიზაციის, ინდივიდის თუ  საინიციატივო ჯგუფისადმი, რომელიც ამ გზაზე დამეხმარა, უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს, რადგან ყველა წარმატებამ, თუ წარუმატებლობამ ახალი უნარი მაჩუქა.
  • როგორ ჩართეთ პროგრამაში დაბა კაზრეთის       ახალგაზრდები და რა გამოწვევების წინაშე დადექით ამ პროცესში? 
  • ვცდილობდი ყველა რესურსი გამომეყენებინა, რაც გამაჩნდა. ამიტომ სხვადასხვა ორგანიზაციებთან კავშირით ვცდილობდი მიზნის მიღწევას, რაშიც დამეხმარა დაბა კაზრეთის სათემო ცენტრი, დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბირო და CENN. მათ საშუალება მომცეს პრეზენტაციებისათვის გამომეყენებინა მათი სივრცე და დამეხმარნენ ახალგაზრდების მობილიზებაში.
  • როგორც წარმატებული ელჩი, რა სტრატეგიებს იყენებდით იმისათვის, რომ მიგეღოთ საჭირო რაოდენობის ქულები?
  • ვცდილობდი, რომ საქმე ბოლოსთვის არ შემენახა, პერიოდულად, ვასრულებდი დავალებებს და საკუთარი სურვილით ვეხმარებოდი ახალგაზრდებს მოხალისეობრივ გაცვლით პროგრამებზე აპლიკაციების შევსებაში, რამაც გამოიღო შედეგი და ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ვაძლევდი რეკომენდაციებს შერჩეული იქნა პროგრამაზე და მის ფარგლებში 2 თვე მოხალისეობდა პოლონეთის ქალაქ სტაროგრად გდანსკში.
  • შეგიძლიათ დეტალურად ისაუბროთ რუმინეთში Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე, თქვენი შერჩევის პროცესის შესახებ და ამ პროექტის რომელმა ასპექტებმა მოგხიბლათ ყველაზე მეტად?
  • ელჩების პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, თავისუფალი ნება მქონდა ამერჩია ნებისმიერი პროექტი ,რომელში ჩართვაც მსურდა. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ვმუშაობ, ჩემი ინტერესის სფეროს ისევ ახალგაზრდული საქმიანობა წარმოადგენს, ამიტომ ავარჩიე პროგრამა, რომელიც კონცენტრირებულია ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, ევროპის მოქალაქეობაზე, ადამიანის უფლებებისა და ხმის უფლების თემატიკაზე.
  • რა მოლოდინები გაქვთ ერთკვირიან პროგრამასთან დაკავშირებით, რა არის თქვენი მიზანი, რა გსურთ, რომ წამოიღოთ ამ პროგრამიდან?
  • მსურს, რომ გავიცნო ახალგაზრდები საერთო მიზნებით, რომლებთან ერთადაც მომავალში შევძლებ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. გავიღრმავო ცოდნა ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, გავეცნო ქვეყნის კულტურას და მიღებული ცოდნა და გამოცდილება შემდგომ სხვა ახალგაზრდებსაც გავუზიარო.
  • როგორ წარმოგიდგენიათ  ,,ამბრელა ელჩების“ პროგრამაში მიღებული გამოცდილების გამოყენება, Erasmus+ პროექტში მონაწილეობისას?
  • გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში მრავალ ახალგაზრდასთან მომიწია ურთიერთობა,  ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, ვფიქრობ, ის უნარები და ცოდნა, რაც ამ ელჩების პროგრამაში მივიღე, უაღრესად დამეხმარება ჩემი პოზიციის თავისუფლად და თამამად დაფიქსირებაში Erasmus+ პროექტში მონაწილეობისას.
  • როგორ ფიქრობთ,       ეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა ხელს შეუწყობს თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას?
  • პროფესიულ საქმიანობაში, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საქმიანობას,  დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს პროექტები, რომლებშიც Erasmus+ ში ერთხელ მაინც მონაწილეობა, ერთ-ერთი კრიტერიუმია. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა დამეხმარება გავიუმჯობესო ინგლისურად მეტყველება, უკეთესი გავხდე საჯარო გამოსვლებში და შევიძინო ქსელი. 
  • შეგიძლიათ განიხილოთ, რაიმე კონკრეტული უნარ-ჩვევები ან ცოდნა, რომელსაც იმედოვნებთ, რომ მოიპოვებთ, ან განავითარებთ რუმინეთში ყოფნის დროს?
  • მიმაჩნია, რომ ეს პროექტი კომუნიკაციის უნარის, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარს მეტად განმივითარებს.
  • რა არის თქვენი, როგორც წარმატებული მოსწავლის, წარმატების საიდუმლო?
  • ალბათ, ის რომ ყოველთვის რაღაც ახლის ძიებაში ვარ, ხოლო როცა ეძებ პოულობ კიდეც და, როცა  ახალ შესაძლებლობას მიაგნებ,  არ უნდა დაიზარო, უნდა ეცადო შენი მაქსიმუმი ჩადო.  არაფერია იმაზე ტკბილი, როცა შენი დაუღალავი შრომის შედეგს ხედავ და ადამიანების  წრფელ უკუკავშირს ისმენ.
  • რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებმაც სცადეს და არ გამოუვიდათ, ან არ უცდიათ და მომავალში გეგმავენ მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღებას?
  • ყველა ადამიანის ცხოვრებაშია  მარცხი, რაც უმეტეს შემთხვევაში არ ჩანს, მაგრამ მთავარია, რომ გჯეროდეს შენი თავის. ამასთანავე, ყველა პროგრამასა თუ პროექტს, სხვადასხვა კრიტერიუმები აქვს, ამიტომ ის ფაქტი, რომ არ აგარჩიეს, თქვენი პიროვნული მარცხი საერთოდ არ არის.
  • და ბოლოს, როგორ გეგმავთ Erasmus+-ის პროექტში მიღებული გამოცდილების გამოყენებას  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?
  • მსურს  ჩავატარო საინფორმაციო შეხვედრა პროექტში მიღებული გამოცდილებით.
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები