ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის ბოლნისის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის ბოლნისის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში ენერგომომარაგების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. აღინიშნა, რომ ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის მოძველებული და საჭიროებს განახლებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტროგადამცემი ხაზებისა და საყრდენი ბოძების მდგომარეობას, რაც ზრდის ავარიული შემთხვევების რისკს და უარყოფითად აისახება მოსახლეობის უწყვეტ და უსაფრთხო ელექტრომომარაგებაზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს უამინდობის პირობებში წარმოქმნილ პრობლემებზე. განსაკუთრებით ძლიერი ქარისა და ინტენსიური ნალექის დროს ხშირია ავარიული გათიშვები, ხოლო ელექტროენერგიის აღდგენა რიგ შემთხვევებში დროულად ვერ ხერხდება, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და აფერხებს სხვადასხვა სერვისის გამართულ ფუნქციონირებას.

არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის აფილიალის ბოლნისის მომსახურების ცენტრში დაიგეგმა 65 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. აღნიშნული პროექტები მოიცავს ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის ავარიული საყრდენების გამოცვლას, სატრანსფორმატორო ქვესადგურების განახლებასა და დამატებას.

სამუშაოები განხორციელდება ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთსა და თამარისში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცურტავში, ბალიჭში, დისველში, რაჭისუბანში, ხატისოფელში, ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო და ქვემო ბოლნისში, რატევანში, აკაურთაში, ტალავერში, დარბაზში, სოფელ ბოლნისში, ზვარეთში, ნახიდურსა და სავანეთში.

ამ ეტაპზე უკვე მოწესრიგებულია ყველაზე პრობლემური და ავარიული ლოკაციები. დასრულებულია სამუშაოები სოფელ დისველში, ხოლო მიმდინარე პერიოდში სამუშაოები იწყება სოფელ ქვემო ბოლნისში.

პარალელურად, მიმდინარე წელს დაგეგმილია და უკვე მიმდინარეობს სოფელ ხატისოფლის, ფოლადაურის, სამწევრისის, ზემო და ქვემო ბოლნისის, სავანეთის, აკაურთისა და ზვარეთის ტერიტორიებზე არსებული 10 კვ მაღალი ძაბვის მაგისტრალების ოპტიმიზაცია და მათი მიუვალი ადგილებიდან გამოტანა. აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ენერგომომარაგების ხარისხს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უწყვეტ ელექტრომომარაგებას.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული