[:en]

მარიამ ნურალაშვილი გაზეთი „ბოლნისის“ საახალწლო ონლაინ  რუბრიკის გამარჯვებულია, ის კონკურსში საკუთარი ხელით შექმნილი დეკორაციებით ე.წ. „პატარა სახლებით“ ჩაერთო. „საახალწლო განწყობის ასამაღლებად გადავწყვიტე გამეკეთებინა ნივთები, რომლითაც ონლაინ კონკურსში ჩავერთე, სიმართლე გითხრათ არ ველოდი გამარჯვებას, ძალიან გამიხარდა, მადლობა მინდა გადავუხადო გაზეთს, მივესალმები მსგავს წამოწყებებს,  რომლის საშუალებითაც  ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება  წარმოაჩინონ საკუთარი თავი“.

  16 წლის მარიამ ნურალაშვილს უამრავ კონკურს-ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, ცდილობს არ გაჩერდეს და თავისი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში მოსინჯოს. როგორც თავად ამბობს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და დატკბე ყოველი წუთით. „ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და სწორედ ეს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას საინტერესოს, მე ასეთი ვარ, მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვეძებ რაღაც ახალს და საინტერესოს“.

გარდა სასკოლო ცხოვრებისა ის აქტიურია არაფორმალური განათლების კუთხითაც, ჩართულია სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებებში, რომელიც, როგორც მარიამი აღნიშნავს, ადამიანს პიროვნულ ზრდაში ეხმარება.

ჯერ კიდევ პატარა ასაკში ხატვა დაიწყო, ხატავს მაშინ როცა მარტოა, შინაგანი ემოცია ფურცელზე გადმოაქვს, ნახატები მასავით ფერადია, მისი ყველა ნამუშევარი ამბავს გვიყვება.

„ვცდილობ ყოველი დღე მცირე თავგადასავლებით გავიხალისო, ვხატავ, ვკითხულობ, ვცეკვავ და ა.შ. ხატვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვხატავ მაშინ, როცა მარტო ვარ, მიყვარს პორტრეტები და პეიზაჟები. ძირითადად მხიარული ფერებით ვხატავ, თუმცა ზოგჯერ ცივი, მუქი ფერებიც საჭიროა. რაც შეეხება ცეკვას,  ქართულ ნაციონალური ცეკვებით  7 წელი ვიყავი დაკავებული, შემდეგ სამეჯლისომ გამიტაცა, სიმართლე  გითხრათ ლათინო-ამერიკული ცეკვით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც Yulia Zogoruchenko-ს ცეკვა ვნახე, ის ჩემთვის  ნამდვილად მისაბაძი მოცეკვავეა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმე, როდესაც სცენაზე მაყურებლის წინ ვდგავარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარტო ვიმყოფები ყველაფრისგან შორს, მინდა  ამ მიმართულებით მსოფლიო ჩემპიონი გავხე “.

 ბევრი ოცნება აქვს,  ცდილობს რეალურად აქციოს. პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა წლების მერე თავს არქიტექტორად ან იურისტად წარმოიდგენს, სწავლის და კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვრებს გარეთ აპირებს.  ბავშვობის სურვილი გამხდარიყო მოდელი, უკვე აისრულა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.  საინტერესო გეგმები და სურვილები აქვს, რის განხორციელებას ეტაპობრივად იწყებს თანატოლებს კი ურჩევს არ დაკარგონ დრო, გამოიყენონ ყოველი წუთი იმისთვის, რომ იყვნენ საუკეთესოები.

მაგდა დევნოზაშვილი

[:]