[:en]

ვიქტორია რაკოვსკაია  თბილისში დაიბადა,  ჰყავს პატარა დანიელი, რომლის დაბადების შემდეგაც,  გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა, რათა უფრო მეტი გაეკეთებინა საკუთარი შვილისთვის, დღეს ეხმარება ისეთ პატარებს, რომლებიც დღენაკლულები არიან. ვიქტორია თავად მოგვიყვება, თუ როგორ შეიქმნა ,,28 თვალი“ .

 – ვინ ვართ და რას ვაკეთებთ – სიკეთისთვის ამოქსოვილი „28 თვალი“. კლუბის ისტორია დაიწყო ყაზახეთში, 2012 წელს, ჟურნალისტ კარლა ნურის ფოტორეპორტაჟზე ექიმი-ნეონათოლოგის შესახებ მუშაობის დროს.  კარლამ შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ბავშვს ეცვა მოქსოვილი წინდები. ექიმებმა დაადგინეს, რომ მატყლის სამოსი ნაადრევ ჩვილებს ზრდასა და განკურნებაში ხელს უწყობს. ქალბატონ კარლას მოუვიდა იდეა, რომ ექიმები უნდა დაკავდნენ ჩვილი ბავშვების მკურნალობით, ხოლო მათთვის ნაქსოვი წინდების მომარაგება სამოქალაქო პირებსაც შეუძლიათ. პატარა წინდის მოსაქსოვად ჩხირებზე ზუსტად 28 თვალი დასჭირდათ. ასე დაიწყო მოძრაობა „28 თვალი“ და გავრცელდა უკვე 12 ქვეყანაში. ყველაფერი წინდებით დაიწყო. შემდეგ ექიმებმა ქუდები, ჟილეტები და პლედები მოითხოვეს, რომლებიც მხოლოდ 100% მატყლით იქსოვება. დღეს კლუბი “სიკეთისთვის ამოქსოვილი 28 თვალი” 12 ქვეყანაში ცნობილია როგორც ” 28 петель”  თუმცა მე  ძალიან მინდოდა, რომ ჩემს ქვეყანაში კლუბს ჰქონოდა დასახელება ქართულ ენაზე.  ვფიქრობდით როგორ გადაგვეთარგმნა კლუბის დასახელება და გადაწყდა “28 петель” ქართულად ჟღერდეს -” სიკეთისთვის ამოქსოვილი 28 თვალი”,  ჩვენ ხომ ნამდვილად სიკეთისთვის ვქმნით ამ პატარა ნივთებს.  დღეს გერმანიიდან ვაგრძელებ ჩვენს დიდ ოჯახში კურიერობას. დღეისთვის ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვიყო ახლოს ჩვენს ფერიებთან. ასე კლუბი უწოდებს, ქალბატონებს, რომლებიც უანგაროდ, დაუღლელად გვითმობენ საკუთარ დროს და ძალას ნივთებისა თუ სათამაშოების მოსაქსოვად. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტს არა მხოლოდ თბილისში მოჰყვა გამოხმაურება, არამედ უკვე ბოლნისში, ბათუმში, ბაღდათში, ტყიბულში, დუშეთში, ჭიათურაში და ახალციხეში გამოჩნდნენ ჩვენი თანამოაზრეები.  ჩვენ კი თბილისიდან ვეხმარებით ძაფების შეძენაში. მეამაყება ეს ხალხი, ვინც დღეს კლუბშია მოხალისედ თუ ფერიის სტატუსით. მე ხომ საერთოდ ვერაფერს გავხდებოდი ამ ხალხის გარეშე. ყველა ნივთი სტერილურადაა შეფუთული, სპეციალურად ამობეჭდილ დედების სახელმძღვანელოსთან ერთად, სადაც მშობლები გაეცნობიან თუ რამდენად სასარგებლოა შალი ჩვილისთვის და როგორ მოუარონ, გარეცხონ ნივთები.

– რაც შეეხება სათამაშოს, რომელსაც რვაფეხას ფორმა აქვს?

 – რვაფეხა სათამაშო, რომელიც დამზადებულია 100% ბამბის ძაფით, პირველად დანიაში 2013 წელს ახალგაზრდა დედამ დღენაკლულ შვილს მოუქსოვა, რათა პატარასთვის „ინკუბატორში’’ყოფნა შეემსუბუქებინა. ჩვილი  პატარა ხელებით ეთამაშებოდა რვაფეხას საცეცებს და ეს ძალიან ამშვიდებდა, მასზე ყურადღება გადაჰქონდა და აღარ ცდილობდა უამრავი არასასიამოვნო მილისა და კათეტერის მოცილებას. ეს სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბავშვისთვის. აღნიშნული ეფექტურობის გამო, ამ პრაქტიკამ მალე მოიპოვა პოპულარობა ჰოლანდიაში, შვედეთში და დანიაში. მოგვიანებით, აღნიშნული  სათამაშოთი კლუბი „28 თვალი“ დაინტერესდა. ასეთი ისტორიით შეიქმნა კლუბის ნაკრები – წინდები, ქუდი, ჟილეტი, პლედი და სათამაშო. სანამ სათამაშო პატარამდე მივა, ჯერ გადაეცემა დედას რომ ჩაიხუტოს, თავისი სითბო და სიყვარული გადასცეს, აავსოს ენერგიითა და დადებითი ემოციებით, რომელსაც შემდეგ ბავშვი გრძნობს და გაათმაგებულად ებრძვის დღენაკლულობასა თუ სხვა სენს.  

-ვისი იდეით ჩამოყალიბდა ეს კლუბი თბილისში?

– გესტაციური ასაკის, 26 კვირაზე მეყოლა 700 გრ. წონით და 30 სმ. ნანატრი ჩვილი. პირველი ორი თვის განმავლობაში მხოლოდ 50/50-ზე იყო ბავშვის გადარჩენის შანსი, ეს სიტყვები მესმოდა ექიმებისგან, მაგრამ დღეს, ყველა პირობაა ასეთი ბავშვების გადარჩენისთვის, რომლებიც იზრდებიან და ვითარდებიან.  დღენაკლულობა განაჩენი არ არის. მეგონა, რომ  ერთად- ერთი დედა ვიყავი ასეთი ბავშვის, სამწუხაროდ არა. ჩემთვის საშინლად რთულ პერიოდში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელმაც მომითხრო ამ კლუბის შესახებ და  შემომთავაზა ჩემი პატარასათვის კლუბის კომპლექტის მოქსოვა. მე თვითონ მეხერხება ქსოვა და გადავწყვიტე სათამაშოთი დამეწყო. პირველი არ გამომივიდა, მაგრამ არ შევეშვი, მოვქსოვე მეორე და მივუტანე პატარას. ჩემს შემთხვევაშიც სათამაშომ თავისი საქმე შეასრულა. მომხდარის შემდეგ,  გადავწყვიტე საქართველოშიც გახსნილიყო კლუბი. საკუთარი  გამოცდილებიდან ვიცი, რას ნიშნავს,  ასეთ რთულ დროს, მხარდაჭერა. მინდოდა სხვა პატარებისთვისაც გამეზიარებინა სითბო და გამეხარებინა მათი მშობლები. ასე დაიწყო ჩვენი მოღვაწეობა საქართველოში და გავხდით ამ ჰუმანური მოძრაობის მე-9 ქვეყანა. იქსოვება უამრავი ნაკრები და გადაეცემა ნეონათოლოგიის განყოფილებებს. კლუბის მოხალისეები არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები. დღეს კლუბი სრულიად უფასოდ ამარაგებს პერინოტალურ ცენტრებს სათამაშოებით და მატყლის ტანსაცმლით.  როგორც უკვე აღვნიშნე, კლუბის მოღვაწეობა არის სრულიად საქველმოქმედო.  არ გვაქვს დაფინანსება და  მოხალისეების დახმარებით ვყიდულობთ ძაფებს. ბევრი ქალბატონია, რომელიც მზად არის უანგაროდ მოქსოვოს შალის ნივთები და სათამაშოები, მაგრამ საზოგადოების დახმარების გარეშე ჩვენ ეს გვიძნელდება.  პირველი წუთებიდან ექსტრემალურად მცირე წონით დაბადებულ ახალშობილებს სჭირდებათ ზრუნვა სითბოს შენარჩუნებაზე. სითბოს დაკარგვას მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რომ ორგანიზმი იძულებულია დაკარგოს ენერგია გათბობაზე და არა ზრდა- განვითარებაზე. სითბოს შენარჩუნებისთვის იყენებენ მატყლის ტანსაცმელს. დღენაკლული ბავშვები სითბოს 50% კარგავენ, რადგან თავის ზომის შეფარდება  სხეულის ზომებთან აღემატება  ზრდასრული ადამიანის ფარდობით ზომებს. ამისათვის ვიყენებთ ქუდებს. წინდებს  იმიტომ იყენებენ, რომ სანამ სისხლი მიაღწევს კიდურებს, ის გრილდება. მატყლის ბოჭკოების ხახუნი ახალშობილის ფეხთან – ეს არის ტერფების რეფლექტორული ზონების ბუნებრივი მასაჟი, რომელიც არამარტო ათბობს, არამედ ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. ასეთი მდგომარეობა არ აძლევს პატარას საშუალებას შევიდეს ღრმა ძილში და დაავიწყდეს ჩასუნთქვის გაკეთება. ასევე მატყლის პლედები და ჟილეტები გამოიყენება სუნთქვის გაჩერების საწინააღმდეგო მკურნალობისთვის. სასუნთქი ორგანოების მოუმწიფებლობის გამო ხდება სუნთქვის გაჩერება, მატყლის პლედი ან ჟილეტი ეხმარება პატარას იმოძრაოს და ასტიმულიროს სუნთქვა.  სამწუხაროდ, ჩვილი ბავშვებისთვის ვერ გამოვიყენებთ ჩვენს განთქმულ ქართულ მატყლის ძაფს, რადგან  ძალიან უხეშია. ამის გამო ვიყენებთ იტალიური, თურქული ან რუსული წარმოების რბილი მატყლის ძაფებს. ვეძებთ მათ, ვისაც სურს შემოუერთდეს პროექტს  და უფრო ბევრი ჩვილი გავათბოთ ჩვენი ნაქსოვით. თუ არ იცით ქსოვა, მაგრამ გაქვთ სურვილი ისწავლოთ,  სიამოვნებით გასწავლით. ჩვენ მივესალმებით მათაც, ვინც შემოგვიერთდება და გვაჩუქებს ძაფებს. თუ რა ძაფებით იქსოვება ჩვილი ბავშვების ქსოვილები, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე  „28 Petel Georgia Tbilisi”. ასევე ინსტაგრამზე „28petelgeorgia”  ერთათ ვაკეთოთ კარგი საქმე და ვაჩუქოთ პატარებს სითბო.

–  რამდენადაც ვიცით, თქვენმა კლუბმა   ჯილდოც მიიღო

-მართალი ხართ, მივიღეთ ჯილდო “ჯანმრთელობის დაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” – ეს არის ჯილდო, რომელიც წელს გადაეცა კლუბს. ამ პროექტმა გააერთიანა ადამიანები, რომლებიც გულგრილი არ არიან ნაადრევი ჩვილების პრობლემის მიმართ. დღეს კლუბის წევრებს,  ათასობით ადამიანს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მოქსოვილი  აქვთ 50 ათასზე მეტი მატყლის ნაწარმი და ბამბის სათამაშო, ნაადრევად დაბადებული ჩვილების სიცოცხლის გადასარჩენად.

-საქართველოში რამდენ საავადმყოფოს აწვდით თქვენს ნაწარმს სრულიად უსასყიდლოდ?

 – სამწუხაროდ, ნეონათოლოგიის მხოლოდ სამ განყოფილებას ვაწვდით ჩვენს ნაქსოვ ნივთებს. მაგრამ  კიდევ ბევრი NUCI განყოფილებაა მზად, მიიღოს ჩვენი ნაკრებები.  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი მოხალისე შემოგვიერთდება, უფრო მეტი ნივთი მოიქსოვება და შევძლებთ ყველა ბავშვის გათბობას და მათი მშობლების მხარდაჭერას. ჩვენი მოხალისეების მეშვეობით, შევძელით და მოვქსოვეთ საახალწლო ქუდები. ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალს არ დაეზარა და  მშობლებზეც იზრუნა. ახალი წლის დადგომისას, როდესაც მშობლების სანუკვარი სურვილი ჟღერდა, გაანათეს ტელეფონების ეკრანები და NUCI-დან პატარები ულოცავდნენ მშობლებს ახალ წელს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ სასიხარულო მომენტებში  მცირედით მონაწილეობა შევძელით. ნაადრევად დაბადებულთა მშობლებო, ნუ დაკარგავთ რწმენას და იმედს. ისინი ძლიერები არიან და ძალიან მალე, უკვე სახლში, გაგახარებთ თქვენი პატარა გმირების წარმატებები. უღრმესი მადლობა ნეონათოლოგიის განყოფილების ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც ჩვენს ბავშვებზე ზრუნავს და იბრძვის მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ხომ ის ხალხია, რომლებიც მშობლების მაგივრად, დღე და ღამე ითვლიან ჩვილების გულისცემას და იბრძვიან ყოველი მომატებული გრამისთვის.

 დარეჯან ოქრუაშვილი

[:]