ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და მხარდაჭერა – ეს ადამიანური თვისებები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი რესპონდენტისთვის. როგორც თავად ამბობს, მას საზოგადოება მიზანდასახულ და წარმატებულ ადამიანად იცნობს, რომელსაც გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, ყოველი წუთი გეგმის მიხედვით აქვს გაწერილი. მომავალი პროფესია ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა მანამდე, თითოეულ საგანს საფუძვლიანად ეუფლება. გარდა სასკოლო საგნებისა, სწავლობს რამდენიმე უცხო ენას, ცეკვავს როგორც ქართულ, ასევე ლათინო-ამერიკულ ცეკვებს, რაშიც არაერთი დიპლომი აქვს აღებული. მღერის გუნდში, ასრულებს მთავარ როლებს თეატრში, ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, აღსანიშნავია ჩვენი გმირის წიგნთან მეგობრობა. პრიორიტეტები კი ოჯახი, განათლება და მეგობრები. გაგაცნობთ ჩვენი რუბრიკის სტუმარს, უნიჭიერეს 14 წლის მარიამ კორტავას, თუ რაზე ოცნებობს და სად ხედავს თავს, 10 წლის მერე
–მარიამ, ჩემს რუბრიკაში დაგასახელა ნუცა გობეჯიშვილმა, როგორ ფიქრობ, რატომ აგირჩია შენ? კითხვა დატოვა, სად და რა საქმით იქნები დაკავებული 10 წელიწადში.
-პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ძალიან გამიხარდა. ასევე მადლობა ნუცა მასწავლებელს, რომ წარმატებულ ადამიანად მიმიჩნია. რაც შეეხება მის დასმულ კითხვას, ათ წელიწადში, ჩემი ოცნებების მიხედვით, თავი ოქსფორდის უნივერსიტეტში წარმომიდგენია.
–ვინ არის მარიამ კორტავა, მოგვიყევი შენს შესახებ, თუ გაქვს გადაწყვეტილი მომავალი პროფესია…
– მარიამ კორტავა საზოგადოების თვალში მიზანდასახული და წარმატებულია, მასწავლებლების აზრით, ბეჯითი და მშრომელი, მეგობრების აზრით, პოზიტიური და მხიარული, მშობლებისთვის მოუცლელი ბავშვი, რომელიც სულ დაკავებულია, ბებიების თვალში მუდამ მშიერი, ძმებისთვის კი ტვინის ბურღი. ჩემი აზრით კი, რაცა ვარ ესა ვარ, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც უყვარს თავისი ცხოვრება და ცდილობს თითოეული დეტალით სიამოვნება მიიღოს.
ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი მომავალი პროფესია, თუმცა, ვფიქრობ, უფრო ტექნიკურ მიმართულებას ავირჩევ. ამ ეტაპზე კი ძალიან ბევრ სფეროსთან მაქვს შეხება, ვცდილობ ყველანაირად განვვითარდე და გამოვცადო ჩემი თავი, რაც დამეხმარება საკუთარი პროფესიის პოვნაში.
–რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად და თუ გყავს გამორჩეული პედაგოგი
– ვფიქრობ, ყველა საგნის ცოდნა ერთნაირად მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს დიდ დროს ვუთმობ, თუმცა ყველაზე მეტად, მათემატიკა მიყვარს. თითოეულ პედაგოგს საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს აღზრდაში და ვაფასებ მათ, თუმცა გამორჩეულად მიყვარს მათემატიკის მასწავლებელი ხატია მღვდელაძე და ქართულის პედაგოგი – მზია რეხვიაშვილი.
–გარდა იმ უცხო ენებისა, რასაც სკოლაში სწავლობ, ასევე დადიხარ ფრანგული ენის კურსზე, ენების შესწავლაც ხომ არ არის შენს სამომავლო გეგმებში?
– ფრანგულის სწავლა და, ზოგადად, საფრანგეთში მოგზაურობა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და დამოუკიდებლად ვცდილობდი ამ ენის შესწავლას, ამიტომ, როდესაც გავიგე, რომ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულის კურსები იწყებოდა, ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავრეგისტრირდი. სამწუხაროდ, კურსი უკვე დასრულდა, თუმცა ჩემი მიზანია, იქ მიღებული ცოდნა უფრო გავაღრმავო. ფრანგულის გარდა, ძალიან კარგად ვსაუბრობ ინგლისურად, რაც ინგლისურის მასწავლებლის, ნინო ნიგურიანის დამსახურებაა, ასევე ვსწავლობ რუსულს, მომავალში სიამოვნებით ვისწავლიდი სხვა ენებსაც.
თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ ამ დროს?
– მაქვს შედგენილი დღის გეგმა, რაც მეხმარება დროის მართვაში, არ მეკარგება უქმად არც ერთი წუთი, წიგნების კითხვასაც ვასწრებ და დასვენებისთვისაც მრჩება დრო.
–რა როლი აქვს ცეკვას შენს ცხოვრებაში და ამ სფეროში, რა წარმატებებს მიაღწიე?
– რაც შეეხება ცეკვას, როგორც ქართულ, ასევე ლათინო-ამერიკულ ცეკვებში მაქვს გამოცდილება. დროის უქონლობის გამო, მომიწია ლათინური ცეკვების მიტოვება, თუმცა ძალიან ხშირად ვიღებდით მონაწილეობას კონკურსებში, საიდანაც თითქმის ყოველთვის დიპლომებით და სიგელებით ვბრუნდებოდით. ამიტომ, ცეკვას ყოველთვის ექნება ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი.
–გარდა ცეკვისა, არაერთ წრეზე დადიხარ, მოგვიყევი რომელ წრეებზე და რატომ?
– ვცდილობ ყველაფერში გამოვცადო თავი და დრო ნაყოფიერად გამოვიყენო. დავდივარ თეატრ “საზღაპრეთში”, ასევე ვმღერი ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ გუნდში, დავდივარ ქართულ ცეკვაზე “თამარიონში”, ასევე ხატვაზეც. დავამთავრე ფორტეპიანოს შვიდი კლასი, დავდიოდი ჭადრაკზე, ლათინურ ცეკვებზე… სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანის მიტოვება მომიწია, დროის ფაქტორის გამო.
რას ნიშნავს შენთვის წარმატება და რამდენად არის ეს დამოკიდებული ბედნიერ შემთხვევაზე?
– ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს თვითრეალიზაციას, საკუთარი მიზნების მიღწევას და თუნდაც, მათ დასახვას. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს. იმისათვის, რომ გახდე წარმატებული, აუცილებელია დიდი შრომა, განათლების მიღება და ენერგიის დახარჯვა. არ შეიძლება მთელი ცხოვრება იყო იმის იმედზე, რომ ფერია ნათლია გამოგეცხადება და ყველა ოცნებას აგიხდენს.
–მიზნები, რა გიბიძგებს მიზნების შესრულებისკენ?
-ჩემი მიზანია, უმაღლესი განათლება მივიღო ევროპაში, რადგან ვფიქრობ, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება და მაქსიმალურად გამოვავლენ შესაძლებლობებს. ვიცი, რომ საკმაოდ რთული იქნება ამხელა მიზნის მიღწევა, თუმცა ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება, ამიტომ არ დავზოგავ თავს და ვეცდები ვიბრძოლო ჩემი ოცნებების ასასრულებლად.
–რაზე ოცნებობს მარი?
– ჩემი ოცნებაა, ვიმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში, გავეცნო მათ კულტურას.
–რომ შეგეძლოს დაწერო ახალი კანონი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, რა იქნებოდა ის?
-დუმბაძის მარადისობის კანონის მიხედვით, სული ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკური სხეული. “გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით” – გვიანდერძა მან. ამიტომ დავაწესებდი ისეთ კანონს, რომელიც ადამიანებს აიძულებდა ერთმანეთის სიყვარულსა და მხარდაჭერას.
–რომელი უნარებით ხარ ყველაზე ამაყი?
– ყველაზე მეტად ვამაყობ იმ უნარით, რომ შემიძლია ყველაფრის ადვილად ათვისება, რაც ნამდვილად მეხმარება წარმატების მიღწევაში.
–რომელი ზღაპრის პერსონაჟი იქნებოდი?
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ,,ურჩხული და მზეთუნახავი” და ჩემს თავსაც ყოველთვის მის მთავარ პერსონაჟ, ბელს ვამსგავსებდი. ბელი არის ჩემსავით მეოცნებე, წიგნების მოყვარული და მიზანდასახული გოგონა, რომელიც ოპტიმისტია და ცდილობს ადამიანებში კარგი თვისებები დაინახოს.
–ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ?
-ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ეს თვისებებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს.
–დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით, ინიციატორი ადამიანი ხარ თუ მიმყოლი?
– პოზიტიური, ნამდვილად ინიციატორი ვარ, ძალიან მიყვარს ლიდერობა და ახალი იდეების მოფიქრება.
–საყვარელი პოეტი, მწერალი, ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე….
– საყვარელი პოეტია გალაკტიონ ტაბიძე, მწერალი კი – ქართველებიდან, რა თქმა უნდა, დუმბაძე, უცხოელებიდან კი აგათა კრისტი და ასევე ძალიან მიყვარს შარლოტა ბრონტე, ბოლოს წავიკითხე ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”.
–მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ შენს ცხოვრებაში, რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში ?
– ჩემი აზრით, ნამდვილი მეგობრის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც გაუზიარებ შენს საიდუმლოებს, ფიქრებს, ვისაც ენდობი და ყოველთვის მხარს დაუჭერთ ერთმანეთს. ასევე, აუცილებელია საერთო ინტერესები და პოზიტიური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მეც მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და მათთვის ყოველთვის გამოვნახავ დროს. ვფიქრობ, ერთგულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილი მეგობრობისთვის.
–რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდი მათ?
– მომავალ თაობებს ვურჩევდი, მიიღონ განათლება, იკითხონ ბევრი პიროვნული განვითარებისთვის და ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად.
–როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?
-ვისურვებდი მშვიდობიან და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესები და უსაფრთხოება პრიორიტეტია.
–დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.
– თქვენს რუბრიკაში ვისურვებდი ბოლნისის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, ხატია მღვდელაძის ხილვას. ის არის ენერგიული, განათლებული და მოტივირებული მასწავლებელი. მას მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ამავდროულად, მომთხოვნიცაა. ის ნამდვილად წარმატებული ადამიანია, რომელიც ბოლნისმა აუცილებლად უნდა გაიცნოს. მას კი დავუტოვებ ასეთ სახალისო კითხვას: ,,რომელი თეორემით დაამტკიცებთ ამ “ჭეშმარიტებას”: ,,სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი”?
ნონა ხუზმიაშვილი