პარასკევი, თებერვალი 14, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიმათე გავაშელი Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ პროექტში შეარჩიეს

მათე გავაშელი Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ პროექტში შეარჩიეს

დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის  მეთერთმეტე კლასის მოსწავლე  მათე გავაშელი Erasmus+ პროგრამის მიერ შექმნილ ერთ-ერთ პროექტში შეარჩიეს, რომელიც განხორციელდება სომხეთის დედაქალაქ ერევანში 20-30 იანვარს. მონაწილეები  საქართველოდან, სომხეთიდან, ესტონეთიდან და გერმანიიდან იქნებიან, ხოლო მთავარ  სატრენინგო თემად  შეირჩა: “Renewal – Social Inclusion-სოციალური ინკლუზიის განათლება“. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და რეგენერაციაზე, მწვანე სამყაროს შენარჩუნებაზე.

25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით კი მათე გაემგზავრება ესტონეთში, სადაც მოსწავლეები გარემოს დაცვის თემაზე იმუშავებენ. აღნიშნული პროგრამით ის ზაფხულში იტალიაში იმყოფებოდა, შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებაზე  მათე  გაზეთ ,,ბოლნისს“ ესაუბრა.

,,2022  წლის ზაფხულში ვიყავი იტალიაში.  თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ და ყოველთვის ვცდილობ, რაიმე საინტერესო, მრავალფეროვან და საფუძვლიან კონკურსებში, გაცვლით პროგრამებსა და ბანაკებში მივიღო მონაწილეობა. პირველივე ცდაზე ჩემი ოცნება ახდა. გაცვლითი პროგრამის, Erasmus+-ის პროექტი, სახელწოდებით ”გარესმოს დაცვა” გახდა ჩემი პირველი წარმატება. პროგრამის წარმომადგენლებმა  ამირჩიეს და შესაძლებლობა მომცეს,  წარმომედგინა  საქართველო იტალიაში, გამეცნო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და მათი კულტურა, ვინაიდან ეს იყო ჩემი პირველი ასეთი მასშტაბური მოგზაურობა.“

 შორიდან, შენი თვალით დანახული საქართველო და რა გზა გაიარე წასვლამდე?

წასვლამდე რამდენიმე დღე გამიჭირდა. ბევრს ვფიქრობდი პროექტზე, ახალ გარემოსთან შეგუებაზე, უცხო ადამიანებთან  კომუნიკაციაზე. პროექტმა რადიკალურად განსხვავებული შედეგი მომცა. დამეხმარა ბევრი უნარის განვითარებასა და აღმოჩენაში, გავიცანი ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩემს ცხოვრებაში, მივიღე  ბევრი სითბო და სიყვარული, ერთდროულად გამოვცადე მოხალისეობა და ორგანიზატორობა, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო და ჩემთვის საყვარელი საქმეც კი აღმოჩნდა. ამ ხანმოკლე მგზავრობამ  ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

რამდენიმე წლის შემდეგ როგორ და სად ხედავ საკუთარ თავს?

 ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა  ბიოლოგია, თანაც ადამიანების დახმარებაზე კარგი რა უნდა იყოს! ამიტომაც მომავალში ძალიან მინდა, რომ  ექიმი გავხდე და ვიზრუნო სხვებზე.

რას ურჩევდი შენს თანატოლებს და რა არის მთავარი იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო?

ჩემს თანატოლებს ვურჩევ, რომ კონკრეტული მიზანი დაისახონ და ამით აიმაღლონ მოტივაცია, მუდმივად იყვნენ დაინტერესებულნი და ერთგულნი თავიანთი სამუშაოს, როლის ან საგნის მიმართ, თავი არ დაზოგონ და გამოიყენონ მეტი ძალის- ხმევა მიზნის მისაღწევად.

 როგორ შეაფასებდი ბოლოდროინდელ აქტივობას?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, მოხალისეებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტრენინგი ,,მოლაპარაკების ტექნიკები” გაიმართა.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”_ამ პროექტის ფარგლებში,  30-ზე მეტი აქტიური ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ბაკურიანში მიმდინარე „მწვანე ბანაკს“ შევუერთდით, სადაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების და მათი მართვის, მეტყევეობის, ჰაერის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ  ცოდნა გავიღრმავეთ. პროგრამის მხარდამჭერები კლიმატის მწვანე ფონდი და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობები იყვნენ.

რას აკეთებ თავისუფალ დროს?

ვცდილობ თავისუფალი დრო მიზნობრივად გამოვიყენო, პროექტებს ვწერ და ვახორციელებ (კინოკლუბი, სამაგიდო თამაშები და ფრენბურთის წრე), დასავლეთ საქართველოს კონკრეტულ მოსახლეობასთან კლიმატის ცვლილებებთან და კატასტროფებთან დაკავშირებულ ონლაინ ტრენინგებს ვატარებ. ასევე დავიწყე  ესპანური ენის შესწავლა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები