ჩვენს პატარა ქალაქში, სადაც ტრადიციები ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე მისწრაფებებს, ჩვენმა რესპოდენტმა, უნიკალური გზა იპოვა ბუნების ეფემერული სილამაზის შესანარჩუნებლად. თამარ არსენიძე ნიჭიერი ხელოვანია, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს გამხმარ ყვავილებს და მათ აქცევს დახვეწილ ხელნაკეთ ქმნილებებად, რომლებიც მომხმარებელთა გულებს იპყრობს.
ინტერვიუში გავეცნობით თამარის საქმიანობის მომხიბვლელ პროცესს. მისი შემოქმედება ხაზს უსვამს, ბუნების თანდაყოლილი სილამაზის შენარჩუნებას და გაზიარებას მხატვრული ძალისხმევით. კრეატიულობისა და ინოვაციის შერწყმით, თამარ არსენიძე გვთავაზობს გამომშრალი ყვავილების ულამაზეს სამყაროს, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ.
-რამ შთაგაგონათ ხელნაკეთი ნივთების შექმნა, გამომშრალი ყვავილებით?
– გამარჯობა, მიხარია, რომ დაინტერესდით ჩემი საქმიანობით, მადლობას გიხდით ამისთვის. ყოველთვის მქონდა ინტერესი ხელოვნების მიმართ, ბავშვობაში ბარბის თოჯინების კაბებს ვკერავდი, შემდეგ კედლებზე ვხატავდი, ასევე დავხატე რამდენიმე ნახატი ტილოზე (ერთ-ერთს გაგიზიარებთ). თუმცა, არ მაქვს შესაბამისი განათლება, ვმუშაობ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, განათლებაც შესაბამისი მაქვს, მაგრამ სულ მაკლდა ხელოვნების კუთხით განვითარება. რამდენიმე წლის წინ ვნახე ეპოქსიდის ნამუშევრები და ძალიან დავინტერესდი. არა საკმარისი დროის, ასევე, სპეციალური დახურული სივრცის არ არსებობის გამო, ვერ მოვახერხე, რომ მეცადა და შემექმნა ნაკეთობები. ახლა, საბედნიეროდ, მაქვს ყველა შესაბამისი პირობა, ვარ დეკრეტულ შვებულებაში და ჩემი დიდი ხნის სურვილი, მეუღლის ხელშეწყობით, მცირედით განვახორციელე, რადგან ეპოქსიდთან მუშაობა გულისხმობს უსაზღვრო შესაძლებლობებს.
მეუღლემ როდესაც პირველად მაჩუქა ვარდები (მაშინ არ იყო მეუღლე) დიდი ემოცია გამოიწვია და ამიტომ გადავწყვიტე შემენახა გამომშრალი სახით, რადგან ასე დიდი ხანი ვერ გაძლებდა, დავიწყე ფიქრი, როგორ შემენახა სამუდამოდ და გაჩნდა იდეა, გამომეყენებინა ეპოქსიდის ფისი, რამაც გაამართლა.
– შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი შემოქმედებითი პროცესის შესახებ – როგორ აერთიანებთ გამომშრალ ყვავილებსა და თქვენთვის სასურველ დიზაინს ერთმანეთთან?
-რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ჯერ უნდა წარმოვიდგინო დაახლოებით როგორი გამოვა, შემდეგ ვიწყებ მუშაობას, მაგრამ პროცესში შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ჩანაფიქრი, მაგალითად გამომშრალ ყვავილებს ფერები ან დეკორატიული მასალა არ მოუხდეს, ხშირად ასეა, აუცილებლად გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ზომები და შრობის პროცესის დროის განსაზღვრა. მქონია წარუმატებელი ნამუშევრებიც, თუმცა, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ, აღარ დამმართნია მსგავსი შემთხვევა.
– რა გამოწვევების წინაშე დგახართ მუშაობისას,
როგორ უმკლავდებით პროცესს და, როგორ ახერხებთ მოიპოვოთ გამომშრალი ყვავილები?
-ყვავილებს თავად ვაშრობ, თუმცა, სამწუხაროდ ყველა ყვავილს ფერი არ უნარჩუნდება და მიწევს გამოწერაც.
– შეგიძლიათ გაგვიზიაროთ სამახსოვრო ისტორია, რომელიც
დაკავშირებულია თქვენს ხელნაკეთ, ერთ-ერთ შემოქმედებასთან?
-პირველად, ვიდრე გამოწერილი ყალიბი ჩამოვიდოდა, საცდელად შევიძინე სილიკონის საკონდიტრო გულის ფორმები, როდესაც გავამზადე, ვაჩვენე ჩემს შვილებს, ტკბილეული ეგონათ და ეწყინათ, რომ ვერ დააგემოვნეს.
– როგორ და სად ყიდით ხელნაკეთ ნივთებს, გაქვთ ონლაინ გვერდი თუ მაღაზიაში შეუძლია მსურველს სტუმრობა?
-გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ჩავთვალე საჭიროდ გამეზიარებინა მეგობრებისთვის, რამაც მათი აღფრთოვანება გამოიწვია, შემდეგ შევქმენით სოციალურ ქსელში გვერდი და ვყიდით ონლაინ. ახლა კი ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის N99-ში, საკანცელარიო მაღაზიაში არის შესაძლებელი ჩემი ხელნაკეთი ნივთების შეძენა, რაც ჩემი ძმის მხარდაჭერით განხორციელდა.
– შეგიმჩნევიათ რაიმე ტენდენციები, მომხმარებლებს შორის, როდესაც საქმე ნივთის დიზაინს ეხება?
-რაკი ყველა ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურია, ხშირად მიწევს მათი მოთხოვნა, ჩემს გამოცდილებას შევუსაბამო და დავარწმუნო, უკეთესი ვარიაციის შექმნაში.
– როგორ აბალანსებთ თქვენს მხატვრულ ხედვას წარმატებული ბიზნესის წარმართვის მოთხოვნებთან?
-რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარი ნააზრევის გადმოცემას ვცდილობ, თუმცა, ბიზნესის წარმართვის კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის ინტერესს
– არის რაიმე კონკრეტული თემები, ან შთაგონებები, რომლებსაც აერთიანებთ თქვენს დიზაინში?
-ამ სფეროში ჩართვა შთაგონებით დაიწყო და, დამეთანხმებით, ხელოვნებაც სწორედ შთაგონებების ხარჯზე იქმნება.
– რა როლს თამაშობს მომხმარებლის გამოხმაურება თქვენი, როგორც
წარმატებული ადამიანის განვითარებაში?
-წარმატებული ადამიანი ჩემზე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა, დიდი სტიმულია მომხმარებლის შეფასება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებ. აღფრთოვანებული და კმაყოფილი მომხმარებლის შეფასება მარწმუნებს, რომ სწორად ვიქცევი, ხოლო უკმაყოფილო შეფასება, კარგ შეფასებას ბევრად სჯობს, ამით ვსწავლობ და ვვითარდები. ფაქტობრივად, უფასო რჩევაა. ვცდილობ ვისწავლო, განვავითარო და გავაანალიზო უკმაყოფილების მიზეზი.
– რა სამომავლო მიზნები ან მისწრაფებები გაქვთ, ხელნაკეთი ნივთების
ბიზნესისა და გამომშრალი ყვავილებით შემოქმედებითი განვითარების
კუთხით?
-საინტერესოა აღნიშნულ სფეროში მუშაობა და ამავდროულად, საპასუხისმგებლო, რადგან მაინც ადამიანის ემოციებთან არის კავშირში, ვამზადებთ ბავშვის დაბადების მონაცემების დაფას, წყვილები ერთმანეთისთვის გვიკვეთავენ გასაღებების საკიდს თავიანთი ინიციალებით, რომ სულ თან ატარონ, სურათებს ვათავსებთ გამომშრალ ყვავილებთან ერთად, სასიამოვნო მოგონებებისთვის, ჭიქის სადგამებს, სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად, თმისთვის აქსესუარებს, სხვადასხვა ზარდახშებს, ახლა საათებზე ვმუშაობთ და მალე გაგაცნობთ სიახლეებს.
– და ბოლოს, თქვენი აზრით, რა არის წარმატების მთავარი საწინდარი?
-საქმის სიყვარული და შრომა, ამის გარეშე არ მგონია რაიმე იქმნებოდეს.
მადლობა, გისურვებთ წარმატებას! მარიამ ონიანი
ძალიან ლამაზია, დავათვალიერებდი სიამოვნებით.