ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, სოფელ ტანძიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ამხანაგობა „ინვესტ გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა და სოფელ ტანძიის მოსახლეობის ახალ წყალმომარაგების ქსელზე დაერთების პროცესი განიხილა.
სოფელ ტანძიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აშენდა 300 მ³ მოცულობის რეზერვუარი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საქლორატორო. ასევე მოეწყო დაახლოებით 15 000 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და მაგისტრალური მილი.
სოფლის ერთ ნაწილში ამ დრომდე ძველი ქსელი ფუნქციონირებდა. დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, მოხდება ძველი ქსელის ეტაპობრივი დალუქვა, რათა ცენტრალურ ქსელთან აბონენტების დაერთების პროცესი გაიტესტოს. ქსელის დატესტვის პერიოდში გამოვლენილი შესაძლო ხარვეზების შემთხვევაში, კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მათი დროული აღმოფხვრა. ტესტირების დასრულების შემდეგ ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გაეშვება, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
როგორც ალექსანდრე ზაბახიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დროული უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც სამუშაოების ხარისხს, ასევე მოსახლეობის უსაფრთხო და სტაბილურ მომსახურებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიკინჭალაშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ტანძიის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან მურცხვანაძე, საკრებულოს დეპუტატი შერმადინ დადვანი, ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერი კახა ჩოგოვაძე, ტექნიკური განყოფილების მენეჯერი ზურა გობეჯიშვილი და ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერი გია ყიფიანი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოფელ ტანძიაში წყალმომარაგების ახალი ქსელზე დაერთების პროცესს გაეცნო
მსგავსი სტატიები








