ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების შესახებ“- ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანას.
ცვლილების შესაბამისად, დაზუსტდა ქალაქ ბოლნისში განსახორციელებელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი. ახალი რედაქციით გათვალისწინებულია იმერეთის, ოჩხიკიძისა და ბაგრატიონის ქუჩებზე (იმერეთის №2-დან იმერეთის №8-მდე მონაკვეთი) გზის მოწყობის სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული საკითხი სხდომაზე სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ წარადგინა.
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით, სასყიდლით სარგებლობის უფლებით გაცემას. საკითხი მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა გიზო კორტავამ წარადგინა. მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განსაზღვრული ვადითა და პირობებით, აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გაცემაზე.
რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა სოლომონ ჩარკვიანმა წარადგინა. ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“-საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში შედის და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების უზრუნველყოფასა და საბიუჯეტო რესურსების კიდევ უფრო ეფექტიან განაწილებას.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი სვანიძის განცხადებით,საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მუნიციპალიტეტის თანმიმდევრული განვითარებაა. მიღებული გადაწყვეტილებები მიმართულია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე მუნიციპალური ქონების ეფექტიანი მართვისა და საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი განაწილებისკენ. თითოეული ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ ბოლნისში განხორციელდეს მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და შეიქმნას კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჩვენი მოსახლეობისთვის









