ზოგჯერ დიდი სიკეთე ერთი პატარა ნაბიჯით იწყება, ერთი თასი წყლით, ლუკმა საკვებით და ერთი გადარჩენილი სიცოცხლით. სწორედ ასეთი პატარა ნაბიჯებით იქცა ერთი ეზო ათეულობით მიუსაფარი ცხოველისთვის უსაფრთხო თავშესაფრად. სოფელ ქვეშში, პატარა ეზოში, უკვე ოთხი წელია, ოთხფეხა ბინადრები ყოველდღიურ სიყვარულსა და მზრუნველობას გრძნობენ. აქ თითოეულ ცხოველს თავისი მძიმე ისტორია აქვს, თუმცა ყველას ერთი საერთო, იმედი აერთიანებს. ამ ისტორიამ გერმანიამდეც მიაღწია. მრავალი წლის წინ გერმანიაში წასულმა ბოლნისელმა ემიგრანტმა მარინა ახიჯანოვი-კეილიმ, რომელსაც მშობლიურ მუნიციპალიტეტთან კავშირი დღემდე მჭიდროდ აქვს შენარჩუნებული, ოჯახთან ერთად გადაწყვიტა, სიკეთის ნაწილი გამხდარიყო. მარინას მეუღლის სტომატოლოგიურ კლინიკაში, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, სპეციალური შემოწირულობების ყუთში კეთილი ადამიანების მიერ დატოვებული თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივას ხმარდება. ამჯერად მარინამ და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, ამ სიკეთის ნაწილი ბოლნისამდეც მოეტანათ და შემოწირული თანხით დახმარება სოფელ ქვეშში მცხოვრები თამარ ურუმიდისთვის გაეწიათ. ქალისთვის, რომელმაც საკუთარი სახლი მიუსაფარი ცხოველებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად აქცია.
სპეციალურად მოწყობილ სივრცეში დღეს დაახლოებით 20 ძაღლი ცხოვრობს. თითოეული მათგანი აქ გადარჩენის საკუთარი ისტორიით მოხვდა, ზოგი ავადმყოფი, ზოგი მშიერი, ზოგი კი სიკვდილის პირას მყოფი. თამარი მათ მკურნალობს, კვებავს, სიყვარულით უვლის და, ამავდროულად, ქუჩაში დარჩენილ მიუსაფარ ცხოველებსაც ყოველდღიურად აწვდის საკვებსა და წყალს. ამ ყველაფერს დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრებით აკეთებდა, ბოლო პერიოდში კი გვერდში „თათების იმედი“ დაუდგა.
ცხოველთა მოყვარულისთვის, სიკეთის კეთება ყოველთვის მარტივი არ არის. თამარი ხშირად საზოგადოების ნაწილის კრიტიკისა და ბულინგის სამიზნეც ხდება. მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის გზა ცხოველების ქუჩაში დატოვება კი არა, მათი სტერილიზაცია, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მზრუნველი პატრონების მოძიებაა. ამიტომაც ყოველდღიურად ცდილობს, მის მიერ შეფარებულ ოთხფეხებს მოსიყვარულე ოჯახები უპოვოს.
თამარის ისტორიის გაცნობის შემდეგ მარინამ სწორედ შემოწირული თანხით შეიძინა ძაღლებისთვის საჭირო საკვები, მედიკამენტები. მან ასევე მოინახულა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი, სადაც სიკვდილისგან გადარჩენილი ცხოველები დღეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ. მარინას თქმით, ეს მხოლოდ ერთი ქველმოქმედება არ არის. მომავალშიც სურს, დორტმუნდში შემოწირულობებით დაგროვილი თანხებით ბოლნისში სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო ინიციატივა განახორციელოს და გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად, უხმაუროდ და უანგაროდ ზრუნავენ სხვებზე.





