ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
spot_img

დიპლომები, მედლები და სიგელები, მცირე ასაკში მიღწეული წარმატებები

სამეჯლისო, სპორტული და ქართული ნაციონალური ცეკვები, ფორტეპიანო, სიმღერის გუნდი, თეატრი, ჭადრაკი და ხატვის წრე, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და სკოლის მეწარმეობის ჯგუფის წევრი, – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც 13 წლის ანი გრძელიშვილი ეწევა. ანის სხვადასხვა ხარისხის დიპლომი და თასი აქვს მიღებული, არის სოლისტი და საბავშვო სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელი,  ამზადებს აქსესუარებს.  მიუხედავად გადატვირთული დღის რეჟიმისა და მცირე ასაკისა, უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი,  კერძების მომზადება და შესაძლებელია საბავშვო კულინარიულ პროექტშიც ვიხილოთ. ამჟამად წერს და წიგნის გამოცემასაც გეგმავს.

ჩვენი რუბრიკის სტუმარი, თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, მიზანდასახული, სამართლიანი და  უნიჭიერესი მომავალი მედიცინის მუშაკია.

-ანა, ამ რუბრიკაში    ჩვენმა  სტუმარმა, ნუცა გობეჯიშვილმა დაგასახელა და  კითხვა დაგიტოვა,  სად და რა საქმით იქნებით დაკავებული 10 წელიწადში?

-მივესალმები სრულიად საქართველოს,ბოლნისს და ბოლნისელებს,ჩემს თანატოლებს, ვულოცავ დამდეგ, 2023 წელს.  ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს  განვითარების, ბედნიერების, ჯანმრთელობის, სიყვარულის, ხვავის და ბარაქის მომტანი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას

კარიერულად, ვფიქრობ, ვიქნები მედიცინის სფეროში, მაგრამ ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე, არ იარსებებს.

 –ვინ არის ანა გრძელიშვილი,  მოგვიყევი  შენს შესახებ, თუ გაქვს არჩეული მომავალი პროფესია?

-ვარ 13 წლის, მე-8ა კლასის მოსწავლე. მიზანდასახული და დამოუკიდებელი ადამიანი, არ ყოფილა ხელოვნების არც ერთი სფერო, სადაც მიზნისთვის არ მიმეღწია, ამას მარტო მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ჩემი პედაგოგები, ასევე ვარ მოცეკვავე.  პროფესია ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი,  სავარაუდოდ, ქირურგობას ავირჩევ.

გარდა იმ უცხო ენებისა, რასაც სკოლაში სწავლობ, დადიხარ ფრანგული ენის კურსზე, ენების შესწავლაც ხომ არ შედის შენს სამომავლო გეგმებში?

-ჩემთვის ფრანგული ენის შესწავლა უკავშირდება საფრანგეთში მოგზაურობას.

-თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ?

-ძირითადად, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ეთმობა განვითარებას. ამჟამად ვწერ წიგნს, რომლის დაბეჭდვასაც  ვაპირებ, რადგან არ მინდა ორწლიანი შრომა წყალში ჩავყარო. თავისუფალ დროს ვაკეთებ  თმის სამაგრებს, ეს ჩემი პატარა ბიზნესია. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მიყვარს ცხობა. ერთხელ გამიჩნდა იდეა,  პატარა ბავშვებისთვისაც გაკეთებულიყო   „ბავშვთა მასტერშეფი“. მივწერე,  მოეწონათ ჩემი აზრი და დამპირდნენ, თუ ოდესმე გაკეთდა მსგავსი გადაცემა, აუცილებლად მიმიწვევენ ქასთინგზე.

რა როლი აქვს ცეკვას შენს ცხოვრებაში და  რა წარმატებებს მიაღწიე ამ დროის განმავლობაში?

-ცეკვა ჩემთვის ყველაფერია, მაქვს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები, სიგელები. ვარ ევროპის და გიორგი რიჟამაძის სახელობის თასების მფლობელი. ამ ყველაფრის გამო, 2018 წლიდან მერიცხება სტიპენდია,  რისთვისაც მადლობას ვუხდი ბოლნისის მერიას. ასევე  ვარ ანსამბლ „თამარიონის“ მოცეკვავე, ცეკვა „ჯეირანის“ სოლისტი, ეს ცეკვა  პირველად თურქეთის ქალაქებში რიზესა და ტრაპზონში ვიცეკვე.

 გარდა ცეკვისა,  არაერთ წრეზე დადიხარ, მოგვიყევი,   როგორ ანაწილებ დროს?

-დავდივარ ფორტეპიანოზე,  წელს შვიდწლედს ვასრულებ, ასევე მოყვარულთა სიმღერის გუნდზე, ქართულ და ლათინო-ამერიკულ ცეკვებზე, თეატრში სადაც მაქვს ერთ-ერთი მთავარი როლი. გასულ წლებში დავდიოდი ჭადრაკზე და ხატვის წრეზე. ჩართული ვარ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში არსებულ ახალგაზრდულ ჯგუფში, ასევე სკოლაში არსებულ „მეწარმეობის“ ჯგუფში, რაც შეეხება დროის  განაწილებას, რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ,  არ დავკარგო და  ხარისხიანად გამოვიყენო.

  რას  ნიშნავს შენთვის წარმატება?

-ისეთ გრძნობას, რომელსაც ვერაფერს  შევადრი.  ეს არაერთხელ განმიცდია, როდესაც წარმატებას ვაღწევ, შესაბამისად ბედნიერი და უფრო თავდაჯერებული ვარ.

რაზე ოცნებობს ანი?

-ვიმოგზაურო სხვა და სხვა ქვეყნებში და ვისწავლო, მქონდეს შესაძლებლობა, დავეხმარო მოხუცებს,  ობოლ ბავშვებს და გავხსნა ცეკვის სტუდია, სადაც შევასწავლი მოზარდებს ლათინო-ამერიკულ და ქართულ ცეკვებს.

რომ შეგეძლოს დაწერო ახალი კანონი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, რა იქნებოდა ის?

-ყველა ადამიანი დაწესებული კანონით უნდა მიდიოდეს საავადმყოფოში და იტარებდეს გამოკვლევებს, რაც თავს აგვარიდებს მძიმე ავადმყოფობებს.

ზღაპრის გმირი რომ იყო, რომელი პერსონაჟი იქნებოდი?

– ანიმაცია „გაწითლებიდან“ მთავარი გმირი ვიქნებოდი. გოგო, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ წამს გადაიქცეს წითელ მელად, ის მთელ სკოლაშია პოპულარული.

საყვარელი პოეტი, მწერალი,  ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე….

– გალაკტიონ ტაბიძე, მედლინ რუ, ენიდ ბლაიტონი, ფენი ფლეგი. ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები“

მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ შენს ცხოვრებაში, რას აფასებ ყველაზე მეტად მათში?

 -მეგობრები არიან ადამიანები, რომლებთან გატარებული დროც, დღის ბოლომდე მიმყვება და დადებითად   ისახება ჩემს განწყობაზე, ასევე მათი ჩემთან სტუმრობა და ღამით დარჩენა   ძალიან მახარებს. ვაფასებ ნდობას.

ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდი მათ?

– იკითხონ ბევრი წიგნი და წერონ ესეები.

როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

-სადაც სიღარიბე არ იქნებოდა

დაგვისახელე  წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.

 რუბრიკის  მომავალი სტუმრები იქნებიან გოჩა ხელიძე და თამარ რეხვიაშვილი. კითხვა: რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში ცნება „მოგზაურობა“.

ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები