ხელოვანები ქმნიან იმისთვის, რომ გააოცონ, აღაფრთოვანონ, შთაბეჭდილება მოახდინონ, მაგრამ არსებობენ შემოქმედნი, ვისთვისაც ეს სულიერი გზავნილი, ლოცვა და მსახურებაა. სწორედ ასეთი ხელოვანია ჩვენი რესპონდენტი მაგდა ურუმაშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თბილისში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომავალი დმანისს დაუკავშირა და შექმნა შესანიშნავი ოჯახი, ჰყავს მეუღლე სოსო ურუმაშვილი, ორი ქალიშვილი მარიამი და ქეთევანი. ქალი, რომელმაც ხატწერაში აღმოაჩინა თავისი უმთავრესი დანიშნულება, ცდილობს, ქალიშვილებსაც ასწავლოს ეს მადლიანი საქმე. მაგდა უკვე ოცი წელია ხატებს წერს , 31 წლის ასაკში, თავის თავში აღმოაჩინა ღვთისკენ მიმავალი გზა. მისი პირველი ხატი დაიბადა განსაკუთრებულ მომენტში – მეორე შვილის მოლოდინში.
„მინდოდა ღვთისმშობლის ხატი დამეწერა ჩემი ექიმისთვის, რომელიც დამეხმარა მეორე შვილის გაჩენაში”, – იხსენებს იგი. ღვთისმშობლის ხატები მისთვის ყველაზე ძვირფასია. მისი მიზანი არ არის მხოლოდ ნამუშევრების შექმნა. „მინდა, რომ ხალხმა მადლი და კურნება მიიღოს და ეზიაროს წმინდანების სულიერ სამყაროს”, – ამბობს ხატმწერი ჩვენთან ინტერვიუში.
დღემდე, მან 400-ზე მეტი ხატი შექმნა, რომლებიც განაწილებულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – იორდანიაში, იერუსალიმსა და რუსეთში. ,,ერთი ჩემი ხატი იორდანეს ეპისკოპოსს აქვს პირადად, ერთი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეუფეს, ასევე დედაოებს.“
ხატწერის პროცესი მისთვის სულიერი ბრძოლაა. „ბევრი წინააღმდეგობის გადატანის შემდეგ, ვიწყებ ხატწერას”, – აღნიშნავს იგი. როცა ხატზე მუშაობას იწყებს, გრძნობს, რომ უფლის მადლი უხვად მოედინება –,, სიყვარულით, სიხარულით, სიმშვიდით ვივსები” – ამბობს მაგდა ჩვენთან საუბარში.
წმინდანები, მისი რწმენით, მუდმივად მასთან არიან. განსაკუთრებით კი მამა გაბრიელი და პატრიარქი. „ერთხელ წმინდა გიორგი კარსლიდისის ხატის წერის დროს, ზემოთ რომ ავიხედე, ვიგრძენი, რომ ეს წმინდანი ჩემს სახელოსნოში იდგა და მიყურებდა”.
ხატწერისთვის იგი ბუნებრივ პიგმენტებსა და ძველ ტექნიკას იყენებს, ხშირად თავადვე გრუნტავს ცარცითა და ჟელატინით. როგორც მაგდა ამბობს : „ასე შექმნილი ხატები, საუკუნეებს უძლებს”
მისი ცხოვრება მთლიანად სულიერებით არის გაჯერებული – ოჯახი, ხატწერა, ეკლესიაში სიარული, წმინდა წიგნების კითხვა. ყველაზე მეტ სულიერ ძალას დედაღვთისმშობლის ხატებში ხედავს, განსაკუთრებით „მსწრაფლშემსმენელის” ხატში.
ოჯახი მისთვის სიწმინდისა და სულიერების საყრდენია. ,, ოჯახის სიწმინდემ, ერთიანობამ, რწმენამ და საეკლესიო წესების დაცვამ, ჩემი ხელოვნება სულიერად აამაღლა. ყოველი წუთი გათვლილი მაქვს, თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. ჩემი ცხოვრება შემოიფარგლება ოჯახზე ზრუნვით, ხატების წერით, ეკლესია-მონასტრებში მოლოცვებითა და წმინდა წიგნების კითხვით”, – გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა.
„ჩემი ხატების ერთ-ერთი მიზანია,საქართველო დაიცვას, გაამთლიანოს და ყველა ადამიანს ბედნიერება მიანიჭოს”, – ამბობს იგი იმედით სავსე ხმით. მისთვის ხატწერა სიყვარულის, რწმენისა და ღვთის სამსახურის გზაა.
მარიამ ონიანი



