გაიცანით ლუკა გელიაშვილი, ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც ახლახან მოიპოვა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პრესტიჟულ, ევროპული სოლიდარობის კორპუსის, პროგრამაში– activeEUROPE. ეს პროგრამა ცნობილია ევროპელ მოქალაქეებს შორის სოლიდარობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობით, ახალგაზრდების ჩართულობით, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის პოლონეთში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვექნება შესაძლებლობა ვესაუბროთ კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს,ლუკას, რათა გავიგოთ მეტი მისი მოლოდინების, მისწრაფებებისა და საინტერესო თავგადასავლებისთვის მზადების შესახებ.
ლუკა ოცი წლისაა, მან ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, ამჟამად სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.
– პირველ რიგში, გილოცავთ კონკურსში გამარჯვებას! როგორი გრძნობაა აღნიშნულ პროექტში წარმატების მოპოვება და იმ შანსის მიღება, რომელსაც ეს პროგრამა გაძლევთ?
– მოგესალმებით,პირველ რიგში უდიდეს მადლობას გიხდით ჩემი წარმატების გაზიარებისთვის.მოცემულ პროექტში გამარჯვების დღიდან უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ,ვინაიდან მსგავს პროექტში მონაწილეობა ბევრი ჩემი თანატოლის ოცნებაა და ყველაფერს ვიზამ იმისთვის , რომ იქ ყოფნის პერიოდში მივიღო ცოდნა და გამოცდილებ, რომელსაც შემდეგ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს გავუზიარებ.მოცემულ კონკურსში გამარჯვება უდიდესი სიხარული იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის წევრებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სჯერათ ჩემი.გამარჯვების დღემდე დიდი გზა გავიარე,წლების განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგი იყო ამ პროექტში გამარჯვება და შრომაც დამიფასდა.კონკურენცია დიდი იყო,სულ 21 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლო ფაქტია რომ ერთ-ერთი მათგანი მე ვარ.
– შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ActiveEUROPE პროგრამის შესახებ და რას მოიცავს იგი?
ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ორიენტირებულია “8გასაღების შემუშავებაზე”.პროექტის მიზანია ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში კომპეტენციის მოპოვება,განმტკიცება და ხელშეწყობა.პროექტი ასევე საშუალებას იძლევა იმუშაო და გამოცდილება მიიღო იმ სფეროში, სადაც შენი ინტერესები მაღალია და გსურს კიდევ უფრო მეტი ცოდნის მიღება.პროექტი პოლონეთში სექტემბერში დაიწყება, სადაც შესაძლებლობა გვექნება შევხვდეთ ადამიანებს სხვა შეხედულებებით, გამოცდილებითა და ცოდნით.
– რა მოლოდინები გაქვთ და, თქვენი აზრით, რას მიიღებთ იმ გამოცდილებიდან, რომელსაც პროგრამის ფარგლებში შეიძენთ?
მოლოდინები ძალიან დიდია და ვფიქრობ, ეს პროექტი მომცემს იმას, რისი სიტყვებით ახსნაც შეუძლებელია.
– რამ გიბიძგათ, რომ ამ პროგრამაში განაცხადი შეგეტანათ?
როდესაც პირველად ლექცია ჩავატარე თემაზე – “ახალგაზრდები და მათი ჩართულობა საზოგადოებრივ განვითარებაში“ , გამომაცხადეს შემდეგი სიტყვებით :”ბიჭი,რომელიც რეალობას სხვა თვალით გვაჩვენებს” და ეს სიტყვები მესმოდა ყოველი შემდეგი ლექციის დასაწყისში და გრძელდება დღემდე. სიტყვები, რომლითაც საზოგადოების რაღაც ნაწილი უკვე მიცნობს და ვხედავდი ახალგაზრდების თვალებში იმედს და მივხვდი, რომ მე კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა,რათა არა მარტო მენახებინა რეალობა სხვა თვალით, არამედ შემექმნა ის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შრომობენ, სწავლობენ და სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.
– როგორ ემზადებით მოგზაურობისათვის ?
დიდი ხნით მივემგზავრები და ვცდილობ ის დრო, რაც დამრჩა წასვლამდე პროდუქტიულად გამოვიყენო,მაგრამ ასევე, ვიმუშაო იმ პროექტებზე,პრეზენტაციებსა და ლექციებზე, რომელთა წარდგენაც პოლონეთში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების წინაშე მომიწევს.
– რომელ კონკრეტულ აქტივობებში ან პროექტებში ელით ჩართულობას ActiveEUROPE-თან მუშაობის პერიოდში? არის რაიმე კონკრეტული საკითხები, რომლითაც განსაკუთრებულად ხართ დაინტერესებული?
პროექტი ჩემთვის თავისი თითოეული აქტივობით ძალიან საინტერესოა, შევეცდები მივიღო მონაწილეობა ყველა მათგანში,მაგრამ ვაპირებ იმ უნარების განვითარებას , რომლებიც ჩემს კარიერას კიდევ უფრო გაამყარებს.ასევე, ვაპირებ მტკიცე კავშირები ჩამოვაყალიბო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ძალიან დიდი მიზნების მიღწევისთვის.
– როგორც აღნიშნეთ, სწავლასთან ერთად იმუშავებთ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, თქვენი აზრით, როგორი იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობა ევროპის სხვადასხვა, თქვენთვის უცნობ, ქალაქში?
ბოლნისის მერიის მხარდაჭერით მე უკვე ვარ ნამყოფი ორ პროექტზე პოლონეთში, ქალაქ გდანსკში და ჩემთვის იმდენად უცხო აღარაა ახალ ქალაქში ,ახალი გამოწვევების მიღება.დღეს კიდევ უფრო მომზადებული და მოტივირებული ვარ .რაც შეეხება მუშაობას, უდიდესი შესაძლებლობაა იმუშაო ორგანიზაციებში, სადაც პერსონალს უდიდესი გამოცდილება და ცოდნა აქვს იმ სფეროშ, რომელშიც შენი ინტერესებიც მაღალია.
– თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამა ევროპელ მოქალაქეებს შორის სოლიდარობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობაში?
მოცემული პროექტები ხელს უწყობს მჭიდრო კავშირს ევროპელ მოქალაქეებს შორის. ადგილი, სადაც იკრიბებიან საერთო აზრისა და მიზნების მქონე ადამიანები შეუძლებელია არ ჩამოყალიბდეს ურთიერთობები,რომლებიც წლების განმავლობაში გაგრძელდება.ზემოთ აღვნიშნე, რომ მიზნები დიდია, რომელშიც ჩემი ევროპელი მეგობრების როლი უზარმაზარია, ამიტომ ამ ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს ვიზამ
– როგორ ფიქრობთ, შეძლებთ თქვენი წვლილის შეტანას პროგრამის მისიისა და მიზნების განხორციელებაში?
ამაზე უკვე ვმუშაობ და ვცდილობ ჩემი მაქსიმალური ცოდნა ჩავდო იმ მიზნის მიღწევაში, რაც პროექტის ფარგლებში მაქვს
– ამ პროგრამისთვის მომზადებისას რა რჩევები მიიღეთ მენტორებისგან ან წინა მონაწილეებისგან, რომლებიც თქვენთვის ღირებული აღმოჩნდა?
მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც ამ პროექტში წარმატების მიღწევაში მეხმარებოდნენ, გვერდში მედგნენ ,მიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას.ზოგადად, რჩევას, რასაც მეც მივცემდი ყველას არის ის რომ იყოთ ის ვინც ხართ და იშრომოთ თავდაუზოგავად. ესაა ჩემი და იმ ადამიანების წარმატების საიდუმლო, რომლებიც დღემდე ჩემს გვერდით დგანან
– ActiveEUROPE პროგრამის დასრულების შემდეგ, როგორ გეგმავთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სხვებისათვის გაზიარებას?
ActiveEUROPE ის შემდეგ კიდევ უფრო დიდი გეგმები და სურვილებია,რომლებშიც თავისთავად მოიაზრება პოლონეთში 10 თვის განმავლობაში მიღებული ცოდნის გაზიარება.ვინაიდან ვარ ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრი, შევეცდები დაბრუნებისთანვე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა სხვა წევრებთან ერთად.
– რა ,,მესიჯს“ დაუტოვებთ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან მსგავსი პროგრამებითა და შესაძლებლობებით?
ახალგაზრდებს ვეტყვი ასეთ რამეს: იშრომეთ,მიიღეთ უამრავი გამოცდილება, არ შეგეშინდეთ გამოწვევების და სცადეთ ყველაფერი, რისაც გჯერათ რომ ის თქვენი წარმატების ნაწილია,არ დანებდეთ თუ რაღაც არ გამოგივათ,არ გაჩერდეთ, თუ შეცდომას დაუშვებთ,მიიღეთ ის როგორც გაკვეთილი .გახსოვდეთ როგორც კი ადამიანი წარმოიდგენს, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს განსაზღვრული საქმე,იმ მომენტიდან მას განზრახული აქვს არ განახორციელოს ის,საბოლოოდ კი მისთვის ამ საქმის შესრულება შეუძლებელი ხდება,ამიტომ გჯეროდეთ საკუთარი თავის.
მადლობა და გისურვებთ წარმატებას!
მარიამ ონიანი