ხუთშაბათი, მაისი 2, 2024
spot_img

რას ნიშნავს, ,,არ იყო ბეჩავი“ და რას მოგვითხრობს ცნობილი ბებია ქალი

ადამიანები ქმნიან ეპოქას, წერენ ისტორიას, თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. ვის როგორც და რანაირადაც შეუძლია, ისე მიუყვება ცხოვრების ბილიკებს, რომელიც მავანისთვის ლაბირინთებით და ზიგზაგებითაა სავსე, ვიღაცისთვის კი ია-ვარდით მოფენილია. ადვილი არ ყოფილა ჩვენი დღევანდელი სტუმრისთვის ცხოვრებასთან გამკლავება, მან  არცთუ დალხენილი ბედისწერით, საკუთარი ისტორია დაწერა  და ქვეყნის კეთილდღეობაშიც გარკვეული წვლილი შეიტანა. ფშაველი გოგონა არ დაემორჩილა  უიღბლო ბედისწერას და სულ პატარამ,  გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო, პროფესიაც ადრეულ ასაკში აირჩია,  მიზანიც დაისახა და პრინციპული თამაშის წესებით, ცხოვრებას ფეხი აუწყო. იყო  სირთულეები, გამოწვევები, ბრძოლა გადარჩენისთვის, თუმცა იმედგაცრუება არასდროს. ადრეულ ასაკში დაობლებულს, არ გასჭირვებია ფეხი მყარად მოეკიდებია იმ ადგილზე, სადაც განაწესეს, დაუმორჩილებლობა, ლიდერობა და ძლიერი ხასიათი მეამბოხე პატარა გოგოს მემკვიდრეობით, მთის კანონიდან  ერგო, რომელიც დღემდე 77 წლის ქალბატონს ეხმარება  იყოს პატივსაცემი, სამაგალითო და საყვარელი. ციალა მჭედლური არა ერთი ბოლნისელი ქალის  კეთილი და ზოგჯერ მკაცრი ბებია ქალია, რომელმაც მოღვაწეობა ბოლნისის რაიონში 1966 წლიდან დაიწყო და დღემდე, თავის გადასარჩენად შერჩეულ პროფესიას, უწყვეტი რეჟიმით და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება. კითხვაზე, თუ როგორ გააკეთა არჩევანი ბებია ქალის პროფესიაზე, ქალბატონმა ციალამ, გულსა და გონებას შემორჩენილი წარსული, დიდი სითბოთი და სიმძაფრით გაიხსენა, რომელმაც ჩემში დიდი განცდა გამოიწვია და ბევრ რამეზე დამაფიქრა. თან გამაკვირვა, როგორ შეეძლო მე-4-ე კლასელ, უდედმამოდ დარჩენილ გოგოს, რომელიც დედმამიშვილს და ბიძაშვილებს დააშორეს,  თავი ობოლთა თავშესაფარში ეპოვა, აერჩია პროფესია, ებრძოლა პირველობისთვის, ყოფილიყო  მისაბაძი  მოსწავლე და ოცნებები რეალობად ექცია, ეს ოცნებები კი, თავის დამკვიდრებას და დაკარგული ახლობლების პოვნას გულისხმობდა.

ციალა მჭედლური:

 – მშობლები 6 წლის ასაკში დავკარგე, ობლად დარჩენილები პანკისის ხეობიდან, სოფელ ბაყლოვანიდან, ჩემს 8 თვის დასთან და ბიძაშვილებთან ერთად სხვადასხვა ბავშვთა სახლებში გაგვანაწილეს. მე ჯერ ვაშლოვანში, შემდეგ თელავის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, სადაც დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი, თუმცა პროფესიის არჩევამდე მქონდა იმის განცდა, ბავშვთა სახლიდან წასულს, თავი როგორ უნდა მერჩინა. მე-4-ე კლასში ბოტკინით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოვხვდი, ალბათ ბედისწერა იყო, ჩემთან ერთად ორსული ქალი იწვა, რომელსაც ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და მისი გადაყვანა აღარ შეიძლებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეორე დღეს, როდესაც მისი მეუღლე მოვიდა, ექთანს 50 მანეთი აჩუქა – „აი როგორ უნდა ვიცხოვრო“ ეს იყო შთაგონება, რომელიც ცხოვრების თანამგზავრად მექცა და მის გარეშე ერთი წუთიც არ შემიძლია.

დადგა დრო, როდესაც წარჩინებული კურსდამთავრებული სხვა რეგიონში უნდა გაენაწილებინათ, იქაური რაიონის ხელმძღვანელობა დარდობდა, სად მოხვდებოდა, როგორ დაიმკვიდრებდა თავს უცხო გარემოში, თუმცა როგორც ფშაველები იტყოდნენ „არ იყო ბეჩავი“ და თავს ყველგან გაიტანდა, როგორც თავად აღნიშნავს, გენეტიკა და მთის ხასიათი, აძლევდა საშუალებას ფეხზე მყარად მდგარიყო და პატარაობაში დასახული  მიზნებისთვის,  აუცილებლად  მიეღწია.

 – დადგა დრო, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვა რაიონში  გამომეცადა, „წითელი წერილით“ 1966 წელს ბოლნისში გამანაწილეს, მაშინდელ წითელ სოფელში, საცხოვრებელიც პუქტთან ახლოს მომცეს. პირველი მშობიარეც იქ მივიღე. იმ განცდას ვერ გადმოგცემთ, როცა ჩემს ხელში ახალი სიცოცხლე დაიბადა, ეს იყო  ახალი დღის და ახალი იმედების დასაწყისი. იმ დღიდან 40 წელი ვიმსახურე ბებია ქალად. მქონდა პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომა, ზოგს ვეფერებოდი, ზოგს ვეჩხუბებოდი, ვაიძულებდი მშობიარეს, ჩემთან ერთად ებრძოლა  ახალი სიცოცხლისთვის.

ქალბატონი ციალა რომ კეთილსინდისიერი, თავდადებული და პროფესიონალი ბებია ქალია, ეს 52 წლიან სამუშაო სტაჟშიც აისახება, იგი დღემდე სამეანო განყოფილებაში მთავარი ექთანია, აბარია კლინიკის არქივი და დიდი პატივისცემით და სიყვარულით გამოირჩევა.

დარეჯან ჩხეტიანი, კლინიკის დირექტორი, მეან-გინეკოლოგი:

-30 წელზე მეტია ერთად ვმუშაობთ, მშვიდად ვიყავი, როდესაც მძიმე პაციენტი ციალა მჭედლურის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ქალბატონი ციალა ძალიან კარგი პროფესიონალი, დისციპლინირებული პიროვნებაა, მისი მორიგეობის დროს პაციენტი ყოველთვის დაცული იყო ხარისხიანი მომსახურებით. კრიტიკული ოპერაციის დროს არ მჭირდებოდა მისთვის მითითებების მიცემა, სწორად და ზუსტად იგებდა იმას, რაც იმ დროს მჭირდებოდა. ქალბატონი ციალა არის სამართლიანი, უზომოდ კეთილი, ყველა გაჭირვებულის დამხმარე, მის პიროვნულ თვისებებზე შეიძლება წიგნიც კი დაიწეროს, მიუხედავად ასაკისა, დღემდე არის ენერგიული, პუნქტუალური, პრინციპული და ვაჟკაცური, ერთი შეხედვით მკაცრი და მომთხოვნი, გულმოწყალე და იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული. მინდა მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო.

რუსუდან ქვარცხავა, მეგობარი, თანამშრომელი:

-ციალა ჩემი უპირობო ბებოა, ადამიანი, რომელიც დიდთან დიდია, პატარასთან პატარა. ის ჩემი დიდი მეგობარია და ბებოსავით ალალი, კეთილი, სამართლიანი და თავგანწირული. მადლიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში არსებობს. გასაოცარი და სამაგალითოა, მისი განვლილი ცხოვრების ჟინით, მებრძოლი და ძლიერი სულით. ციალა ბებო დიდი ადამიანია, რომელიც ჩემს ცხოვრებაშიც და გულში წარუშლელ კვალს დატოვებს.

წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს გულშიც ქალბატონი ციალას ისტორიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა და გამაოცა თავისი გამბედაობით, დაუმორჩილებლობით და იმ ოპტიმიზმით, რომელიც დაეხმარა დაკარგული ახლობლები ეპოვნა, შემოეკრიბა და გამხდარიყო დიდი ოჯახის წევრი, გამხდარიყო იდეალური დედა და ბებია, მისაბაძი ქალბატონი, საყვარელი ბებია ქალი და უპოვართა ქომაგი.             

                                                                                                                                მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები