დატვირთული სტუდენტური ცხოვრების პერიოდში, სოციალური ცხოვრებისა და პირადი ინტერესების დაბალანსება ხშირად რთული ამოცანაა, თუმცა თინათინ ურუმაშვილი ახერხებს, სწავლასთან ერთად, შეინარჩუნოს სიყვარული ფერწერის მიმართ. განტვირთვას სწორედ ხელოვნების მეშვეობით ახერხებს და ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც მის შინაგან სამყაროს გამოხატავს. მოყვარული მხატვარი ინტერვიუში გვესაუბრება თავის საყვარელ ნახატზე, ხატვის სტილსა და იმ გრძნობებზე, რომელსაც მას ხატვა ანიჭებს.
-მოგესალმებით, შეგიძლიათ ცოტა მეტი გვიამბოთ თქვენ შესახებ რამდენი წლის ხართ, სად სწავლობთ და რით ხართ დაკავებული?
-გამარჯობა, მე ვარ თინათინ ურუმაშვილი, 18 წლის, ვსწავლობ მარნეულის კოლეჯში, ფარმაციაზე. ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვარ საკუთარი თავის განვითარებაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხატვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა და თავისუფალ დროს ვხატავ განტვირთვის მიზნით.
–რამდენი ხანია რაც ხატავთ, პირველად რამ შთაგაგონათ დაგეწყოთ ხატვა?
-ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ხატვა და შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ხელოვნებისადმი ხედვა, ანუ ჩემი განსხვავებული აღქმა .
-როგორია ხატვის პროცესი, ჯერ ესკიზს აკეთებთ,თუ პირდაპირ ფერწერაში
გადაშვებას ამჯობინებთ?
-როგორც კი მუზა მეწვევა, ვიწყებ საჭირო ნივთების შეგროვებას დასახატად (მაგ: ტილო, ფურცელი, საღებავები, ფანქრები და ა.შ.) შემდგომ ჩამოვჯდები კომფორტულ ადგილას, სადაც შევძლებ ვხატო. პირველ რიგში , ვაკეთებ ჩემს გონებაში, ან შავ ფურცელზე ჩანახატს , რაც შემდეგ სისრულეში მომყავს.
–გაქვთ დღის საყვარელი მონაკვეთი, ან კონკრეტული გარემო, სადაც თავს ყველაზე კრეატიულად გრძნობთ და ხატვის სურვილი გიჩნდებათ?
-ძირითადად ხატვის სურვილი უკავშირდება მუზის მოსვლას, ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, გვიან საღამოს, ან დილის საათებში , გარემოს რაც შეეხება, ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც მარტო ვარ.
–რა ტიპის ფერები და საშუალებები გირჩევნიათ გამოიყენოთ თქვენს ნახატებში (მაგ. აკვარელი, აკრილი, ზეთები)?
-უმეტესწილად ვიყენებ ზეთის საღებავებს, აკრილსაც , ფერებს რაც შეეხება, ვიყენებ იმის მიხედვით, თუ რას დავხატავ .
–რომელი თემები ან საგნები გიზიდავთ ყველაზე მეტად თქვენს ნამუშევრებში?
-თუ ვხატავ ტილოზე, მიყვარს ნატურმორტები და ბუნება, თუმცა შეიძლება სხვა თემატიკაც დავხატო, მაგრამ როდესაც ვხატავ ფანქრებით, უმეტესწილად ანიმაციებიდან პერსონაჟებს ვხატავ და ვქმნი ტანსაცმლის დიზაინს.
–ვინ არიან მხატვრები ან შთაგონების სხვა წყაროები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს შემოქმედებაზე?
-შთაგონების წყარო არ გამაჩნია, ეს დამოკიდებულია ჩემს ხასიათსა და პირად ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
–როგორ ფიქრობთ, რამდენად არის გადმოცემული თქვენი ემოციები და შინაგანი სამყარო თქვენი ნახატების საშუალებით?
-ყველა ნახატი გადმოსცემს იმ გრძნობებს, რომლებსაც განვიცდიდი ხატვის პროცესში.
-ხშირად ამბობენ, რომ ხატვა იგივე თერაპიაა, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, თქვენ რამდენად იყენებთ ხატვას თერაპიისთვის?
-როგორც უკვე აღვნიშნე, ვხატავ განტვირთვის მიზნით, ანუ ხატვა ჩემთვის ნამდვილი თერაპიაა.
– რამდენად და როგორ ცდილობთ განვითარდეთ მხატვრობის კუთხით?
-იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ვსწავლობ და საკმარისი დრო არ მაქვს, რომ ვიარო ხატვის კურსებზე, შესაბამისად ვცდილობ ჩემით განვვითარდე.
– როგორ უწყობთ სწავლასა და ხატვას ერთმანეთს?
-ძირითად შემთხვევაში, დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ სწავლას, ვინაიდან სწავლა მნიშვნელოვანია ჩემი სამომავლო მიზნებისთვის, ამიტომ ხატვას უფრო ნაკლებ დროს ვუთმობ, ამ ეტაპზე.
–გაქვთ რაიმე კონკრეტული მიზნები ან სურვილები, რომლებიც თქვენს ნახატებს უკავშირდება? (გამოფენა, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება და ა.შ)
-ჯერ-ჯერობით ხატვასთან დაკავშირებით გეგმები არ განიხილება .
–როგორ უზიარებთ თქვენს ნამუშევრებს სხვებს ?
-გაზიარების საშუალება კოლეჯში გამართული გამოფენაა, თუმცა მანამდე ვიყენებდი სოც. ქსელებს .
–რა სახის გამოხმაურებას იღებთ საზოგადოებისგან და გეხმარებათ თუ არა, განვითარებაში საზოგადოების მხარდაჭერა?
-ვიღებ დადებით კომენტარებს, მათ შორის რჩევებსაც .
–თუ გადავხედავთ თქვენს უფრო ადრინდელ ნამუშევრებს, როგორ ფიქრობთ, გაიზარდეთ როგორც მხატვარი? რამ შეუწყო ამას ხელი?
-რა თქმა უნდა წინსვლა მაქვს, რადგან შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვხატავ და ვმუშაობ ჩემს თავზე .
–არის თუ არა თქვენ მიერ შექმნილი რაიმე კონკრეტული ნამუშევარი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თქვენთვის მოგვიყვეთ მისი გამორჩეულობის მიზეზი?
-განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ტილოზე შექმნილი ნახატი პატარა პრინცი . მისი გამორჩეულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ მასზე დაწერილმა წიგნმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა .
–რა რჩევას მისცემდით სხვა ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებიც ახლა იღებენ ფუნჯს ხელში?
-ჩემი რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს დაყარონ ფარხმალი, თუ რაიმე არ გამოუვათ, ეძებონ თავიანთი ხატვის ტექნიკა და მას აუცილებლად მიაგნებენ.
გისურვებთ წარმატებას!
მარიამ ონიანი