ორშაბათი, მაისი 20, 2024
spot_img

ჩემთვის არაფერია იმაზე ფასეული და ღირებული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მომავალი

თამთა ანდრიაძე წარმატებული ქართველი სტუდენტია, მისი მიზანია ცოდნის მწვერვალების დაპყრობა, ამიტომ არასდროს ჩერდება, მუდამ სიახლის ძიებაშია. ამჯერად, თამთამ მოახერხა 3000 აპლიკანტს შორის მოწინავე ადგილის დაკავება და პოლონეთისა და ამერიკის უნივერისტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. გარდა ამისა, იგი წაიკითხავს ლექციებს, საკუთარი ქვეყნის განვითარებასა და პოლიტიკური კურსის შესახებ. თამთა წარმატების მთავარ საიდუმლოსაც გვიმხელს და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ -,,წარმატების მთავარი და ყველაზე დიდი საიდუმლო თავდაუზოგავი შრომაა.“

  • მოგესალმებით, თამთა. ჩვენი მკითხველისათვის უცხო არ ხართ, თუმცა ამჯერად, განსაკუთრებული და სასიხარულო ამბავი გვინდა ვამცნოთ საზოგადოებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კონკურსში გაიმარჯვეთ, პოლონეთსა და ამერიკაში მიემგზავრებით. მოგვიყევით რა სახის კონკურსი იყო, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა და როგორ შეგარჩიეს?

მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით ჩემი წარმატების გაზიარებისთვის. მოგეხსენებათ, საერთაშორისო განათლების მიღება ყველა სტუდენტის ოცნებაა, რომლის ახდენასაც მრავალწლიანი დაუღალავი შრომა სჭირდება. კონკურსი ორივე ქვეყანაში განსხვავებული ფორმატის იყო. პოლონეთის უნივერსიტეტში ჩაბარების კრიტერიუმები განისაზღვრა აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე, ხოლო ამერიკაში კონკურენცია ბევრად მაღალია, ამიტომ საჭირო გახდა არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრება, არამედ პროფესიული ტესტირების ჩაბარება და ინგლისური ენის დონის განსაზღვრა. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 3000 აპლიკანტი.

  • რამდენი ხნით მიდიხართ და რომელ უნივერსიტეტში განაგრძობთ სწავლას?

პოლონეთში სწავლას ვაგრძელებ ვროცლავის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 6 თვით, ხოლო ამერიკაში კოლუმბიის უნივერსიტეტში, 3 თვით. ვამაყობ რომ სწავლასთან ერთად  მაქვს შესაძლებლობა წავიკითხო ლექციები საკუთარი ქვეყნის განვითარებისა და პოლიტიკური კურსის შესახებ.

  • რა მიმართულებით ისწავლით პოლონეთსა და ამერიკაში?

ორივე უნივერსიტეტში ვისწავლი საჯარო მმართველობისა და საერთაშორისო პოლიტიკის განხრით.

  • თამთა, წინა ინტერვიუში თქვი, ,,მე ყველაფერს შევძლებ, რასაც მოვინდომებ“-ო, ფაქტი სახეზეა, პროგრესს არ წყვეტთ და სიახლეებით გვანებივრებთ. როგორია დღევანდელი თამთას მოტივაცია და სამომავლო გეგმები?

ცხოვრებაში არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, როდესაც ხედავ, რომ მრავალწლიანი შრომის შემდეგ დასახულ მიზანს უახლოვდები. დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი სამომავლო გეგმები საერთაშორისო განათლების მიღებას უკავშირდება, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობებს, ამას ერთად ვნახავთ უახლოეს მომავალში.

  • წინა ინტერვიუს თუ გავიხსენებთ,იქ ამბობთ, რომ აუცილებლად აპირებთ ამერიკიდან დაბრუნებას და თქვენი ცოდნის სამშობლოში რეალიზებას. ფიქრობს თუ არა იმავეს დღეს თამთა ანდრიაძე?

რა თქმა უნდა! ჩემთვის არაფერია იმაზე ფასეული და ღირებული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მომავალი. გარშემო არაერთი ადამიანი თვლის, რომ ჩემი  შესაძლებლობები და გონებრივი რესურსი  სხვა ქვეყანას უნდა მოხმარდეს, რადგან იქ უკეთესად შევძლებ რეალიზებას, თუმცა ეს აზრი ჩემთვის საყურადღებო არასდროს ყოფილა, რადგან ვთვლი, რომ ჩვენ ვართ თაობა, რომელიც შეცვლის და განავითარებს საქართველოს!

  • თამთა, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დასახული მიზნების რაღაც ნაწილს უკვე მიაღწიეთ. როგორი შეგრძნებაა ,,დათესილის“ ,,მომკის“ პროცესი?

როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, ყველაზე დიდი სიამოვნება, საკუთარი წარმატებით ტკბობაა, თუმცა ადამიანი არ უნდა მოექცეს „კომფორტის ზონაში“. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავს არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას და მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებ განვითარებას.

  • გაგვიმჟღავნეთ თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო და მიეცით ერთი და თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ახალგაზრდებს.

წარმატების მთავარი და ყველაზე დიდი საიდუმლო თავდაუზოგავი შრომაა. ადამიანებს ხშირად გვაქვს მომენტები, როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ ეს არ გამოგვივა, როდესაც არ გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობებისა და წარმატებული მომავლის, თუმცა ზუსტად ეს მომენტები უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ და დავამტკიცოდ, რომ ,,ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, რასაც მოვინდომებთ“!

არასოდეს დანებდეთ, ეს იქნება გარანტი სამომავლო წარმატებისა.

მადლობა, გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სტატიები

1 კომენტარი

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები