
წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა 2020“ საზეიმოდ 15 ივლისს გაიხსნება. 21 კაციანი ჟიური, ორმოცდაათ წარმატებულ ადამიანს, „პერსონას“ ტიტულს გადასცემს. რეგიონში, მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ექიმ გინეკოლოგს, ცენტრალური საავადმყოფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, დარეჯან ჩხეტიანს წელს ,,პერსონა 2020“ის ტიტული გადაეცემა. აღნიშნულ წოდებას, განათლების, კულტურის, მედიცინის, ბიზნესისა და სხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებიც მიიღებენ. ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, ყოველწლიურად, 50 ადამიანი ჯილდოვდება.
„პროექტი მეშვიდე წელია ტარდება, ჰყავს სპეციალურად შერჩეული 21 კაციანი ბორდი, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული, გასულ წლებში, პერსონას ტიტული, მიღებული აქვთ ლეილა აბაშიძეს, მარიკა კვალიაშვილს, თამარ სხირტლაძეს, გიული ჩოხელსა და სხვებს. დარეჯან ჩხეტიანი ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, იურისტმა დავით გელაშვილმა დაასახელა და სხვებმაც სრული მხარდაჭერა გამოხატეს. დარეჯან ჩხეტიანთან ერთად, მედიცინის განვითარების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, „პერსონას 2020“-ის ტიტულს მარინა ეზუგბაია, ლევან რატიანი, ანი ახალაია, კოტე ქავთარაძე და გიორგი ასლამაზაშვილი მიიღებენ“. აღნიშნა გაზეთ ,,ბოლნისთან“ პროექტის იდეის ავტორმა იოსებ კავკავაშვილმა.