პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიძიების პროცესი ყველაზე კარგი მასწავლებელია - რას გვირჩევს ახალგაზრდა ადვოკატი

ძიების პროცესი ყველაზე კარგი მასწავლებელია – რას გვირჩევს ახალგაზრდა ადვოკატი

ადამიანების დიდმა სიყვარულმა და დახმარების სურვილმა, მისი პროფესია განსაზღვრა, პროფესია რომელსაც თავისი სპეციფიკა, აუცილებელი უნარ-ჩვევები და საქმიანობის სტილი გააჩნია. ადამიანებში ნდობის მოპოვება, სამართლებრივ გზაზე დაყენება და სამართლიანობის აღდგენა – ეს ნაწილია იმ უნარჩვევებისა, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა პატარაობიდან შეიძინა, მისი ბავშვობა კი მძიმე 90 იან წლებს უკავშირდება.  მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ საქართველოში, ოჯახები რთულ მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ, თითო ნათელი სხივი ყველა ოჯახსა თუ სამეზობლოში ენთო. ასეთი ჩვენი რესპოდენტისთვის დედა გახლდათ, რომელმაც ის რთული წლები მოგონილი თეატრალური დადგმებით, კონცერტებითა და ბევრი საინტერესო აქტივობით გადაატანინა პატარებს. პროფესიით პედაგოგ დედას სურდა ჩვენი რესპოდენტიც მის გზას დადგომოდა, თუმცა მარიამმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა. როგორც თავად ამბობს, მას თავისი საქმე ძალიან უყვარს და თვლის, რომ არა მხოლოდ მის პროფესიას, არამედ ნებისმიერ საქმეს სიყვარული, გულისხმიერება და შრომისმოყვარეობა სჭირდება. მიუხედავად გამოწვევებისა, მარიამ სამსიანი დღეს უკვე შემდგარი  აქტიური და რეალიზებული ადვოკატია.

-გაგვეცანით, ვინ არის მარიამ სამსიანი, მოგვიყევით ბავშვობაზე

-მარიამ სამსიანი, 33 წლის. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ბოლნისში. მყავს დედ-მამა და სამი და-ძმა. ვერ ვიტყვი, რომ ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა.  ოთხმოცდაათიანი წლების სიდუხჭირის პერიოდი იდგა, სადაც ყველაფრის დეფიციტი გახლდათ და ნამდვილად არავის ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. მოგეხსენებათ, ოთხი შვილის გაზრდა არ არის ადვილი შიმშილისა და გავრცელებული კრიმინალის გარემოცვაში, მაგრამ ნამდვილად  შეუძლებელი შეძლეს ჩემმა მშობლებმა. თუმცა,  ეს პერიოდი გამოირჩევა  იმითაც, რომ გვყავდა არაჩვეულებრივი სამეზობლო და  ჭირსა თუ ლხინს, ერთად ვიზიარებდით და დღემდე, ასე გვერდში დგომით მოვდივართ.  მშობლები, განსაკუთრებით დედა, ყოველთვის ცდილობდა ყველანაირი პრობლემის გადაფარვას.  ყველა ბავშვს შეგვკრებდა სამეზობლოდან და საოცარ კონცერტებს თუ სპექტაკლებს გვადგმევინებდა. ჩვენ ეზოში მუდამ ჟრიამული იყო.

გავიხსენებ ძალიან პატარა ეპიზოდს, როდესაც უბნის ბავშვები ჩვენს სახლში ვიყავით და ,,ნაყინის კაცმა“ ჩამოიარა ყველანი თვალებში შევყურებდით დედას- მასაც რა უნდა ექნა, ადგა და უკანასკნელი 50 თეთრით ერთი ნაყინი იყიდა, რომელიც აღარ მახსოვს, რამდენ ნაწილად დაჭრა, რომ ყველას შეგვხვედროდა. დღემდე ყველანი  დიდი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებთ იმ გასულ წლებს. ვფიქრობ, ამ პერიოდში ვისწავლეთ გამძლეობა და  სხვაზე ზრუნვაც.

-გავიხსენოთ სკოლის წლები, სად გააგრძელეთ სწავლა?

-დავამთავრე ,,გიმნაზია“, ახლანდელი N5 საჯარო სკოლა. სკოლის წლები ნამდვილად კარგად მახსენდება. ვფიქრობ განსაკუთრებული სკოლა იყო, ერთად შეკრული, შემოქმედებითად დატვირთული ბავშვებით, რისი მთავარი ხელშემწყობიც, მაშინდელი სკოლის დირექტორი ლეილა ალადაშვილი გახლდათ. 2009 წელს სწავლა გავაგრძელე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

-პროფესია თქვენით შეარჩიეთ თუ იყო ვინმეს გავლენა?

-პროფესია შევარჩიე ჩემით. როდესაც წამოიჭრა საკითხი, თუ  რომელ ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა, ყველასათვის ნამდვილად მოულოდნელი  იყო, სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარების გადაწყვეტილება.

დედას დიდი სურვილი ჰქონდა მის გზას გავყოლოდი და პედაგოგი გავმხდარიყავი – თუმცა, ასე არ მოხდა.

-პირველი ნაბიჯები პროფესიაში, როგორია თქვენი პროფესიული ბიოგრაფია?

-2013 წელს წარმატებით დავამთავრე უნივერსიტეტი. 2014 წელს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გავიარე ერთწლიანი სტაჟირება და 2015-დან 2019 წლამდე ვიყავი სასამართლო მოხელე. მყავდა შესანიშნავი გუნდი და სწორედ სასამართლოში მომეცა საშუალება, ჩემი პროფესია მეტად განმევითარებინა.

2023 წელს ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. ერთწლიანი ადაპტაციის (სასწავლო) კურსის გავლის შემდეგ, გავხდი ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

-ვინ არის ადვოკატი?

-წმინდა სამართლებრივი ტერმინებით რომ არ შეგაწყინოთ თავი, ვიტყვი, რომ ადვოკატი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნა და უნარი, გაუწიოს სამართლებრივი დახმარება ნებისმიერ პირს, რომელსაც ეს ესაჭიროება. დააყენოს სწორ სამართლებრივ გზაზე და შეუმსუბუქოს ის ტვირთი, რაც ახლავს საქმის წარმოებას და არაიურისტი ადამიანისთვის, მეტნაკლებად ძნელად გასაგები და აღსაქმელია.

-როგორც ყველა, თქვენს პროფესიასაც გააჩნია თავისი სპეციფიკა, რა აუცილებელი უნარ-ჩვევებია საჭირო საადვოკატო საქმიანობაში?

-არა მხოლოდ ადვოკატობას, ნებისმიერ საქმეს სჭირდება სიყვარული, გულისხმიერება და შრომის მოყვარეობა. ნებისმიერ პროფესიას უნდა ეკიდებოდე პასუხისმგებლობით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანის ბედი და მისი მდგომარეობა  გარკვეულწილად შენზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ადვოკატთან დალხენილი ადამიანი არ მიდის. ის ფაქტი, რომ იგი შენს მიმართ ნდობას გამოხატავს, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შენ ყველაფერი უნდა გააკეთო, ამ ნდობის გასამართლებლად.

-როგორ უთავსებთ ერთმანეთს საადვოკატო საქმიანობას და ოჯახს. თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და რას აკეთებთ ამ დროს?

-ოჯახი შევქმენი 2018 წელს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი შვილი – ხუთი წლის გოგონა და 4 წლის ბიჭი. იმის მიუხედავად, რომ ოჯახი ძალიან დიდი სიყვარულით შევქმენით, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, რაც ახალ ოჯახს ყოველთვის ახასიათებს. ორი შვილი მალევე შემეძინა, რაც დამეთანხმებით, ძალიან სტრესული იყო ჩემთვის. რაღაც პერიოდი პროფესიულად ცოტა დავიკარგე, მაგრამ სწორედ ოჯახის ხელშეწყობით, თანადგომით და ჩემი უდიდესი მონდომებით, ყველაზე რთულ სიტუაციაში, შევძელი გავმხდარიყავი ის, რაც დღეს ვარ. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ოჯახს. თავისუფალი დრო  დიდი ფუფუნებაა ჩვენ დროში. ჩემი პატარები ყოველთვის აპროტესტებენ ჩემ სწავლას. ასე რომ, ვცდილობ თავისუფალი დრო მათთან გავატარო და დავკავდეთ სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებებით.

-რას იტყვით განათლების სისტემაზე, რამდენად რთულია დასახული მიზნისკენ გზა?

-განათლების სისტემაში ბევრ რამეს შევცვლიდი და ამაზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს. თუმცა არის ერთი ფაქტორი – თავდაპირველად ბავშვისთვის განათლების მიცემა მოდის ოჯახიდან. როგორც ზემოთ ვახსენე, ცუდ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, მაგრამ არ მახსენდება დღე, როდესაც დედას ჩვენთვის არ ესწავლებინა, რამე ახალი, იქნებოდა ეს ლექსი,  სიმღერა თუ ზოგადად ქცევის წესები. იმ გაჭირვების ფონზეც კი, როდესაც მთავარი საფიქრალი იყო, დღეს ბავშვებს პური თუ ექნებათ?!, ჩემ მშობლებს არასდროს არ დაუკარგავთ მიზანი იმისა, რომ განათლებულები, გონებაგახსნილები ვყოფილიყავით. ვფიქრობ, მშობლებმა გაგვიღვივეს აზროვნებისა და ფიქრის უნარი, სიკეთის კეთების უნარი, წიგნის სიყვარული და ა.შ.  იმის თქმა მინდა, რომ განათლება მხოლოდ სასკოლო პროგრამის დასწავლით არ შემოიფარგლება.

-რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც დღეს საქართველოში იურიდიული სფეროს წინაშე დგას?

-რადგან კერძო საქმიანობაში ვარ ჩართული, კერძო სფეროს გარშემო მოგახსენებთ. ძირითადი პრობლემა არის ნდობის ფაქტორი. თავად ადვოკატების უპატიოსნო მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ კონტროლდება – მითუმეტეს პატარა რეგიონებში. მინახავს მოტყუებული ხალხი, რომელთაც არ იციან რა ქნან. რა თქმა უნდა ეს საყოველთაო პრობლემაა და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება.

-რას ურჩევდით დამწყებ ადვოკატებს,  ვინც  გადაწყვიტა, რომ თქვენი პროფესიის განხრით წავიდეს? რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება?

-ვურჩევდი, არ შეუშინდეთ სირთულეებს, ისწავლეთ მეტი, იყავით აქტიურები, დამოუკიდებლები, თავისუფლები, მეტი ეძიეთ – რადგან ძიების პროცესი ყველაზე კარგი მასწავლებელია. გახსოვდეთ, შრომა ყოველთვის ფასდება იმ დოზით, რა დოზითაც იშრომებთ.

-რას მიიჩნევთ  თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?

-მახსოვს ის დღე, როდესაც ჩავირიცხე უნივერსიტეტში, რადგანაც ძალიან მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ  უნდა მესწავლა. ჩემს პირველ დიდ წარმატებადაც ალბათ უნივერსიტეტში ჩაბარებას მივიჩნევდი. თუმცა, რადგან უკვე დედა ვარ, მთავარ წარმატებად  შვილების სწორად აღზრდას ჩავთვლი. ჯერჯერობით, როგორც სხვები ამბობენ, ეს საქმე კარგად გამომდის. ვნახოთ რა იქნება მომავალში.

-თქვენი აზრით, ვინ უფრო დამნაშავეა, ნემსის ქურდი თუ აქლემის ქურდი?

-რადგან უკვე ოფიციალურად ადვოკატი ვარ, ვიტყვი, რომ მთავარია მოვიპოვოთ გამამართლებელი მტკიცებულებები.

                                                                        ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები