ჯარის ბანაკში  ბოლნისიდან 40-ზე  მეტი  ახალგაზრედა იმყოფება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,  ახალგაზრდობის  სააგენტოსთან თანამშრომლობით,  2023 წლიდან ახორციელებს პროექტს „ჯარის ბანაკი“ რომელშიც  ამ დროის განმავლობაში 5000- ზე მეტმა 14- დან 17 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.  წელს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით ბანაკში  40- ზე მეტი  ბოლნისელი ახალგაზრდა მე-7  როტაციაზე იმყოფება.

ელენა ანანოვა, მონაწილე:

ძალიან ბედნიერი ვარ,  რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა  მიმეღო  თავგადასავლებით სავსე ბანაკში. აქ ყოველი დღე ახალი გამოწვევებითაა სავსე. ფიზიკურ აქტივობებთან ერთად ვსწავლობთ გუნდურობას, დისციპლინასა და პატრიოტიზმს .მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს ამ შესაძლებლობისთვის.

ნიკოლოზ ჩაგელიშვილი,   მონაწილე:

ემოციებს ვერ ვმალავ, რომ წარმოვიდგენ რამდენიმე დღეში  აქაურობას დავტოვებ, ძალიან განვიცდი. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამომადგება.

გიორგი საცკოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი:

,,ჯარის ბანაკი 2026“ – ის მონაწილეთა შერჩევა მოხდა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, რეგისტრაციის საშუალებით. ახალგაზრდები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ბანაკის მოთხოვნებს დარეგისტრირდნენ შესაბამის ბმულზე და წარმოადგინეს სამოტივაციო წერილებიც. შეირჩა ჯამში 46 ახალგაზრდა, რომლებსაც მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღით აღნიშნულ ბანაკში 2026 წლის 26 ივლისიდან 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ვფიქრობ,  ბანაკი ძალიან კარგ გავლენას იქონიებს ახალგაზრდებზე, რადგანაც ბანაკი საკმაოდ კარგად ორგანიზებული და დატვირთულია, როგორც ფიზიკური,  ასევე ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით.  მათ აქვთ დროის ეფექტურად და ნაყოფიერად მართვის შესაძლებლობა და  ასევე შესაძლებლობა, შეიძინონ და  გამოიმუშაონ ცხოვრებაში საჭირო უნარ-ჩვევები, რაც დადებით გავლენას იქონიებს მათზე.  არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბანაკი სრულიად გამსჭვალულია ჯანსაღი ცხოვრების წესის, პატრიოტიზმისა და ერთმანეთის გვერდში დგომის პრინციპებით.

კოჯორში , გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, ჯარის ბანაკში, ყოველი დილა სახელმწიფო ჰიმნით, დისციპლინითა და პატრიოტული სულისკვეთებით იწყება.

ჯარის  ბანაკი ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარი თავგადასავალის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების ადგილია. მონაწილეები ოცეულებად არიან დაყოფილი და სერჟანტების ინსტრუქტაჟით და  გამოცდილი ოფიცრების ხელმძღვანელობით, მკაცრი, საინტერესო და მრავალფეროვანი დღის განრიგით,  სხვადასხვა ფიზიკურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ერთვებიან. ჯარის ბანაკში ყოველი საათი, წუთი და წამი დაგეგმილია, დილის 7 საათიდან დაწყებული დღე ახალგაზრდებისთვის, დატვირთული და საინტერესო გამოწვევებითაა  სავსე . სწავლობენ დაბრკოლების გადალახვას , ტოპოგრაფიას, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, სამთო ინჟინერიას და ეცნობიან სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულებებს. ბანაკში თითოეული დავალება არის გუნდურობის, ურთიერთ დახმარების და სიმტკიცის გამოვლენის შესაძლებლობა, აქ შესრულებული მკაცრი და საინტერესო აქტივობებით,   მონაწილეები ცდილობენ ასახელონ მათზე მიმაგრებული სერჟანტი, მედროშე და თანამებრძოლი.  ჯარის ბანაკში განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო გარემოს  ეთმობა,  მონაწილეებზე  სამედიცინო პერსონალი და გამოცდილი სამხედროები ზრუნავენ.

სათავგადასავლო ბანაკში ოცეულები ჩვენი დროის გმირების სახელებს ატარებენ, აქვთ საკუთარი სიმღერა, დროშა და მაისურის ფერი, რომელსაც დაუვიწყარი და ემოციებით სავსე  6 დღის მანძილზე, რწმენითა და ღირსებით იცავენ.   ფიზიკური და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული დღის ბოლოს, ახალგაზრდები ტრადიციული კოცონის ირგვლივ იკრიბებიან, ერთმანეთს დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და ახალ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს ქმნიან ბანაკზე, სადაც რწმენა, პატრიოტიზმი ,   გუნდურობა და პრინციპი ერთად, ერთ მჭიდრო კავშირშია.  

მარინა გავაშელი

                                                                                                                                                                

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული