FLEX (Future Leaders Exchange Program) არის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული გაცვლითი პროგრამა, რომელიც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთი აკადემიური წელი, ამერიკულ საშუალო სკოლაში ისწავლონ. პროგრამა არა მხოლოდ აკადემიურ განვითარებას, არამედ კულტურათაშორის გაცვლას, ლიდერული უნარების განვითარებას და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
ლიზი გიორგაძე არის გამორჩეულ მოსწავლეთაგან ერთ–ერთი, რომელიც წელს FLEX-ის პროგრამის ფინალისტი გახდა. მისი გზა პროგრამისკენ 2023 წლის აგვისტოში დაიწყო და რამდენიმე რთული ეტაპი მოიცვა: ონლაინ აპლიკაციების შევსება, ესეების წერა, ინგლისური ენის ტესტირება, ჯგუფური სამუშაო და გასაუბრება. თითოეული ეტაპი მოითხოვდა განსხვავებულ უნარებს, ცოდნასა და გამძლეობას. ლიზიმ ყველა გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და 2024 წლის 10 თებერვალს გაიგო, რომ პროგრამის ფინალისტი გახდა.
ჩვენი ინტერვიუს მიზანია, მეტი გავიგოთ ლიზის გამოცდილების, მოლოდინებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მისი გამოცდილება საინტერესო იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც FLEX-ის პროგრამაში მონაწილეობას გეგმავენ და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობები.
-ლიზი, მოგესალმებით! გილოცავთ FlEX-ის პროგრამაში წარმატებულ ასპარეზობას. რამ გადაგაწყვეტინა FLEX-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
-პროგრამა FLEX-ში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, რადგან მინდოდა ახალი გამოცდილების მიღება, დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლა და სხვადასხვა კულტურასთან შეხება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სხვა გარემოს გაცნობა, არამედ ჩემი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაზიარებაც. ეს პროგრამა დიდი გამოწვევა და შესაძლებლობაა, რომ გავიზარდო როგორც პიროვნულად, ასევე ვასწავლო და გავუზიარო ჩვენი კულტურა სხვებს და დავრწმუნდე ჩემს შესაძლებლობებში.
-როგორ მოემზადე პირველი ეტაპისთვის და რა თემაზე დაწერე ესე?
-პირველი ეტაპისთვის მომზადება დავიწყე იმით, რომ ხშირად ვწერდი სხვადასხვა თემაზე ესეებს, რათა გამეუმჯობესებინა აზრის სწრაფად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი. თემები ძირითადად ეხებოდა პირად გამოცდილებებს, სირთულეებთან გამკლავებას და იმ თვისებებს, რაც ჩემში ყველაზე მეტად ფასობს. ვეცადე, გულწრფელი და უშუალო ვყოფილიყავი, რათა ესეებში ჩემი ნამდვილი მე დამენახვებინა.
-რა გრძნობა გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ნახევარფინალში გადახვედი და
რამდენად განსხვავდება ნახევარფინალის ონლაინ აპლიკაცია პირველი ეტაპისგან?
-როდესაც გავიგე, რომ ნახევარფინალში გადავედი, დაუვიწყარი ემოციები დამეუფლა, უდიდესი სიხარული და აღტაცება, თუმცა, ვიცოდი, მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ მელოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად მჯეროდა, რომ მზად ვიყავი, რადგან საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი. რაც შეეხება ონლაინ აპლიკაციას, პირველი ეტაპი შედარებით მარტივია, უნდა დაწერო ზოგადი ინფორმაცია საკუთარ თავზე და სამი ესე, რომელთა თემები აპლიკაციაშია მოცემული. ნახევარფინალის აპლიკაცია კი ბევრად უფრო დეტალურია და მოითხოვს დამატებით დოკუმენტებს, როგორიცაა სკოლის ნიშნების ფურცელი, მასწავლებლის რეკომენდაცია, ჯანმრთელობის ცნობა და სხვა. (დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ FLEX-ის ოფიციალურ საიტზე იხილოთ.)
-როგორ გაართვი თავი მეორე ეტაპს, აუდიტორიაში ესეების წერას?
-ნახევარფინალში მომიწია კიდევ სამი ესეს წერა, ამჯერად აუდიტორიაში, რისთვისაც 45 წუთი მქონდა. თემები დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც პირველ ეტაპზე, უნდა დამეწერა ჩემს გამოცდილებებსა და თვისებებზე. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი ამ დავალებასაც. ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ სანერვიულო არაფერი იყო.
-მოგვიყევი ჯგუფური სამუშაოს შესახებ – რა დავალება მიიღეთ და როგორ ითანამშრომლეთ?
-ჯგუფური სამუშაოც აუდიტორიაში გვქონდა, სადაც რამდენიმე ბავშვი ვიყავით. დავალება იყო, ჩამოგვეწერა სხვადასხვა პრობლემა, რომლებიც შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში შეგვხვედროდა და შემდეგ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე უნდა გვესაუბრა. მე აქტიურად მივიღე მონაწილეობა, ვეცადე სხვა წევრებიც აქტიურად ჩამერთო, რომ თითოეულს თავისი როლი ჰქონოდა. დავალების შესრულების დროს მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ლიდერული თვისებები გამომეჩინა, თუმცა ჯგუფის წევრების აზრსაც ვცემდი პატივს.
-როგორ გაიგე, რომ ფინალისტი გახდი და რა იყო შენი პირველი რეაქცია?
-10 თებერვალს, ორშაბათს გავიგე, რომ ფინალისტი გავხდი. ვერც ვიჯერებდი, თითქოს სიზმარში ვიყავი, იმდენად გამახარა ფინალისტის სტატუსმა .
-რა პიროვნული თვისებები დაგეხმარა FLEX-ის შესარჩევ პროცესში და როგორ გამოიყენებ მათ ამერიკაში ყოფნისას?
-ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ბევრი თვისება შევიძინე და განვავითარე. ეს პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განვითარებაზე ორიენტირებული იყო. მათ შორისაა ადაპტაციის უნარი, ლიდერული თვისებები, დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობის უნარი. ამერიკაში ამ თვისებებს გამოვიყენებ ახალ გარემოსთან ადაპტირებისთვის, რაც, ვფიქრობ, აუცილებელია წარმატებული ურთიერთობებისთვის. ასევე, მგონია, რომ ამერიკაში ყოფნის დროს, სხვა უნარებიც გამომადგება, მაგალითად, ქართული ორნამენტების ქარგვა, ხალხური ცეკვები, ხატვა და კერძების მომზადება. ამ უნარებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოვავლენ, არამედ სხვა ხალხს საქართველოს კულტურას გავაცნობ, რაც ჩემს გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოსა და ღირებულს გახდის.
-როგორ ფიქრობ, რა იქნება შენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამერიკაში ცხოვრებისას და როგორ აპირებ მასთან გამკლავებას?
-ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე გამოწვევას შეიძლება შევხვდე. უცხო გარემოში, სახლიდან, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა რთული იქნება. ოჯახი და მეგობრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეული პერიოდი მათგან შორს ცხოვრება, ნამდვილად გამოწვევაა. თუმცა, ყველაზე დიდი გამოწვევა შესაძლოა ის იყოს, რომ უნდა გავძლიერდე, შევეჩვიო ახალ კულტურასა და ჩვეულებებს, რაც პირველივე პერიოდიდან ძალიან განსხვავებული იქნება. თუმცა ვფიქრობ, შემდეგში შეიძლება ეს გამოწვევები გახდეს ჩემი ძლიერი მხარე. მჯერა, რომ მაქვს საკმარისი უნარები და დამოკიდებულება, რომ ამ ყველაფერს შევეგუო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თვისებების გამოყენებით მექნება საუკეთესო გაცვლითი წელი.
-რა გეგმები გაქვს აკადემიური თვალსაზრისით – რომელი საგნები გაინტერესებს განსაკუთრებით და რატომ?
-ამერიკაში ყოფნისას მაქსიმალურად ვეცდები, ის ცოდნა შევიძინო, რომელიც მომავალში ნამდვილად გამომადგება. ძალიან მიყვარს ხელოვნება და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, ამიტომ ვაპირებ, ამ სფეროში ცოდნა გავიღრმავო. თეატრიც მიყვარს, ხატვაც და საჭმელების მომზადებაც, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები, ამ მიმართულებებში უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა მივიღო.
ასევე, მინდა სპორტით დავკავდე და ამ სფეროშიც ვცადო საკუთარი შესაძლებლობების განვითარება. მაქსიმალურად ვეცდები, აკადემიური წელი გამოვიყენო პროდუქტიულად და ვისწავლო ისეთი საგნები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ არ არის განვითარებული, მაგალითად, დიზაინი, თეატრი, კულინარია, შემოქმედებითი წერა და სხვა. ამ სფეროებში სწავლა და განვითარება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი მომავალი კარიერისთვის.
-როგორ აპირებ ამერიკაში მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
-ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაპირობებს ჩემს განვითარებას და კონკრეტულ სფეროებში საქმიანობას. მაგალითად, თუ ვისწავლი დიზაინს, თეატრს, კულინარიას ან სხვა შემოქმედებით სფეროებს, ამას აუცილებლად გამოვიყენებ საქართველოში. ასევე, თუ დავიწყებ ახალ სპორტულ აქტივობებს, ან სხვა უნარებს შევიძენ, შემიძლია საქართველოში გავზარდო ამ სფეროების პოპულარობა და დავიწყო ახალი პროექტები, რომლებიც სხვებსაც დაეხმარება. იმ გამოცდილებას, რომელსაც მივიღებ, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც გავუზიარებ, რათა ჩემი ცოდნა და უნარები ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მომავალში, ეს ყველაფერი დამეხმარება უფრო ფართო პერსპექტივით შევხედო პროფესიულ ზრდას, რაც ჩემი განვითარებისა და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
-რა სახის საზოგადოებრივ აქტივობებში გსურს ჩართვა ამერიკაში ყოფნისას?
-ამერიკაში ყოფნისას მინდა ჩავერთო იმ საზოგადოებრივ აქტივობებში, რომლებიც ჩემი ინტერესებისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ საზოგადოებასაც დაეხმარება. ვაპირებ მონაწილეობა მივიღო კულტურულ ღონისძიებებში, სადაც ქართულ კულტურასა და ტრადიციებს წარმოვაჩენ, ასევე სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღებით პოპულარიზაციას გავუწევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ვაპირებ, მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელებასაც, რისი საშუალებითაც ხალხს დავეხმარები. ყველაფერი ჩემი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი იქნება, და ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ამერიკულ საზოგადოებასაც დავეხმარები.
-როგორ წარმოგიდგენია შენი ურთიერთობა მასპინძელ ოჯახთან და რა მოლოდინები გაქვს ამ მხრივ?
-ვფიქრობ, ადვილად დავუახლოვდები მასპინძელ ოჯახს, რადგან კომუნიკაბელური ვარ და მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. მჯერა, რომ მათი კულტურის და ყოველდღიური ცხოვრების გაცნობა ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ჩემთვის. განსაკუთრებით მინდა, რომ გავუზიარო ჩვენი კულტურა და ტრადიციები, ასევე გავიგო, თუ როგორ ავითარებენ ისინი საკუთარ ტრადიციებსა და წესებს. მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მხარს დამიჭერენ ჩემს ინტერესებში და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი ურთიერთობა იყოს ძალიან კარგი. ვფიქრობ, სწორედ მათთან ერთად გატარებული დრო იქნება ამერიკული თავგადასავლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
-რა არის შენი გრძელვადიანი მიზანი და FLEX-ის პროგრამა როგორ დაგეხმარება მის მიღწევაში?
-ჩემთვის გრძელვადიანი მიზანი განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევაა, განსაკუთრებით ხელოვნებაში, თეატრში, წერასა და დიზაინში. FLEX პროგრამა მაძლევს შესაძლებლობას, გავიღრმავო ცოდნა, შევიცნო სხვა კულტურა და მივიღო ახალი გამოცდილება, რაც მომავალი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკაში გატარებული დრო დამეხმარება თვითდაჯერებულობის გაუმჯობესებაში და საუკეთესო შანსს მომცემს ამ სფეროებში პროფესიონალურად განვვითარდე.
-რა რჩევას მისცემდი იმ მოსწავლეებს, ვინც მომავალში FLEX-ის პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს?
-პირველ რიგში, ყველას ვურჩევ პროგრამაში მონაწილეობას, რადგან FLEX არის ისეთი პროგრამა, სადაც მრავალფეროვანი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები გელოდება. არ ინერვიულოთ, რადგან ყველა ძალიან მეგობრული და გამგებია. მეც, როდესაც პირველად გავიცანი სხვა მონაწილეები და კოორდინატორები, თბილი და კარგი გარემო შევქმენით. პროგრამა არ არის ისეთი რთული, როგორიც ჩანს, თუმცა მაღალი კონკურენციაა, მაგრამ მჯერა, თუ მოინდომებთ და იშრომებთ, ყველაფერი გამოვა.
FLEX არის ისეთი პროგრამა, რომლის დახმარებითაც ოცნებები ხდება.
