პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
spot_img

ნაქარგებში ჩატეული სულიერი სამყარო-გაიცანით რუსუდან ბერიძის შემოქმედება

ქართულ ქარგულობას, ოდითგანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქართველი ქალების ცხოვრებაში. ხელოვნების ეს სახეობა საშუალებას იძლევა საკუთარი სულიერი სამყარო ტილოზე გადაიტანოს. ძველად, ქარგვაში ჩაქსოვილი ესთეტიზმი იყო პიროვნების გემოვნებისა და შინაგანი ,,მეს“ წარმოჩენის საშუალება, ასეა დღესდღეობითაც. თანამედროვე სამყარო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ხელოვანი ადამიანები ცდილობენ ეს მრავალფეროვნება თავიანთ ნამუშევრებში ასახონ, სწორედ ერთ-ერთი მათგანია რუსუდან ბერიძეც.

,,ბავშვობა ძალიან რთული მქონდა, რადგან 90-ანი წლებიდან მოვდივარ, ვცხოვრობდი  ქალაქ ბათუმში, სადაც სტუდენტობაც გავატარე“- იხსენებს ჩვენთან საუბარში იგი.

სტუდენტობის შემდეგ ქალბატონი რუსუდანი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, 2017 წელს კი მშობლიურ მიწა-წყალს დაუბრუნდა.  ამჟამად დიასახლისია, თავისუფალ დროს  ქარგვას უთმობს, ხელსაქმეს, რომელიც მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, დიდი მოწიწებითა და რუდუნებით ეკიდება და მასთან დაკავშირებულ სამომავლო მიზნებსაც ისახავს.

  • გამარჯობა, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ საოცარი ნამუშევრები გაქვთ, რამდენი ხანია ხელსაქმით ხართ დაკავებული?
  • გამარჯობათ, გმადლობ  ასეთი გულწრფელი შეფასებისთვის, ამ ხელსაქმეს 5 წელია ვემსახურები.
  • ერთია, ღმერთმა  ნიჭი გვიბოძოს,  მეორე, ამ ნიჭს როგორ განვავითარებთ, ვინ გასწავლათ ქარგვა და რა გახდა თქვენი შთაგონების წყარო, ამ საქმიანობის წამოწყებისას?
  • თავდაპირველად  ჩემი მეგობრების შექმნილი ნამუშევრები შევამჩნიე და ძალიან მომეწონა, რის შემდეგაც სურვილი გამიჩნდა მეც მეკეთებინა ეს ხელსაქმე, მეგობრებმა კი ჩემში პოტენციალი დაინახეს და მასწავლეს ქარგვა.
  • ამბობენ, ნამუშევრები ხელოვანს ჰგავსო, რამდენად ამსგავსებთ თქვენს ნამუშევრებს თქვენივე სულიერ სამყაროს?
  • ხატწერა ძალიან მომწონს,  ნამუშევრებში ყოველ დეტალს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყურადღებას ვაქცევ,  რაც ჩემს ხასიათთან  ახლოსაა.
  • თუ გთხოვთ, რომ გვაჩვენოთ ნამუშევარი, რომელიც ყველაზე უკეთ აღწერს რუსუდან ბერიძეს, რომელი იქნება ის?
  • ქალი ბავშვითა და ცხვრით ხელში, ნამუშევარში საკუთარი სული მაქვს წარმოჩენილი, როგორც მცველი და ბავშვთა მზრუნველი. ცხვარი ბედნიერების, სიყვარულის, გამრავლების სიმბოლოა, ხოლო ქალი, ბავშვით ხელში, გამოხატავს შინაგან სამყაროს, სულისა და გულისთქმას, როგორც მცველსა და ბავშვთა მზრუნველს.
  • თქვენი შემოქმედების ძირითადი თემატიკა საეკლესიო სამყაროა, რამ განაპირობა ეს?
  • ვცდილობ, ამით ადამიანებში რწმენა გავაღვივო, რაც,  ამ დროს ყველაზე მეტად გვჭირდება.
  • დაახლოებით რა დროს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შესრულებას?
  • გააჩნია ნამუშევარს, სცენარსა და მასალას, ინდივიდუალურია, მაგრამ დაახლოებით 2 კვირიდან 1 თვემდე.
  • ზემოთ ვახსენეთ, რომ ძირითადად საეკლესიო მიმართულება გაქვთ არჩეული, თქვენს ნამუშევრებს რომელიმე ტაძარში თუ აბარებთ?
  • ჯერ-ჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა რომელიმე ტაძრიდან, მაგრამ ჩვენი სოფლის ტაძარს შევწირეთ ერთი ხატი.  ასევე, უკრაინაში, ხარკოვშიც გავგზავნეთ.
  • რა არის  ყველაზე დიდი სურვილი, რა გინდათ თქვათ თქვენი ნამუშევრებით?
  •  ყველაზე დიდი სურვილია ფართო საზოგადოებამ გაიგოს ჩემი ნამუშევრებისა და ნიჭის შესახებ. ჩემი მიზანია,  პატარა ბიზნესად ვაქციო ეს წამოწყება და ხალხს უფრო მეტი ხელნაკეთი პროდუქტი შევთავაზო, თუ  რა თქმა უნდა, ამით დაინტერესებული იქნებიან.
  •  
  •  
  • მარიამ ონიანი
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები