„გაიცანით აბო სულწაძე, ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ახლახან მოიპოვა დაფინანსება მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამა FLEX-ში (Future Leaders Exchange) . პროგრამა შანსს აძლევს ახალგაზრდებს – იცხოვრონ ამერიკულ მასპინძელ ოჯახში და „ჩაიძირონ“ ამერიკულ კულტურაში. აბო, რომელიც წარჩინებული მოსწავლეა და გატაცებულია სწავლით, შეირჩა რამდენიმე ათასი აპლიკანტიდან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ინტერვიუში, იგი გაგვიზიარებს მის გამოცდილებასა და მიზნებს მომავალი წლისთვის, ასევე საკუთარ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო აკადემიური წარმატებისთვის და საკუთარი ოცნებების განსახორციელებლად.
- რამ გიბიძგა, რომ მიგეღო მონაწილეობა FLEX-ის კონკურსში ?
- მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მიზეზი არსებობს ჩემი FLEX-ის კონკურსში მონაწილეობის, მთავარი სტიმული იყო ის, რომ მსურს უცხო ეროვნების ადამიანებს მაქსიმალურად გავაცნო საქართველოს კულტურა, ტრადიციები, ისტორია და მეც უფრო ახლოს გავიცნო ამერიკა და ამერიკელები.
- როგორ მოემზადე FLEX პროგრამისთვის და განაცხადის პროცესისთვის?
- მოსამზადებელი პერიოდი, ჩემი მხრიდან, საკმაოდ აქტიური იყო, დაწვრილებით გავეცანი პროგრამის შინაარსს და ამის შემდგომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. განაცხადის შეტანა წინა წელსაც ვცადე, თუმცა ვერ შევძელი დაფინანსების მოპოვება, წელს გადავავლე დაშვებულ შეცდომებს თვალი, მეტად მოვინდომე და წლევანდელი წელი შედეგიანი აღმოჩნდა.
- როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა წარმატება მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამა FLEX-ში და რატომ შეგარჩიეს?
- მთავარი, რამაც წარმატება განაპირობა, არის ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა, სადაც უკვე 11 წელია ვსწავლობ, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პირველ პედაგოგს ქეთევან დადვანს და ინგლისურის პედაგოგს ნინო ნიგურიანს, ასევე ჩემს მონდომებას. სანამ ამ წარმატებამდე მივიდოდი, გრძელი გზა გავიარე, თუმცა მონდომების საშუალებით ყველაფერი შესაძლებელია. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აპლიკანტმა განაცხადის შევსებამდე უნდა გაიაზროს. ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მიზნებსა და მოთხოვნებს, ამის საფუძველზე უკვე ხდება მისი შერჩევა. მსურს აღვნიშნო, რომ ყველაფერი უფლის ნებაა, ყოველთვის ვცდილობ უფალთან სიახლოვეს, ლოცვით და ტაძარში სიარულით. ამიტომ, ესეც მიმაჩნია წარმატების მთავარ ფაქტორად.
- რა არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს აკადემიურ წარმატებას და როგორ იყენებ ამ ფაქტორებს სწავლაში?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითად ფაქტორად მონდომება მიმაჩნია, მაგრამ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც საჭიროა აკადემიური წარმატების მისაღწევად. მაგალითად, ადამიანმა უნდა შეიმუშაოს გეგმა და რაც მთავარია, ამ გეგმის შესრულებისთვის სწორი გზა იპოვოს. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, დიდ მოთმინებას, შრომასა და დისციპლინას მოითხოვს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
- თუ გქონია წარსულში რაიმე მნიშვნელოვანი აკადემიური, სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევა და როგორ გადალახე ისინი?
- წარსულში სწავლასთან დაკავშირებული მრავალი გამოწვევა მქონია, მაგალითად, როგორც აღვნიშნე წინა წელსაც ვცადე FLEX-ის პროგრამაში მონაწილეობა, გადავხედე დაშვებულ შეცდომებს, შევისწავლე პროგრამა უფრო დეტალურად და მივაღწიე გარკვეულ წარმატებას.
- როგორ ფიქრობ, რით განსხვავდება ამერიკაში სწავლა საქართველოში სწავლისგან?
- ამერიკაში სწავლა საქართველოში სწავლისგან რამდენიმე ნიშან-თვისებით განსხვავდება, მაგალითად, ამერიკის სკოლის სისტემა სრულიად განსხვავებულია, უფრო დახვეწილი და მოსწავლეზე მორგებული. ასევე ამერიკაში სწავლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შედარებით უფრო რთულია. პირადად მე, საქართველოში არსებული სასწავლო სისტემით კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ თუ მოსწავლე მოინდომებს, ის აუცილებლად შეძლებს საქართველოში საკმარისი განათლების მიღებას.
- არის რაიმე კონკრეტული საგანი/მიმართულება, რომლის გავლაც გსურს ამერიკაში?
- ამერიკაში ყოფნისას მაქსიმალურად მსურს მოვირგო ამერიკელი მოსწავლის როლი, მსურს გამოვცადო რამდენიმე საგანი, რომელიც არ ისწავლება საქართველოში. მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო ისტორია.
- როგორ გეგმავ ამერიკაში დროის მაქსიმალურად გამოყენებას?
- ვეცდები შევადგინო განრიგი, რომლითაც შევძლებ ამერიკაში ყოფნისას ყოველი დღის მაქსიმალურად გამოყენებას.
- როგორ აბალანსებ აკადემიურ პასუხისმგებლობას სხვა აქტივობებთან და ინტერესებთან და რა სტრატეგიებს იყენებ დროის ეფექტურად მართვისთვის?
- აკადემიური პასუხისმგებლობას და საკუთარი ინტერესების დასაბალანსებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დროის კონტროლი. მოწესრიგებული განრიგის დახმარებით, ბევრად მარტივია ამ ყველაფრის დაბალანსება. ასევე, საკუთარ ცხოვრებაში უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის პრიორიტეტული და შესაბამისად დავაკავშიროთ სხვა დანარჩენი აქტივობა.
- რა რჩევას მისცემდი სხვა მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროგრამებში, ან ზოგადად მიაღწიონ აკადემიურ წარმატებას?
- პირველ რიგში, აუცილებელია პროგრამის მაქსიმალურად გაცნობა, შემდგომ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია მოსწავლის უნარებსა და მონდომებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე, არის არ დანებება. შესაძლებელია, რომ პირველ ცდაზე არ გამოგვივიდეს ყველაფერი, რაც დაგეგმილი გვაქვს, მაგრამ მთავარია წარუმატებლობას არ შევეგუოთ.
- როგორ აპირებ გამოცდილების გაზიარებას თანატოლებთან საქართველოში, საზღვარგარეთ გატარებული ერთი წლის შემდეგ?
- პროექტის და ასევე ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება თანატოლებისთვის, ამიტომ შევეცდები, რომ ერთი წლის შემდეგ მეგობრებს აქტიურად გავაცნო ყველა ის გამოცდილება, რომელსაც ამერიკაში გატარებული ერთი წლის მანძილზე დავაგროვებ.
- რა არის შენი გრძელვადიანი აკადემიური და კარიერული მიზნები და როგორ დაგეხმარება მათ მიღწევაში FLEX პროგრამა?
- გრძელვადიანი მიზნების ასრულებაში FLEX-ის პროგრამა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს, რადგან მსურს სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო ამერიკა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანა.
მადლობა, გისურვებთ წარმატებას!
მარიამ ონიანი