,,ნათქვამია, ერთ ადამიანს შეუძლია მსოფლიო შეცვალოსო. მსოფლიო ჯერ არა, მაგრამ ჩვენი სკოლის ცხოვრება ნამდვილად შეცვალა ჩინარას მონდომებამ, პასუხისმგებლობამ, მიზანდასახულობამ. „ის ჩვენი სკოლის ვარსკვლავი და წარმატებაა“ – ასე აფასებს სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს ჩინარა ნაბიევას მისი, ქართული როგორც მეორე ენის პედაგოგი ქეთევან ლიქოკელი.
დიდი შრომით, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩინარა ნაბიევამ შეძლო ეროვნულ ოლიმპიადაზე გამარჯვების მოპოვება. თუმცა გზა გამარჯვებამდე რთული იყო. პედაგოგმა და მოსწავლემ ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლეს. ეროვნული ოლიმპიადა სამი ეტაპისგან შედგება. მესამე ეტაპი, დავალების პირობის შესაბამისად, მოითხოვდა დაწყებული ამბის მისეული დასრულების ვერსიას და ესეს დაწერას, ამისთვის საჭირო იყო ბევრი ნაწარმოებები წაეკითხა, თემები დაეწერა, ემსჯელა, რათა სასურველი შედეგისთვის მიეღწია. შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა და მას გამარჯვება მოუტანა.
„ეს არის ჩვენი სკოლის წარმატება, ვარსკვლავი. აქვს უამრავი სიგელი,, დიპლომი თუ მედალი, მას მეხუთე კლასიდან ვასწავლი ქართულს და არა მარტო, მისთვის სახელმწიფო ენის სწავლა გახდა ყველა საგნის შესწავლის წარმატებული გზა. ის ძალიან მშრომელი და პასუხისმგებლიანი მოსწავლეა. ამას თან ერთვის მისი შემოქმედებითი, ანალიტიკური უნარები. არ არსებობს დავალება, რომელსაც ჩინარა ვერ გაართმევს თავს, ასწავლი ერთს, სწავლობს ათასს. ასევე მას აქვს უნარი პრაქტიკაში გამოიყენოს შეძენილი ცოდნა. მაგალითად არსებული სიტუაცია დააკავშიროს გამოცდილებასთან, შეადაროს, შეაფასოს და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს, უამრავ კონკურსში იღებს მონაწილეობას, ასე ერთად, – ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ“. აღნიშნა პედაგოგმა ქეთევან ლიქოკელმა.
სკოლა ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, 2021 წლიდან კი კლუბ „იმედის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ჩინარა ამზადებს სკოლის საინფორმაციო გადაცემას „აკაურთა მაცნე“, სადაც მაყურებელს აცნობს სკოლის სიახლეებს, აქვეყნებენ ინტერვიუს და ამზადებენ სიუჟეტებს სხვადასხვა მნიშვნელოვან დღეებთან დაკავშირებით.