კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
Homeრუბრიკები„დავითის მარანი“ წარსულისა და მომავლის ისტორიას აერთიანებს

„დავითის მარანი“ წარსულისა და მომავლის ისტორიას აერთიანებს

„დავითის მარანი“ ბოლნისში, ოქროსფერი ღვინის ქალაქში მდებარეობს, აქ მეღვინეობა-მევენახეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს. თუმცა დღეს ბოლნისელი მეღვინეები ღვინის წარმოებას ქართული ტრადიციით და ევროპული გამოცდილების გაზიარებით აგრძელებენ. ბენიძეების ოჯახში ღვინის ტრადიცია შორეული წარსულიდან იწყება, ვაზის მოვლას, ყურძნის დაწურვას და ღვინის დაყენებას ოჯახის უფროსი დავით ბენიძე უძღვებოდა. წლების შემდეგ კი ოჯახის ტრადიცია ახალგაზრდა თაობამ გააგრძელა. „დავითის მარანი“ დღეს ორი სახეობის ღვინოს  „რქაწითელსა“ და „შავკაპიტოს“ აწარმოებს. „დავითის მარანის“ ტრადიციებსა და სამომავლო გეგმებზე პროფესიით ჟურნალისტი ელენე ბენიძე გვესაუბრა.

-ელენე გვიამბე თქვენი მარანის და აქ დაყენებული ღვინოების შესახებ.

-ჩვენს მარანში სულ ორი სახეობის ღვინოს შეხვდებით „რქაწითელს“ და „შავკაპიტოს“. მამას მთავარი გატაცება და ექსპერიმენტი „შავკაპიტოს“ ღვინის წარმოება იყო, რომელიც  ბოლნისურ მეღვინეობაში იშვიათია და პრაქტიკულად რამდენიმე ოჯახს აქვს. ექსპერიმენტმა გაამართლა და დღეს „დავითის მარანში“ „შავკაპიტო“ ნამდვილად გამორჩეული ღვინოა. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის ორგანული ღვინის წარმოება, „შავკაპიტო“ წითელი მშრალი ღვინოა და ის 6 თვის განმავლობაში ქვევრშია დავარგებული. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მომისმენია სხვადასხვა ბიზნესის წარმატებული ისტორია, სწორედ ჩემმა პროფესიამ და მამას უსაზღვრო ენთუზიაზმმა, გადამაწყვეტინა საოჯახო მარნის დაარსება.

-რატომ „დავითის მარანი“?

-დავითი იმ ბაბუას ჰქვია, რომლისგანაც ოჯახმა ღვინის ტრადიცია დაამკვიდრდა, მისი სახელის მატარებელია ჩემი ძმაც, „დავითის მარანი“ აერთიანებს როგორც წარსულის, ისე მომავლის ისტორიას.

-რა გზა გაიარა თქვენმა ღვინოებმა?

-ღვინოებმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ღვინის ბოთლში ჩამოსხმა იყო. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი ბრენდის ლოგოზე და ეტიკეტებზე. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. მთელი ოჯახი ვიყავით ამ ამბავში ჩართული. „დავითის მარანმა“ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და დაბრენდვა 2020 წლიდან დაიწყო. დაახლოებით 100 ბოთლამდე „შავკაპიტოს“ და 300 ბოთლამდე „რქაწითელს“ ვაწარმოებდით. საოჯახო მარნის გაფართოებისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, „ღვინო ბოლნისის“ გაერთიანებაში გაწევრიანება იყო. მათი დახმარებით სხვადასხვა ღვინის ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას, რაც გვიზრდის პოტენციურ მომხმარებელს.

-როგორია „დავითის მარნის“ სამომავლო გეგმები?

-„დავითის მარნის“ სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია, გვინდა საკუთარ ვენახში ტურისტულად აქტიური ზონა მოვაწყოთ, სადაც დაინტერესებული ადამიანები დააგემოვნებენ ჩვენს ღვინოს , შეძლებენ ვენახის დათვალიერებას და ტრადიციების გაცნობას. სამომავლოდ ღვინის ექსპორტსაც განვიხილავთ და ჩვენი სურვილია, ევროპის ბაზარზე, საკუთარი ნიშა დავამკვიდროთ.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები