12-16 მარტს გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პროექტი „კონფლიქტ-სენსიტიური სწავლების წახალისება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“ გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მეცნიერების 12 მასწავლებელს შორის, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი ირინა მიქავა მონაწილეობდა.
ირინა მიქავა, მეხუთე წელია, სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ამ ეტაპზე უფროსი მასწავლებელია და მისი მთავარი პრინციპი სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, თანასწორობა, თავისუფლება და პასუხისმგებლობაა. მისი საგაკვეთილო პროცესი მუდამ დატვირთულია ინოვაციური, თანამედროვე სწავლების მეთოდებით.
–ირინა, რა პრინციპით მოხდა პედაგოგთა შერჩევა?
–მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა ინტერვიუსთვის. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ზემოხსენებულ პროექტში კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, საკონკურსო წესით საქართველოდან 8 მასწავლებელი შეგვარჩიეს. პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD Georgia ფინანსური მხარდაჭერით.
–რა მნიშვნელობის პროექტი იყო?
–გადაუჭრელი კონფლიქტების ტრანსფორმაცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო გარემოში, მგრძნობიარე სწავლების მიდგომების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეთ კონფლიქტებისადმი სენსიტიური მიდგომა. აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის, სადაც სკოლას, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მეთოდების აქტიური გამოყენებით, უდიდესი როლი ენიჭება. სამშვიდობო პროცესებში ყველა რგოლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
–რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს შენთვის, როგორც მასწავლებლისთვის?
–კონფლიქტების მართვა და მშვიდობის მშენებლობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტულ თემას და პროექტს წარმოადგენს. 1 წელი ვიმუშავე, როგორც სამშვიდობო განათლების ტრენერმა გერმანელებთან და აზერბაიჯანელებთან, ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც სასკოლო საზოგადოებაში გავაზიარე სამშვიდობო განათლების სწავლების მეთოდები. აღნიშნული პროექტი ჩემთვის არის თვითგანვითარების შესაძლებლობა, რომელსაც სასწავლო პროცესში ვიყენებ, როგორც ახალ რესურსს, რათა მრავალფეროვანი აქტივობებით ხელი შევუწყო მოსწავლეების გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. ამ პროექტში ვისწავლეთ კონფლიქტ–სენსიტიური სწავლების მეთოდის მნიშვნელობა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, სიმულაციური თამაში “Kodori Talks”, რომელიც მომზადებულია CRISP – Conflict Simulation-ის მიერ; დილემებით სწავლების მეთოდი და მისი მნიშვნელობა. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევიმუშავე პროექტი, რომელსაც მალე განვახორციელებთ სკოლაში კოლეგებთან ერთად, ხოლო მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ, როგორც საკლასო სივრცეში, ასევე საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრაზე. გარდა ამისა, სკოლაში სავალდებულო პროექტად ავირჩიეთ კონფლიქტების მართვის საკითხი, რომლისთვისაც აღნიშნული აქტივობები იქნება დამატებითი შესაძლებლობა პროექტი განხორციელდეს წარმატებით.
–როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიური მასწავლებელი ხარ, როგორ ახერხებ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და მუდმივად განვითარების გზაზე დარჩენას?
–მუდმივად ვცდილობ ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს, ამ დროს მარტივია ვიკვლიო, ვეძებო სიახლეები და შევძლო მასთან შეჭიდება. ვერ წარმომიდგენია ჩემი დღე სკოლისა და მოსწავლეების გარეშე. ამ ეტაპზე, სამ სკოლაში ვასწავლი, ვარ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი. ჩვენი საქმიანობა დაკავშირებულია მოსწავლეებთან, რომლებიც ციფრულ ეპოქაში უწყვეტლივ ვითარდებიან, არ არსებობს განვითარება გამოწვევების გარეშე, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო მაშინაა ეს პროცესი, როდესაც შეძლებ და იტყვი რომ ,,მე შევძელი’’. დღეს ჩემი საფიქრალი მიმართულია რომ ,,ჩვენ შევძლოთ’’. სკოლის ადმინისტრაციის საინტერესო, მრავალფეროვანი და საჭირო აქტივობები მეხმარება ვიყო იმაზე უკეთესი, რაც გუშინ. ჩემი მოტივაცია მოსწავლეები და მათი ინტერესებია, საჭიროებები კი მიბიძგებს ვიყო და ვაკეთო მათთან ერთად ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
–რა არის ის, რაც გეხმარება პროფესიულ განვითარებაში?
–შრომასთან ერთად, მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა, პროფესიული განვითარების მიღწევა. მაგალითად, რომ არა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები (erasmus+ პროექტებით, სრული დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტებით პროფესიული განვითარების მიზნით ვიმყოფებოდი პორტუგალიაში, გერმანიაში, თურქეთში, უნგრეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ლატვიაში) და ადგილობრივი პროექტები, ამდენი გამოცდილება არ მექნებოდა. გარდა ამისა, არასდროს ვნებდები და ეს დაჟინებული, ყოველდღიური გამოწვევა მეხმარება დავძლიო დაბრკოლებები და მივაღწიო მიზანს. არ არსებობს გეგმა, რომელიც სრული სიზუსტით განხორციელდება. თუკი დავნებდები, გააზრებული მაქვს, რომ ვკარგავ შესაძლო წარმატებას გრძელვადიანი განვითარებისთვის და წარმატებისთვის. საკუთარ თავთან შეჯიბრება, ყველაზე საინტერესო პროცესია.
–როგორი მიდგომები გაქვს მოსწავლეებთან?
–ამ თაობას ვერ შეაშინებ, მათთან მეგობრობა მნიშვნელოვანია. ნდობის და პატივისცემის მოპოვება რთულია, რომელსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება. ყოველდღიურად მაქვს დაგეგმილი აქტივობები, რომელსაც ვთავაზობ მათ და შემდეგ ვაკეთებ თვითრეფლექსიას და ვცვლი საჭიროებისამებრ. ვიყენებ სასწავლო პროცესში თემატურ სამაგიდო თამაშებს. ამ ეტაპზე 14 სამაგიდო თამაში გვაქვს საერთაშორისო, თუ ადგილობრივი პროექტების ფარგლებში მოპოვებული. მაგალითად, EU4Youth-ის, ფინედუ-ს მხარდაჭერით და ა.შ ფორმალური განათლება არ არსებობს არაფორმალური განათლების გარეშე. დებატები, იმიტირებული პროცესები, სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტები, სკოლებთან თანამშრომლობა, სხვადასხვა საერთაშორისო/ადგილობრივი კონკურსები გვეხმარება მოტივაციის ამაღლებაში და კარიერულ განვითარებაში. ვცდილობ დავაფასო მათი შრომა და მივცე სხვებს მოტივაცია შემოგვიერთდნენ სამოქალაქო განათლების კლუბში. გასულ თვეს ჩვენმა 5-მა მოსწავლემ და მე, მოვიგეთ ლეპტოპები ,,ეს ქვეყანა შენია კონკურსის’’ ფარგლებში. მნიშვნელოვანია მათი შრომის დაფასება, აღიარება და რეალიზება.
–რას შეცვლიდი განათლების სფეროში?
–განათლების სფეროში, პირველ რიგში, დავამატებდი პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც მოსწავლეებს, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ უნარებს განუვითარებდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სწავლება უფრო ინტერაქტიული, მრავალფეროვანი და მოსწავლეებზე ორიენტირებული გახდეს ფრონტალური გაკვეთილების გარეშე, რათა მოტივაცია და ჩართულობა გაიზარდოს. აუცილებელია ასევე მასწავლებლების პროფესიული განვითარება, რაც მთლიანად გააუმჯობესებდა განათლების ხარისხს. მასწავლებლების უწყვეტი განვითარების პროცესს სჭირდება მხარდაჭერა და ჯანსაღი კონკურენცია, რაც აისახება მოსწავლეების განათლების ხარისხზეც.
–რამდენი წელია ამ სფეროში მოღვაწეობ?
–როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ მეხუთე წელია. დღეს სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი გახლავარ.
–როგორც მასწავლებლისთვის, რა არის შენი მთავარი პრინციპი?
–სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, თანასწორობა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა არის მთავარი ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუ მასწავლებელი არ არის სამართლიანი და ის თანასწორად არ ექცევა ყველას, ის ეწინააღმდეგება იმას, რასაც ასწავლის. პედაგოგი სამართლიანობის გარეშე ვერ დაიმსახურებს მოსწავლეების ნდობას. მოსწავლეს უნდა ვაჩვენოთ, რომ სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და თანასწორობა, არის მათი უფლებაც და მოვალეობაც. რომ თავისუფლება მოიცავს პასუხისმგებლობას შენი ქვეყნის, თემის, სკოლისა და ოჯახის წინაშე. ჩვენ, მოქალაქეები ვართ, დავიბადეთ ამ ქვეყანაში და სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები გაგვაჩნია. თავად უნდა აჩვენო შენი ქმედებებით, რომ კეთილსინდისიერების გარეშე, არც ერთ შესრულებულ სამუშაოს ფასი არ აქვს.
–როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს სამოქალაქო განათლებას ახალგაზრდების განვითარებაში?
–სამოქალაქო განათლება მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდება თემის/ქვეყნის პრობლემის გამოკვეთიდან დაწყებული, მის გადაჭრაში მონაწილეობით დასრულებული, ეს ქვეყანა შენია/ჩვენია და როგორც მოქალაქეებს, გვაქვს ვალდებულებები. გავუფრთხილდეთ ქვეყანას და ჩავერთოთ მის მართვაში. სამოქალაქო თვითშეგნება/სახელმწიფოებრივი აზროვნება, მოვალეობების და უფლებების გააზრებული დაცვა და ბალანსი, უმნიშვნელოვანესია, რომელიც ეწინააღმდეგება კერძო ინტერესებს, რაშიც სამოქალაქო განათლება განმსაზღვრელ როლს ასრულებს.
–როგორ ატარებ საგაკვეთილო პროცესს, რომ იყოს საინტერესო და პროდუქტიული?
–საგაკვეთილო პროცესი რომ მეტად პრაქტიკული იყოს, ვიდრე თეორიული, მაქვს წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ შექმნილი რესურსები, რომელსაც განვსაზღვრავ კლასის ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით, სხვადასხვა მეთოდების, რესურსების, აქტივობების გამოყენება კი მეტნაკლებად გვიქმნის საფუძველს, შევქმნათ საინტერესო გაკვეთილი, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს აზრის გამოხატვის, დასაბუთების , დისკუსიაში ჩართვისა და მონაწილეობის უფლება. სასწავლო პროცესში ვიყენებ, როგორც სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესებს, ასევე ფორუმ თეატრს, გალერეის მეთოდს, მუზეუმის მეთოდს, CASE STUDY მეთოდს, ენერჯაიზერებს, საკითხების შესაჯამებლად თემატურ სამაგიდო თამაშებს, დილემებით სწავლების მეთოდს, დებატების სამივე ტიპს, რა?სად? როდის? ქვიზებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, არტ თერაპიას, ვორქშოფებს, სასწავლო-პრაქტიკულ ვიზიტებს, City game. გარდა ამისა ინტენსიურად, საერთაშორისო დონეზე მიღებულ გამოცდილებას ვაზიარებ კლასში, რომელიც მოიცავს არაფორმალურ აქტივობებს. სკოლაში შევქმენით ასევე youtube არხი youth voice. ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, სადაც მოსწავლეები იღებენ მათთვის საინტერესო პროექტებში მონაწილეობას. მეტი არაფორმალური განათლების მეთოდი საგაკვეთილო პროცესს წარმართვას ინტერაქციულად.
პ.ს. ირინა მიქავას საგაკვეთილო პროცესი კლასის ინტერესების, საჭიროებების და შესაძლებლობების მიხედვითაა განსაზღვრული, საერთაშორისო დონეზე მიღებულ გამოცდილებას აზიარებს კლასში, რომელიც მოიცავს არაფორმალურ მეთოდებსა და აქტივობებს. იგი ცდილობს, რომ სკოლა იყოს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ განვითარების და თვითგამოხატვის სივრცე.

