უსაზღვროა ახალგაზრდების შესაძლებლობა, მათ აქვთ ძალა შეცვალონ, გააძლიერონ და განავითარონ თავიანთი ქვეყანა, აქვთ უნარი ახალი ხედვებით, მიღწევებითა და ინოვაციებით, დაგეგმონ მომავალი უკეთესობისკენ. სწორედ ასეთი ახალგაზრდების თაობას მიეკუთვნება, პირველი ქართველი Schwarzman-ის სტიპენდიანტი, ბოლნისელი ეკა ხორბალაძე.
ეკა ამჟამად იელის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარია, ამასთანავე ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. იგი იელის უნივერსიტეტში, უკვე მეორე წელია ქვეყნებს შორის საინტეგრაციო პროცესებს იკვლევს, ამ დროისთვის ეკა აქცენტს აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიაზე აკეთებს, რაც მისი სადისერტაციო შრომის ნაწილია.
-რამდენიმე ხნის წინ გავხდი პირველი ქართველი, ვინც შვარცმანის პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა, საქართველო მხოლოდ წელს შეემატა ამ ქვეყნების სიას. „Schwarzman-ის პროგრამა არის პირველი სტიპენდია, რომელიც შეიქმნა 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე რეაგირებისთვის“. შვარცმანის სტიპენდია არის სრულად დაფინანსებადი, სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ლიდერობაში ცინგხუას უნივერსიტეტში, პეკინში, რომელიც მიზნად ისახავს, გააერთიანოს პოტენციური მომავალი გლობალური ლიდერები, ეს მსოფლიოში, ერთ-ერთი, ყველაზე კონკურენტუნარიანი და პრესტიჟული სამაგისტრო პროგრამაა, რომლის მიღების მაჩვენებელი 3% ნაკლებია (შედარებისთვის ჰარვარდში მიღების მაჩვენებელი დაახლოებით 5%). ამგვარად, ორი წლის სწავლისა და კვლევის შემდეგ, იელის უნივერსიტეტში Ph.D. პროგრამის დასრულების შემდეგ, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეორე მაგისტრის ხარისხს მივიღებ, აზიის ყველაზე მაღალრეიტინგულ ცინგხუას უნივერსიტეტში (ჩინეთი).
ბოლნისელი ეკა ხორბალაძე, მსოფლიოს მასშტაბით, 3000-მდე აპლიკანტიდან, 151 სტიპენდიანტს შორის შეირჩა, სადაც მიღების მაჩვენებელი 3%-ზე ნაკლებია.
-როდესაც გავიგე Schwarzman-ის სტიპენდიის მოპოვების შესახებ, ძალიან გახარებული ვიყავი. ეს პროგრამა ჩემი განვითარებისთვის, როგორც თეორიული ცოდნის შეძენის, ასევე კარიერული ზრდის მხრივ დიდ გავლენას მოახდენს ჩემი თვითრეალიზებისთვის, მაგრამ ის ფაქტი ძალიან მახარებს, რომ 2023 წლიდან საქართველო შეემატება პროგრამას და Schwarzman Schola Alumni Network ჩვენთანაც გავრცელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროგრამის კურსდამთავრებულები დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკავებენ მაღალ პოზიციებს, ეს სახელმწიფო აპარატი იქნება, ბანკინგი, კონსალტინგი, ბიზნეს სფერო თუ სხვა.
სტიპენდიის შესახებ 2022 წლის ზაფხულში გაიგო. აპლიკაციის შესავსებად ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ყველა ძალა მოსინჯა და ბედი სცადა ახალი გამოწვევებისთვის.
-ბეგრაუნდი მაძლევდა იმის საშუალებას, ბედი მეცადა. პირველი ეტაპი მოიცავდა ონლაინ აპლიკაციის გაგზავნას საჭირო საბუთებთან და სარეკომენდაციო წერილებთან ერთად. მეორე ეტაპი – გასაუბრება იყო. ძალიან ვღელავდი, რადგან 6 კაცისგან შემდგარი კომისიის წინ მიწევდა საუბარი, მათ რიგში კი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჰედრი კისინჯერი, კონდოლიზა რაისი, ტონი ბლერი, კევინ რადი ან სხვა, ძალიან ცნობილი საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები. მათ შორის შესაძლოა ყოფილიყო თავად სტეფან შვარცმანი, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერ სექტორში, მომავალი ლიდერების წარმატება მთელს მსოფლიოში, დამოკიდებულია ჩინეთის როლის გააზრებაზე გლობალურ ტენდენციებზე და სწორედ ამგვარად ეხმარება პერსპექტიულ ახალგაზრდებს.
ეკამ სცადა და მაქსიმუმი გააკეთა, რათა შედეგი სასურველი ყოფილიყო, როგორც თავად აღნიშნავს, ელოდა თუ არა ასეთ შედეგს, უჭირს ამაზე პასუხის გაცემა, რადგან საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობდა – „ადამიანის შესაძლებლობები, როგორც ცნობილია, ამოუწურავია, ამიტომ ჩემი თავისგან უფრო და უფრო მეტს ვითხოვ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიღწეულ შედეგში დამეხმარა უნივერსიტეტებში შეძენილი ცოდნა, სხვადასხვა გარე საუნივერსიტეტო პროექტებში მონაწილეობა, კვლევითი საქმიანობა და უცხო ენების ცოდნა“.
ეკამ 11 წლის წინ დატოვა საქართველო, თუმცა მანამდე იყო ბოლნისის №1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე, ცეკვავდა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბოლნელში“, დადიოდა მუსიკალურ სკოლაში და, როგორც თავად აღნიშნავს, ბოლნისმა, დიდი გავლენა მოახდინა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში და იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც ყოველთვის ეხმარება და გზას უკვლევს ახალი მწვერვალებისკენ.
როგორც ყველა ქართველის ოცნება, ეკას ოცნებაც გაერთიანებული საქართველოა.
ვინატრებდი ვიხილო გაერთიანებული საქართველო, სადაც ყოველი მოქალაქე, პატარით დაწყებული და ხანდაზმულით დამთავრებული, თავს მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს, ჩამოყალიბდეს სტაბილური შიდა-პოლიტიკური კლიმატი და აქედან გამომდინარე, აწონილ-დაწონილი შიდა განვითარების კურსი, კონკრეტული და რეალური პროგრამა; – საგარეო პოლიტიკური სტრატეგია დაეყრდნოს, პირველ რიგში, ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს; ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ არამარტო კავკასიის რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და წინა აზიის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე განვითარებული სახელმწიფო გავხდეთ, რაშიც განსაკუთრებით ხელს გვიწყობს გეოპოლიტური ადგილმდებარეობა და ბუნებრივი ლანდშაფტი; – ქვეყნის განვითარების დონემ ისეთს მიაღწიოს, რომ შვეიცარიაში მაგალითად საქართველო მოჰყავდეთ, აშშ-ში ჩასულ ქართველს კი არ უწევდეს ახსნა, რომ Georgia, საიდანაც ის არის, აშშ-ს შტატი, ან რუსეთის ნაწილი არ არის.