პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeრუბრიკები                                                                                                            

                                                                                                            

     

  44 წლიანი უწყვეტი სტაჟი და დამსახურებული ჯილდო  

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ, XV ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი აზა ხარშილაძე, გივი ერქომაიშვილის სახელობის დამსახურებული ფინანსისტის მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა. აზა ხარშილაძე 44 წელია, რაც საჯარო სექტორში საფინანსო მიმართულებით მოღვაწეობს. ის წარმატებული და კვალიფიციური საჯარო მოხელეა. აღნიშნული პროფესია, მოგეხსენებათ, მუდმივად განიცდის ტრანსფორმირებას, მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, შრომას და სიზუსტეს. ჩვენი რესპონდენტი, 4 ათეულ წელზე მეტია, უწყვეტი რეჟიმით, მაღალპროფესიულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საკმაოდ რთული და საპასუხისგებლო პოზიციის მიუხედავად, როგორც თავად აღნიშნავს, ახერხებს იყოს რეალიზებული, როგორც დედა და დიასახლისი. ცდილობს იყოს მაგალითი შვილებისთვის, მოსიყვარულე და მზრუნველი ბებია, მისაღები და ერთგული თანამშრომელი.

-პირველ რიგში, გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს. თქვენ უკვე 44 წელია უწყვეტი რეჟიმით, საჯარო სექტორში საფინანსო მიმართულებით მოღვაწეობთ, რა გზა გაიარეთ დღემდე, რომელსაც ბუნებრივია, თან ახლდა სირთულეები და ახალი გამოწვევები?

-რა თქმა უნდა, ოთხი ათეული წელი იმუშაო ბუღალტერიაში, საკმაოდ რთულია. როგორც წესი, საქმე გვაქვს ციფრებთან, საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტებში ციფრების დაფიქსირებასთან, ფულის მოძრაობასთან ბანკში და სალაროში, საქონლის და ძირითადი საშუალებების შეძენა ცვეთასთან, ვალდებულების აღრიცხვასთან, შემოსავლების და ხარჯების განაწილებასთან, მოგება ზარალის გაანგარიშებასთან, ეს არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველ დღიურად ვასრულებთ და, რომელიც უზარმაზარ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიზუსტეს მოითხოვს. ეს ყველაფერი რომ მაღალპროფესიულად განახორციელო, უნდა ფლობდე საქართველოს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს. ეს უკანასკნელი კი,  თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება. მუდმივად ინერგება სიახლეები, რომელსაც უნდა გაეცნო და შენ საქმიანობაში დანერგო. დამეთანხმებით, ეს საკმაოდ რთული პროცესია. როდესაც მუშაობა დავიწყე, აღრიცხვას ვაწარმოებდით საანგარიშოთი, მატერიალური ფორმით, შემდეგ ორიათასი წლებიდან გაჩნდა კომპიუტერი, სულ უახლოეს წარსულში კი გადავედით სრულიად ელექტრონულ სისტემაზე, რამაც გააიოლა ჩვენი საქმიანობა. აქვე მინდა აღვნიშნო, ჩემი თანამშრომლების, უფრო სწორად, მეგობრების თანადგომა,  ოთხი ათეული წელია ერთად მოვდივართ, რომ არა ისინი, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგზე გასვლა.

-როგორი შეგრძნებაა, როდესაც შრომა გიფასდება?

-პირველ რიგში უზარმაზარი სიხარულის და ბედნიერების განცდაა. იაზრებ, რომ შენი შრომა, შენი საქმიანობა არ დარჩენილა  შეუმჩნეველი, საკმაოდ რთულია ისაუბრო ამ მოულოდნელ ემოციაზე. ამავე დროს გეუფლება განცდა, რომ  მეტი  გააკეთო და  უფრო  დაიხარჯო. ეს ემოცია ერთგვარი მოტივაციაა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფინანსთა ასოციაცია რომ შენს  მუნიციპალიტეტთან ერთად გამოგარჩევს, მერწმუნეთ, უზარმაზარი პასუხისმგებლობის განცდაა და ამავდროულად, საამაყოა.

-საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაზე გიწევთ მუშაობა, როგორ ახერხებთ დროის სწორად განაწილებას, რომ  იყოთ კარგი საჯარო მოხელე და კარგი დიასახლისი?

-არც ეს გახლავთ იოლი, ვინაიდან ჩემი საქმიანობა დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. რთულია დამღლელი დღის შემდეგ, ოჯახში იყო რეალიზებული, როგორც დედა და დიასახლისი, მაგრამ საბედნიეროდ, ვახერხებ, უკმაყოფილო არც ოჯახში მყავდეს ვინმე და არც სამსახურში, ვცდილობ ვიყო  შვილიშვილებთან მზრუნველი, თბილი, მეგობრული. მიჭირს მათთვის რამეზე უარის თქმა, მაგრამ ეს ალბათ ბებია – შვილიშვილების მდგომარეობაა.

-როგორი დედა, ბებია და მეგობარია აზა ხარშილაძე?

-მეგობარი – ერთგული და უღალატო. დედა – მიჭირს რამის თქმა, თუმცა პირველ რიგში, შევეცადე მათთვის კარგი ადამიანის მაგალითი მიმეცა, თანაც მაშინ, როცა ერთდროულად დედაც ვიყავი და მამაც, შევეცადე მათთვის მესწავლებინა შრომა, ადამიანის და პიროვნების პატივისცემა, ყვარებოდეთ წიგნი, საიდანაც ადამიანი ცხოვრებას სწავლობს. მადლობა უფალს, რომ ეს შევძელი, რთულია ისაუბრო საკუთარ პიროვნებაზე, ეს უმჯობესია სხვამ გააკეთოს.

44 წლიანი თავდაუზოგავი შრომა, არც ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს დარჩენიათ შეუმჩნეველი, როგორც ჩვენთან აღნიშნეს, იგი ერთგული საჯარო მოხელეა, რომელიც წარმატებით ართმევს თავს იმ პროფესიას, რომელსაც  სირთულეები და ახალი გამოწვევები მუდმივად ახლავს.

ვალენტინა ნავერიანი, მერის მოადგილე:

-თითოეული ჩვენგანის ცხოვრებასა და კარიერაში, წარმატების ფაქტორები ფრიად ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ისეთი კრიტერიუმები, რაც ყველასთვის გასათვალისწინებელი და მისაღებია, მათ შორის, მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტაციის გათვალისწინებით, სწორად განსაზღვრული პროფესია და საქმე უპირველესია. ამავდროულად, ოპტიმიზმი პოზიტიურ აზროვნებასთან შერწყმული, თვითგანვითარება, სიახლეებისადმი სიყვარული და ფეხის აწყობაც უმთავრესია, რადგან რაც იყო გუშინ, დღეს ნაკლებად გამოსაყენებელია და, რაც დღესაა, ვერ გამოგვადგება სახვალიოდ. სწორი ორიენტირება, ჩვენს სწორ მოქმედებას იწვევს საქმესთან მიმართებაში და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველა წარმატების საიდუმლო გასაღები, ჩვენსავე მოქმედებაშია დამალული. დიახ, ამ პრინციპების გათვალისწინებით იღვაწა და იშრომა ჩვენმა კოლეგამ, ქალბატონმა აზამ, რაც გახდა საჯარო სამსახურში მისი  44 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის საწინდარი. ქალბატონი აზას უშუალო ხელმძღვანელობის პირობებში აღიზარდა თაობები, მათი უმრავლესობა, დღემდე, სანიმუშოდ მოღვაწეობენ საჯარო სამსახურში. რაოდენ სასიხარულოა, როცა მისი ღვაწლი ყურადღების მიღმა არ დარჩა და სათანადოდ იქნა დანახულ-დაფასებული საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ და ის დიპლომითა და მედლით დააჯილდოვა. სწორედ ამას გვეუბნება ინდური ანდაზაც  “შემთხვევა, შემთხვევით არ ხდება”. ჩემი კოლეგების სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქალბატონ აზას, საჯარო სამსახურში მრავალწლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და მინდა ვუსურვო წარმატებები და მუდმივი სწრაფვა მიზნისკენ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ორი უმნიშვნელოვანესი თარიღია – „ ერთი, როცა დაიბადა, მეორე – როცა მიხვდა, რისთვის დაიბადა“ (მარკ ტვენი). ქალბატონი აზა, ამ საქმისთვისაა დაბადებული.

მარინა რეხვიაშვილი, თანამშრომელი:

-მე და ქალბატონი აზა უკვე 40 წელია ერთად მოვდივართ. იგი ძალიან შრომისმოყვარე და უღალატოა სამსახურის, თანამშრომლების და საზოგადოების მიმართ. მისი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელსაც სირთულეები, გამოწვევები და ინოვაციური სიახლეები მუდამ თან ახლავს, მერწმუნეთ, არაა ადვილი იმსახურო უწყვეტი რეჟიმით და ფეხი აუწყო მნიშვნელოვან გამოწვევებს. მოხარული ვარ და მივესალები ქალბატონი აზას, ამდენი წლის შრომა ღირსეულად რომ დაფასდა.

მარინა გავაშელი

                                                                                                              

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები