კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

„ვიცნობ ჩემს ქალაქს“-ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლის პროექტი

რამდენიმე თვეა, ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგის იზოლდა არზუმანიდუს ხელმძღვანელობით ხორციელდება გრძელვადიანი პროექტი „ვიცნობ ჩემს ქალაქს“. პროექტის მიზანია, სასკოლო საზოგადოებას და ადგილობრივ თემს უკეთ გააცნოს  ქალაქის ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული შესაძლებლობები.

 პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება ბოლნისის კულტურული მემკვიდრეობების შესახებ, მათი თარგმნა ინგლისურად, გერმანულად და რუსულად, კულტურული მემკვიდრეობების რუკის, ფოტო-გამოფენის მოწყობა, ვიდეო-რეპორტაჟების მომზადება, სამაგიდო თამაშის „ბოლნისქალაქის“ შექმნა, ვიქტორინები, ინტელექტუალური თამაშები, წიგნის „ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი” ავტორის, ბატონი პეტრე დანელიას მოწვევა, სტუმრობა ღვინის სახლში და შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“.

ფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ასევე იგეგმება ექსკურსიები სხვა მხარეების მოსანახულებლად, თუმცა საკუთარი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები ყურადღების მიღმა რჩება. ჩვენი ქალაქი საკმაოდ საინტერესო ისტორიით და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რის შესახებაც ინფორმაციის ფლობა, აუცილებლად მიგვაჩნია. ამავდროულად, საკუთარი ქალაქის შეცნობა მეტად გააღვივებს მზრუნველობის გრძნობას და უბიძგებს მოსწავლეებს ადგილობრივ განვითარებაში ჩართულობისკენ. ახალგაზრდების ჩართულობა კი ის მთავარი იარაღია, რომელიც ქალაქს სჭირდება.

 „ჩვენი სკოლა მზად არის ისეთი ახალგაზრდების აღსაზრდელად, რომლებიც არათუ იცნობენ საკუთარ ქალაქს, არამედ იზრუნებენ მასზე და აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში არაერთ კათედრასთან ვითანამშრომლე და თითოეული პედაგოგი აქტიურად ჩაერთო საერთო მიზნისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია სკოლის დირექტორი, ქალბატონი მადონა ლომსაძე, რომელიც პროექტის თითოეულ აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული, მხარს გვიჭერდა და უშუალოდ გვეხმარებოდა სხვადასხვა შეხვედრის ორგანიზებაში.“ – აღნიშნავს იზოლდა არზუმანიდუ.

„ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალური განათლება არის შესაძლებლობა, მივიღოთ განვითარებული ინდივიდი, რომელიც  პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია. სკოლა ის ადგილია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს ჩამოყალიბდეს ისეთ მოქალაქედ, რომელსაც აქვს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა. ქვეყნის სიყვარული კი მშობლიური ქალაქის შეცნობით იწყება.“ – აღნიშნავს სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე.

პროექტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტების გამარჯვებული და დაფინანსებულია. ბოლნისის N5 საჯარო სკოლა აქტიურადაა  ჩართული USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომლის ფარგლებში 2023 წელს ლიდერი სკოლის სტატუსი მოიპოვა, წელს კი მის გამოცდილებას აქტიურად უზიარებდა სხვა სკოლებს.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები