Homeრუბრიკებისწვალა იწყება სიყვარულით და სრულდება პიროვნული თავისუფლებით

სწვალა იწყება სიყვარულით და სრულდება პიროვნული თავისუფლებით

„ჩვენ  ვიცით, რომ უნდა ვილოცოთ, ვიმარხულოთ, ვიაროთ ტაძარში. მაგრამ ხშირად ჩნდება  კითხვა, რატომ? რა აზრი აქვს ამას, რას ცვლის ეს ჩემში? როგორ უკავშირდება ჩემი ყოველდღიური ცხოვრება სახარებას? სწორედ აქ იწყება საკვირაო სკოლის აუცილებლობა“(დეკანოზი კონსტანტინე კობახიძე)

უკვე რანდენიმე თვეა ქალაქ ბოლნისში ფუნქციონირებს წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლა, რომლის მიზანია ადამიანს გააცნოს მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლები,  წმიდა წერილები, საეკლესიო ცხოვრება. აქ მსმენელი  სწავლობს ლოცვის, მარხვის, სინანულის, აღსარების, ზიარების, სიყვარულის, მოთმინების და მიტევების მნიშვნელობას. საკვირაო სკოლა – ეს არის სივრცე, სადაც  მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და უკეთ გაიაზრონ ქრისტიანული სწავლება. ინიციატივა ბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. სასწავლო პროცესს კი  სასულიერო პირები გიორგი ჯამასპიშვილი და კონსტანტინე კობახიძე წარუძღვებიან.

რა არის საკვირაო სკოლის არსი და  მიზანი? რა არის  მისი მთავარი დანიშნულება და  რას ემსახურება ?  ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს დეკანოზი კონსტანტინე კობახიძე.

-მოგესალმებით, მამა კონსტანტინე. პირველ რიგში მადლობა ინტერვიუსთვის.

-საკვირაო სკოლა – ეს არის ადგილი, სადაც სწავლა იწყება სიყვარულით და სრულდება პიროვნული თავისუფლებით. როდის გაჩნდა იდეა,  გახსნილიყო  ეს სივრცე  და იდეის განხორციელებას ფრთები როდის შეესხა ?

-ამ იდეის უკან დგას ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი განცდა. დღეს ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, სჭირდება ადგილი, სადაც ეკლესია მისთვის იქნება არა მხოლოდ ტაძარი, არამედ ადგილი,  სულიერი განათლებისა და  შინაგანი განმტკიცების. ეს არის ეკლესიის წიაღში დაბადებული საქმე ,რომელსაც საფუძვლად უდევს ღვთის წყალობა , ეპარქიის მხარდაჭერა, კეთილი ადამიანების თანადგომა და საერთო პასუხისმგებლობა მომავალი თაობის სულიერი აღზრდის მიმართ.  

წლებია ჩართული ვარ ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო საქმიანობაში წმინდა იოანე ბოლნელის საპატრიარქო სკოლაში. ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ ღვთისმსახურებას, არამედ ადამიანთან ცოცხალ ურთიერთობას,  მის სულიერ გაძლიერებას, ეკლესიის სწავლების სწორად მიტანას და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობასთან მუშაობას. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე ,რომელიც ადამიანს ღმერთთან, ეკლესიასთან და საკუთარ თავთან აბრუნებს. საკვირაო სკოლაც სწორედ ამ სურვილიდან დაიბადა. გვინდოდა გვქონოდა სივრცე, სადაც ადამიანი ინფორმაციას კი არ მიიღებდა ,არამედ ეკლესიას ,სარწმუნოებას და ქრისტიანულ ცხოვრებას უფრო ახლოდან, ცოცხლად და გააზრებულად შეეხებოდა . ეს არის საქმე, რომელიც დიდი ხანია გვინდოდა განგვეხორციელებია, მაგრამ შესაბამისი სივრცე არ გვქონდა . ღვთის ნებით, ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის მეუფე ეფრემის შეწევნით და ლოცვა -კურთხევით, ტაძრის ეზოში აშენდა შესაბამისი შენობა ,სადაც ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა.

-საკვირაო სკოლა რას ემსახურება,მისი ძირითადი მიზანი რა არის?

-საკვირაო სკოლა ემსახურება ადამიანის სულიერ აღზრდას, შინაგან გამთლიანებას, ღირებულებების სწორად ჩამოყალიბებას და იმას, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ ეკლესია დაინახოს როგორც ადგილი, სადაც პასუხებია, სითბოა, სიმართლეა და სიცოცხლეა.მისი მთავარი მიზანია ადამიანი დააახლოოს ეკლესიას.

-ვინ შეიძლება გახდეს საკვირაო სკოლის მსმენელი? მსურველთა ასაკი განსაზღვრულია?

-საკვირაო სკოლის მსმენელი არის ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს ეკლესიის ახლოდან გაცნობა, სარწმუნოების სიღრმეში შესვლა და სულიერი ცხოვრების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებზე და ახალგაზრდებზეა გამახვილებული,რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ადამიანის ხედვა, ხასიათი, ღირებულებები ,არჩევანი და ცხოვრების მიმართულება. თუ ამ ასაკში ახალგაზრდას სწორი ორიენტირი მიეცი, ეს მთელი მისი ცხოვრებისათვის ძალიან დიდი საყრდენი ხდება. თუმცა საკვირაო სკოლა მხოლოდ ერთი ასაკისთვის არ არის  გათვლილი.თუ ადამიანს სურვილი აქვს მოისმინოს, ისწავლოს, დასვას კითხვები, ეს სივრცე ყველასათვის ღიაა. აქ მთავარი ასაკი კი არა,შინაგანი მზაობა და ღმერთისკენ ნაბიჯის გადადგმის სურვილია.

-მამაო, როგორ ფიქრობთ, დრომ და გარემომ რამდენად შეცვალა ადამიანის დამოკიდებულება რწმენისადმი?  ახალგაზრდა თაობა რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას   ამ მიმართულებით  და საკვირაო სკოლა რა როლს ასრულებს, მათ სულიერ ცხოვრებაში, რა საჭიროებებს პასუხობს დღეს  ის ?

-დღეს საკვირაო სკოლა განსაკუთრებით პასუხობს იმ გამოწვევებს ,რაც თანამედროვე რეალობაში რწმენის ზედაპირულ აღქმას უკავშირდება. სამწუხაროდ, ხშირად ქრისტიანული ცხოვრება და საეკლესიო დღესასწაულები მხოლოდ გარეგნულ ტრადიციებამდეა დაყვანილი. აღდგომა ბევრისთვის პასკასთან და წითელ კვერცხთან ასოცირდება, ქრისტეს შობა – ღორის დაკვლასთან და საქეიფო სუფრასთან, ბარბარობა -ლობიანის გამოცხობასთან. ხშირად ადამიანს ჰგონია, თუ ეს გარეგნული ტრადიცია შეასრულა, თავისი სულიერი ვალი მოიხადა. მაშინ, როდესაც დღესასწაულის ნამდვილი არსი ქრისტესთან შეხვედრა, ეკლესიური ცხოვრება, ლოცვა, ზიარება, სინანული და შინაგანი განახლება უკანა პლამზე რჩება. სწორედ აქ არის საკვირაო სკოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ის უნდა დაეხმაროს ადამიანს ტრადიციიდან შინაარსამდე მივიდეს, გარეგნულიდან – არსამდე, წეს-ჩვეულებიდან – ცოცხალ სარწმუნოებამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდებისთვის,  რადგან ისინი მრავალი გავლენის, ინფორმაციული ხმაურის და ღირებულებით დაბნეულობის ფონზე იზრდებიან. ამიტომ, მათ სჭირდებათ ადგილი, სადაც რწმენას არა როგორც მხოლოდ ჩვეულებას, არამედ როგორც ცხოვრების გზას, შინაგან საყრდენს და ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას გაეცნობა.

-და ყოველივე ამ ფონზე, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, როგორია ახალგაზრდების ჩართულობა საკვირაო სკოლაში , რამდენად არიან დაინტერესებული  და რის შესაძლებლობას აძლევს ეს სივრცე მათ ?

-ახალგაზრდებთან მუშაობა დღეს ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან ეს ასაკი არის, როდესაც ადამიანი განსაკუთრებით ეძებს პასუხებს, ვინ არის, რა არის მისი დანიშნულება, რა არის სწორი და რა არის მცდარი, რას უნდა დაეყრდნოს ცხოვრებაში. თანამედროვე სამყარო ახალგაზრდას უამრავ ინფორმაციას აწვდის, მაგრამ ძალიან იშვიათად აძლევს სიმშვიდეს და მყარ სულიერ საყრდენს. ამიტომ, როდესაც ახალგაზრდას ეკლესია ესაუბრება არაფორმალურად, არა მშრალი დარიგებით, არამედ სიყვარულით , პატივისცემით და  მის ენაზე, ის ამას გრძნობს და ინტერესიც ჩნდება. ჩვენი გამოცდილებით, ახალგაზრდებში ნამდვილად არის სურვილი რომ ,სარწმუნოებაზე, ცხოვრებაზე, ეკლესიაზე,  ცოდნაზე, თავისუფლებაზე, სიყვარულზე, სინანულზე, ადამიანურ ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრონ.

სკოლა მათ აძლევთ შესაძლებლობას, ეკლესია დაინახონ არა როგორც მხოლოდ რიტუალების სივრცე , არამედ როგორც ადგილი,სადაც ადამიანის ესმით, მის კითხვებს პასუხობენ და ეხმარებიან, რომ საკუთარი ცხოვრება უფრო ღრმა საფუძველზე ააშენონ.

-როგორია საკვირაო სკოლის ერთი ჩვეულებრივი დღე?

-საკვირაო სკოლის ერთი ჩვეულებრივი დღე არის, პირველ რიგში,მშვიდი და თბილი,სადაც  ოჯახური გარემოა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ,რომ აქ მოსული ადამიანი არ გრძნობდეს თავს უბრალოდ მსმენელად, არამედ ,გრძნობდეს ,რომ ეკლესია  ოჯახის ცოცხალი ნაწილი გახდა. ყოველი შეხვედრის მიზანი მხოლოდ ცოდნის მიწოდება არ არის. ადამიანი აქედან უნდა  გავიდეს ცოტათი უფრო დაფიქრებული, უფრო განმტკიცებული, უფრო მშვიდი და ღმერთთან ცოტათი უფრო ახლოს მდგომი.

პ.ს.საკვირაო სკოლა არის ცოცხალი ურთიერთობის  და იმედის კერა  -სივრცე,  რომელიც ემსახურება ადამიანის სულიერი განათლების, მოყვასის სიყვარულის და ქრისტიანული სათნოების დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.მისი კარი კი ყველა მსურველისთვის  ღიაა .

მაია გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები