„როცა შენი საქმე გიყვარს, შეუძლებელი არაფერია “ – 10 წლის ელენეს შემოქმედებითი ისტორია

ბავშვობის ოცნებები ხშირად თამაშით იწყება, თუმცა ზოგჯერ ისინი ნამდვილ შემოქმედებად იქცევა. სწორედ ასე მოხდა ათი წლის ელენე მენაბდიშვილის შემთხვევაშიც. თავდაპირველად დედის საქმიანობით შთაგონებულმა პატარა გოგონამ საკუთარი ხელით პირველი სანთელი შექმნა, დღეს კი უკვე დეკორატიულ სანთლებსა და თაბაშირის ფიგურებს ამზადებს, რომლებიც მომხმარებლების მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ელენესთვის სწავლა პირველ ადგილზეა, თავისუფალ დროს საყვარელ საქმიანობას უთმობს და მომავალში საკუთარი შემოქმედებითი სივრცის შექმნაზეც ოცნებობს.

ელენე, მოგვიყევი ცოტა შენ შესახებ. რომელ კლასში ხარ და რა გიყვარს ყველაზე მეტად?

-მოგესალმებით. მე ვარ ელენე მენაბდიშვილი, მეხუთე კლასში გადავედი და ძალიან მიყვარს სიმღერა.

როგორ გაგიჩნდა სანთლებისა და თაბაშირის ფიგურების შექმნის იდეა?

-სანთლებისა და თაბაშირის შექმნა ჯერ დედაჩემმა დაიწყო. ძალიან მომწონდა ამ პროცესის ყურება, ამიტომ გადავწყვიტე,  თავადაც შემექმნა ისინი.

გახსოვს შენი პირველი ნამუშევარი? როგორი იყო?

-დიახ, ძალიან კარგად მახსოვს. ჩემი პირველი ნამუშევარი სანთლის ყვავილები იყო. რა თქმა უნდა, იდეალური არ ყოფილა, თუმცა, როგორც პირველი მცდელობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის.

რას გრძნობ, როცა ახალ სანთელს ან ფიგურას ქმნი?

-როდესაც ახალ ფიგურას ან სანთელს ვქმნი ძალიან დიდ სიხარულსა და სიამაყეს ვგრძნობ. ამასთან უფრო მეტი მოტივაცია და სურვილი მიჩნდება, რომ უფრო მეტი  შევქმნა.

რომელი ნამუშევარია შენთვის ყველაზე საყვარელი და რატომ?

-ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია ანგელოზის ფორმის სანთელი. მიყვარს იმიტომ, რომ ყველაზე მეტი დრო და შრომა მის შექმნაზე დავხარჯე, რამაც გაამართლა – ის ულამაზესი გამოვიდა.

რამდენი დრო სჭირდება ერთი სანთლის ან ფიგურის დამზადებას?

-პატარა ზომის ფიგურისა და სანთლის დამზადებას 3-4 საათი სჭირდება, შედარებით დიდისას კი – 5-6.

რას აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას მუშაობის დროს?

-მუშაობის დროს ყველაზე დიდ ყურადღებას ჩემი ნამუშევრების ხარისხს ვაქცევ, რათა მომხმარებლებს უნაკლო ფიგურები შევთავაზო.

როგორ ფიქრობ, რატომ მოსწონთ ადამიანებს შენი ნამუშევრები?

-ვფიქრობ, ადამიანებს იმიტომ მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, რომ თითოეულ მათგანს გულით ვამზადებ, რაც შედეგზე ნამდვილად ისახება.

როგორი გრძნობაა, როცა ვინმე სპეციალურად შენს ნამუშევარს ირჩევს და გიკვეთავს?

-ასეთ დროს ძალიან დიდ სიხარულს ვგრძნობ, ვთვლი, რომ ჩემი შრომა ფასდება და უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებ  საქმიანობას.

როგორ უთავსებ სწავლას და შენს საყვარელ საქმიანობას?

-პრიორიტეტი სწავლაა. სკოლიდან დაბრუნებისას ჯერ გაკვეთილებს ვამზადებ, თავისუფალ დროს კი ჩემს საქმიანობას ვუბრუნდები.

რა არის ყველაზე რთული სანთლებისა და თაბაშირის ფიგურების დამზადების პროცესში?

-სანთლებისა და თაბაშირის დამზადების პროცესში ყველაზე რთული ფიგურების ყალიბებიდან ამოღებაა, რადგან ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. არის რისკები, რომ ფიგურები დაზიანდეს. სანთელი შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შეცდომას „გპატიობს“, რადგან შემიძლია თავიდან დავადნო და მოვათავსო ყალიბში, თაბაშირი კი – არა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს პროცესი ყველაზე რთულია.

ოჯახის წევრები როგორ გეხმარებიან და მხარს როგორ გიჭერენ?

-ჩემი ოჯახის თითოეული წევრი მხარს მიჭერს. თუმცა უნდა ვთქვა ის, რომ ყველაზე მეტად მაინც დედაა ჩართული ჩემს საქმიანობაში. მის გარეშე არაფერი გამომივიდოდა.

-უთხარი ჩვენს მკითხველს როგორ შეუძლიათ შეგიკვეთონ სანთლები ან თაბაშირის ფიგურები?

-სანთლები ან თაბაშირის ფიგურები შეგიძლიათ ფეისბუქ გვერდიდან შეუკვეთოთ, სპეციალურად ამ საქმიანობისთვის შევქმენით. „Candles by Elene სანთლები ელენესგან“ – ამ სახელწოდებით შეძლებთ გვერდის მოძებნას.

მომავალში კიდევ რა ნივთების შექმნა გინდა?

-ჯერ არ გადამიწყვეტია. მინდა, სანთლებისა და თაბაშირის ფიგურების დამზადება უფრო დავხვეწო და განსხვავებული ვარიაციები და მოდელები შევთავაზო მომხმარებელს. ახალი ნივთების დამზადებაზე კი ამის შემდეგ ვიფიქრებ.

რა სურვილები და სამომავლო მიზნები გაქვს, რომელიც შენს საქმიანობას უკავშირდება?

-მინდა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემი საქმიანობის შესახებ და მქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც უფრო მეტი ნივთის დამზადებას შევძლებ. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება თავად გვესტუმროს, დაათვალიეროს და შეიძინოს ჩემი ნამუშევრები.

რას ეტყოდი იმ ბავშვებს, რომლებსაც ხელნაკეთი ნივთების  შექმნა აინტერესებთ, მაგრამ ჯერ ვერ ბედავენ დაწყებას?

-ბავშვებს ვეტყოდი, რომ რისი გაკეთებაც მთელი გულით სურთ აუცილებლად დაიწყონ ის საქმიანობა. მართალია, არც თუ ისე მარტივია ის გზა, რასაც გაივლიან, თუმცა როდესაც შენი საქმიანობა გიყვარს და ხარ შრომისმოყვარე, შეუძლებელი არაფერია. ამიტომ ვურჩევდი,  არ გადადონ ხვალისთვის, ან ზეგისთვის. დაიწყონ დღესვე და ისიამოვნონ თითოეული პროცესით. ყველას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ,,მიმი კოსის” ასეთი შესანიშნავი საჩუქრისა და, რაც მთავარია, ყურადღებისთვის. ძალიან გამახარეთ და გული გამითბეთ თქვენი პატივისცემით. ულევ წარმატებას გისურვებთ მომავალში

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული