პარასკევი, ოქტომბერი 4, 2024
spot_img

50 წელი საგანმანათლებლო სივრცეში და აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობაში შეტანილი დიდი წვლილი

მისი გაკვეთილები გამორჩეული და საინტერესოა, მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად იყენებს სხვადასხვა მეთოდებს და სტრატეგიებს. ყველა გაკვეთილი წინასწარ კარგად გათვლილი და თითოეული მოსწავლის ინტერესზეა მორგებული. 52 წელია საგანმანათლებლო სივრცეში  სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ ხნის მანძილზე იყო დირექტორიც, მოადგილეც, სამეურვეო საბჭოს წევრიც და პედაგოგიც. 1972 წლიდან დღემდე რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით მოღვაწეობს. მაღალ დონეზე ასწავლის თავის საგანს. საგაკვეთილო პროცესი სახალისო, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულია,  ხშირად გეგმავს კლასგარეშე აქტივობას.

ჩვენი რესპოდენტი ბაირამ ისრაფილ აბასოვია, რომელიც ფლობს უმაღლეს პედაგოგიურ განათლებას. დაამთავრა აზერბაიჯანის უცხო ენების ინსტიტუტი. ბაირამ მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა უსაფრთხოება, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, რადგან ჯანსაღი გარემო სწავლის მაღალი ხარისხის ერთგვარი გარანტია.

უამრავი წელი საგანმანათლებლო სფეროში, დაგროვილი გამოცდილება და ფეხის აყოლა თანამედროვე მიდგომებზე, მის გაკვეთილებს უფრო საინტერესოს და მაღალ შედეგზე ორიენტირებულს ხდის. ეს ყველაფერი კი დიდ ნდობას და პატივისცემას იწვევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებში. მისი გაკვეთილები კარგად დადგმული სანახაობაა, თითოეულ თემაზე ბევრს მუშაობს, როგორც საკლასო ოთახებში, ასევე გასვლით ღონისძიებებში. ის ორიენტირებულია  მოსწავლეების ინტერესებზე და ცდილობს   სხვადასხვა ოლიმპიადებში ჩართოს ისინი.

აღსანიშნავია მისი წვლილი სკოლის განვითარებაში, დირექტორობის დროს, მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის, სკოლის მიმდებარე ტერიტორია არ იყო საკმარისი, ამიტომ, მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, სკოლის შენობა ახალ ტერიტორიაზე გადაიტანეს. შედეგმაც არ დააყოვნა და ამ სკოლის აღსაზრდელები არა ერთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების გამარჯვებულები არიან.

სასკოლო საზოგადოება გამოარჩევს და ერთხმად აღნიშნავს ღვაწლმოსილი პედაგოგის დიდ სიყვარულს თავისი სამშობლოს – საქართველოს მიმართ. ის ცდილობს  მოსწავლეებს შეასწავლოს და შეაყვაროს სამშობლო, სახელმწიფო ენა, ტრადიციები და კულტურა. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის ხიდის   გამყარებაში, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2003 წლის 23 ოქტომბერს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

2014 წლიდან 2017 წლამდე იყო ბოლნისის  საკრებულოს დეპუტატი. მუნიციპალიტეტისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა გოგი მეშველიანმა 2022 წლის 26 სექტემბერს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებით“ დააჯილდოვეს.

-თქვენი ავტობიოგრაფია.

-დავიბადე 1951 წლის 1 იანვარს სოფელ ტალავერში (ყოფილი ფახრალო), განათლებულ ოჯახში. 1967 წელს დავამთავრე ტალავერის საჯარო სკოლა. იმავე წელს ბაქოში უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე. 1972 წელს  რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. 1977 წლიდან დღემდე ვმუშაობ სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №2 საჯარო სკოლაში.  მყავს ორი შვილი, ორივე  განათლებული, მეუღლე სვეტლანა, ისიც პედაგოგია, სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ასწავლის ტალავერის №2 საჯარო სკოლაში.

-2022 წელს ბოლნისის საპატიო მოქალაქედ დაგასახელეს, მოგვიყევით ამის შესახებ. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საპატიო მოქალაქე და როგორ ფიქრობთ, რატომ დაგასახელეს თქვენ?

-ახალგაზრდობის აღზრდასა და განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მომენიჭა, მადლობას ვუხდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ დადებითად შეაფასეს ჩემს მიერ გაწეული შრომა, რა თქმა უნდა, საპატიო მოქალაქე უნდა განსხვავდებოდეს,  თავისი მოქმედებით და გაწეული საქმიანობით. საზოგადოებრივ ადგილებში, სკოლაში, განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანელი და ქართველი მოსახლეობის მეგობრობის გაძლიერებისთვის ყოველთვის ვშრომობ.  საქართველო დემოკრატიული და ტოლერანტული ქვეყანაა. საქართველოში მცხოვრები ხალხი მეგობრულად ცხოვრობენ, განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სწორედ ამიტომ, ეს დიდი წვლილი სახელმწიფოს მხრიდან დაფასებულია.

 -მოგვიყევით იმ სოფელზე, სადაც მოღვაწეობთ და თქვენი შრომა დააფასეს.

-ტალავერის №2 საჯარო სკოლაში, 300-მდე მოსწავლე სწავლობს და 25 პედაგოგი მუშაობს. დირექტორია გამოცდილი პედაგოგი აიკუნ მახმუდოვა. ყველა მასწავლებელი სტატუსიანია. ყოველ წელს სკოლის მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში აბარებენ. წელს სიახლე იყო, რომ დაწყებითი კომბინირებული მასწავლებლები 2025 წლიდან უკვე შეძლებენ გამოცდის აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე ჩაბარებას, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა პედაგოგებისთვის.

-რას გვეტყოდით განათლების სისტემაზე, ხომ არ შეცვლიდით რამეს?

-ძალიან ეფექტური იქნებოდა თუ სკოლაში გაიხსნებოდა სკოლამდელი მომზადების პროგრამა  ქართულ ენაზე. ეს უფრო დადებითად იმოქმედებდა ქართული ენის სწავლებაზე.   სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი პირობებია, რომ ბავშვებმა უფრო კარგად ისწავლონ ქართული ენა, ამიტომ კიდევ ერთხელ  მადლობას ვუხდით.

-გარდა სასკოლო მოღვაწეობისა, რას საქმიანობთ?

-სკოლის გარდა თავისუფალ დროს განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებს ვეცნობი, მოსახლეობასთან, ასევე მშობლებთან, განათლების რეფორმების შესახებ, ვსაუბრობ. ვცდილობ მათ ინფორმირებას. 1978-1991 წლამდე ვმუშაობდი დირექტორის მოადგილედ სწავლა-აღმზრდელობით დარგში. 1991-2004 წლამდე ვმუშაობდი დირექტორად ამავე სკოლაში.  2019 წლიდან დღემდე, კი სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ.

ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები