შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
Homeრუბრიკები,,მთავარია გვქონდეს მიზანი, ხოლო შრომა და ნებისყოფა ყოველთვის მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე“

,,მთავარია გვქონდეს მიზანი, ხოლო შრომა და ნებისყოფა ყოველთვის მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე“

გაიცანით ნათია ავქოფაშვილი, ულამაზესი ორგანაიზერებისა და კალათების ავტორი. ნათია ორი შვილის დედაა, მისი ქსოვით დაინტერესება სწორედ  იმ სტატუსის დამსახურებაა, რომელსაც ,,დედობა“ ეწოდება. ნათიას თქმით, მისი შთაგონების წყარო  პირველი შვილი ნიტა იყო. შვილის მოლოდინმა შემოქმედებითი უნარები გაუღვიძა და უბიძგა მისთვის ახალ ხელსაქმეს დაუფლებოდა. ნათიას პატარა ნაბიჯები დიდი მიზნისკენ წარმატებული აღმოჩნდა, დედაშვილური სიყვარულით ნასაზრდოები  ბრენდი – ,, NaNita”  (ნათია&ნიტა) მომხმარებლის დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს, მისი ,,მთავარი გმირი“ – ნათია კი,  გეგმავს, რაც შეიძლება დიდხანს იყოს საზოგადოების სამსახურში და მომხმარებელს მრავალი ფერადი, თბილი და ლამაზი ნივთი შესთავაზოს.

-მოგესალმებით, გვიამბეთ, როგორ გაჩნდა იდეა ულამაზესი ფერად-ფერადი ორგანაიზერებისა და მოსეს კალათების შექმნის ?

-მოგესალმებით, გმადლობთ რომ დაინტერესდით ჩემი ხელნაკეთი ნივთებით და მაძლევთ საშუალებას, კიდევ უფრო დიდმა აუდიტორიამ გაიცნოს „NaNita”-ს კალათები. შთაგონების წყარო იყო ჩემი პირველი შვილი, ნიტა. მის მოლოდინში გამიჩნდა სურვილი შემესწავლა ქსოვა და დამეხვედრებინა ჩემი ხელით შექმნილი ნივთი, რომელიც მთელი ცხოვრება ტკბილ მოგონებად გაჰყვებოდა. Youtube-ის დახმარებით ვისწავლე და მოვქსოვე ფაჩუჩები, ეს იყო ჩემი პირველი საჩუქარი პატარა ნიტასთვის. შემდეგ იყო ყვავილებიანი თმის აქსესუარები, ქუდი, კაშნე, ხელთათმანები… პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო, იმდენად მავსებდა დადებითი ემოციებით, რომ კიდევ და კიდევ ახლის ძიებაში ვიყავი… სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე „მოსეს კალათები“, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. შედეგმა კი უფრო მეტად გამაბედნიერა, ისეთი საყვარელი, ლამაზი და თბილი გამოვიდა, რომ მთელ თავისუფალ დროს ქსოვას ვუთმობდი.

-პირველი იბადება იდეა, შემდეგ საჭიროა ნაბიჯები. მოგვიყევით იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გაიარეთ ამ შესანიშნავი იდეის დაბადების შემდეგ?

-იდეის დაბადებიდან 2 წელში, როდესაც უკვე კარგად მქონდა შესწავლილი ქსოვა,  მეგობრებმა მირჩიეს,  შემექმნა Facebook გვერდი, სადაც ჩემს ხელსაქმეს სხვებსაც გავუზიარებდი და თან მათ რეალიზებაში დამეხმარებოდა. სწორედ მისი საშუალებით ვაზიარებ  ნამუშევრებს.  გვერდის სახელზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან შთაგონების წყარო ჩემი შვილი იყო, ბრენდს დავარქვი ერთობლივი სახელი „NaNita”  (ნათია$ნიტა).

-რა არის ის, რაც მოტივაციას გაძლევთ და განვითარებაში გეხმარებათ?

-იმაზე ფიქრი რომ ეს ნივთები, ვიღაცისთვის ბავშვობის ტკბილ მოგონებად დარჩება, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ასევე ბედნიერი სახეები და თბილი სიტყვები, რომელსაც ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და დამკვეთებისგან ვიღებ, მაძლევს ძალას და ენერგიას, რომ განვითარება არ შევწყვიტო,  მადლობა მათ ამისთვის…

-უკეთ გააცანით მკითხველს, რა სახის ნივთებს ამზადებთ და რა მასალით ?

-„NaNita” ამზადებს: „მოსეს კალათებს“ ჩვილებისთვის. კალათების ნაკრებს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება არ აქვს, რადგან მრავალფუნქციურია. ძირითადად იყენებენ ორგანაიზერებად, დიდ კალათებს კი პლედების, ბალიშებისა და სათამაშოების სათავსოებად.

-სად შეიძლება თქვენი ხელნაკეთი ნივთების შეძენა ?

-ჩემი ხელნაკეთი ნივთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, Facebook გვერდის დახმარებით „NaNita Handmades“.

-ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია, განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება ხელნაკეთ ნივთებს, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ?

-ხელნაკეთი ნივთები ნამდვილად დიდ ძალისხმევასა და შრომას საჭიროებს, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი სითბო და სიყვარულიც მოდის საზოგადოებისგან. ადამიანებს ყოველთვის  მოსწონთ ნივთები, სადაც მათი სურვილი, გემოვნება და ფანტაზია შეგიძლია გააცოცხლო და წარმოაჩინო. ამ კუთხით სიახლეც გვაქვს, ნებისმიერ შეკვეთაზე შესაძლებელია მათთვის სასურველი სიმბოლოების ამოქსოვა, რაც ნივთებს მეტ ინდივიდუალობას სძენს და უფრო ახლობელს ხდის დამკვეთისთვის.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-მსიამოვნებს, როცა ადამიანებს მოსწონთ ჩემი ნაშრომი და მათი დანახვა ახარებთ, ამიტომ,  ვეცდები,  მაქსიმალურად დიდხანს ვიყო მათი სიხარულის ავტორი, თუნდაც მცირედის … ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ეს საქმე ძალიან მომწონს, მსიამოვნებს,  ვაკეთებ მთელი გულით და დიდი სიყვარულით.

-არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უამრავი იდეა, სურვილი, თუმცა წამოწყება უჭირთ, რას ურჩევდით მათ?

-ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია გვქონდეს მიზანი, ხოლო შრომა და ნებისყოფა ყოველთვის მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, არასოდეს დანებდეთ…

-მადლობა,  გისურვებთ წარმატებას!

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები