ხელნაკეთი დეკორაციები მხოლოდ ესთეტიკური ნივთები არ არის, ისინი ავტორის ემოციას, ხასიათსა და შინაგან სამყაროს ატარებს. სწორედ ასეთი ნამუშევრები იქმნება თამარ კოპალიანის სახელოსნოში. თამარა ბოლნისში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა, ხოლო შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. იგი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, პარალელურად კი ქმნის ხელნაკეთ დეკორაციებს, რომლებშიც სიმშვიდე, ელეგანტურობა და დადებითი ემოცია ერთიანდება. „Tamara Glam Studio“-ს ნამუშევრები იქმნება სიჩუმეში, დეტალებზე ზრუნვით და სურვილით, რომ თითოეულმა ნივთმა სითბო და სიხარული შეიტანოს იმ სივრცეში, სადაც აღმოჩნდება.
-მოგესალმებით, თამარ! როგორ დაიწყო თქვენი გზა ხელნაკეთი დეკორაციების შექმნაში და რა იყო ის პირველი იმპულსი, რომელმაც ეს საქმე დაგაწყებინათ?
-მოგესალმებით, ყველაზე მშვიდად თავს ნივთის შექმნის დროს ვგრძნობ. სწორედ ამ სიმშვიდიდან დაიწყო ჩემი გზა ხელნაკეთი დეკორაციების სამყაროში.
–თქვენი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი დეტალებით, მარგალიტის ელემენტებითა და ელეგანტური ფორმებით, როგორ ყალიბდება იდეა თითოეული დეკორაციისთვის?
-მიყვარს ბუნებრიობის და ელეგანტურობის შერწყმა, ვფიქრობ, ნამუშევრებს ეს ჰარმონიულ იერს აძლევს. იდეა ხშირად განწყობიდან მებადება, ხანდახან მასალა მაჩვენებს მიმართულებას, ხანდახან კი ემოცია.
–რას ანიჭებთ უფრო დიდ მნიშვნელობას – ვიზუალურ ეფექტს თუ იმ ემოციას, რომელსაც ნივთი უნდა ატარებდეს?
-ემოციას. ვიზუალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის შეგრძნებაა, რასაც ნამუშევარი ადამიანს უტოვებს.
–დეკორაციები, რომლებსაც ქმნით, ხშირად სადღესასწაულო განწყობას ატარებს. კონკრეტულად რა სივრცისთვის, ან განწყობისთვის წარმოგიდგენიათ თქვენი ნამუშევრები?
-ჩემს დეკორაციებში ყოველთვის ვცდილობ სითბო და პოზიტიური განწყობა შევიტანო, ხშირად სადღესასწაულო განწყობასაც ქმნიან, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ თითოეულმა ნამუშევარმა სიხარული და მყუდროება შეიტანოს სივრცეში, სადაც დაიდგმება.
–რამდენად შრომატევადია ერთი ასეთი დეკორაციის შექმნა, რა ეტაპებს გადის ნივთი, იდეიდან საბოლოო ფორმამდე?
-დეკორაციის შექმნა შრომატევადია, რადგან თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვუთმობ. მოდის იდეა, შემდეგ ვარჩევ მასალებს, ვამზადებ დეტალებს და ბოლოს ყველაფერს ერთად ვაერთიანებ. პროცესს შეიძლება დასჭირდეს საათები, ან დღეები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლოს ნამუშევარს რომ აცოცხლებ.
–ფეისბუკ გვერდი „თამარასთან“ უკვე თქვენი ხელწერის ნაწილია, რატომ შეარჩიეთ ეს სახელი და რას ნიშნავს ის თქვენთვის?
-ჩემი ახალი ფბ.გვერდი ,,Tamara Glam Studio”(TGS)უბრალოდ ჩემი სახელია და ჩემი ნამუშევრების სტილს ასახავს. Glam ნიშნავს რომ თითოეული ნამუშევარი იყოს მომხიბვლელი და დეტალურად, ყურადღებით ნაკეთი, Studio კი ადგილს, სადაც ჩემი შექმნილი ნივთების საცხოვრებელია.
–როგორია ადამიანების რეაქცია, როცა პირველად ხედავენ თქვენს ნამუშევრებს – არის თუ არა ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად გესმით?
-როცა ადამიანები ჩემს ნამუშევრებს ხედავენ, ხშირად მეუბნებიან ,,რა ლამაზია, ეს შენ გააკეთე?” რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს არის ჩემი მიზანი-პატარა სიხარული და პოზიტივი შევიტანო ჩვენს ყოველდღიურობაში.
–გაქვთ თუ არა კონკრეტული ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი ან სიმბოლურია?
-ჩემთვის ყველა ნამუშევარი საყვარელია, რადგან იქმნება დადებითი ემოციით, თუმცა, ზოგი ნამუშევარი ჩემთვის უფრო სიმბოლურია, ეს შეიძლება იყოს პატარა დეტალი, რომელიც მახსენებს, თუ როგორ დავიწყე ეს ყველაფერი, ან დეკორაცია, რომელმაც ადამიანს განსაკუთრებული ემოცია მიანიჭა.
–რა სირთულეებს აწყდებით ხელნაკეთი დეკორაციების შექმნისა და რეალიზაციის პროცესში?
-ხელნაკეთი დეკორაციების შექმნაში, ხშირად მთავარი სირთულე-დეტალებია. თითოეული პატარა ელემენტი დიდ ყურადღებას მოითხოვს. იდეიდან საბოლოო შედეგამდე საჭიროა დრო და მოთმინება, რადგან ვცდილობ ნამუშევარი ისე გამოიყურებოდეს, როგორც წარმოვიდგენდი. სირთულეებიც ხომ გამოწვევაა, როდესაც საბოლოო შედეგს ვხედავ, ვფიქრობ რომ ამ ყველაფრად ღირდა.
–როგორ ხედავთ თქვენი პატარა ბრენდის მომავალს, გეგმავთ თუ არა ახალი მიმართულებების, კოლექციების ან თემატური დეკორაციების შექმნას?
-მომავლისთვის ვხედავ TMG-ის სივრცეს, საიდანაც ჩემი შექმნილი ნივთები უფრო ბევრ ადამიანამდე მივა, ვგეგმავ ახალ მიმართულებებს და თემატურ კოლექციებსაც, რათა ყოველი სეზონი ან მნიშვნელოვანი თარიღი, ჩემი სპეციალური ნამუშევრებით გამოვხატო.
–და ბოლოს, რას ეტყოდით იმ გოგონებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკუთარი ხელსაქმე, ნიჭი მხოლოდ ჰობად უნდა დარჩეს და ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას წინ?
-არასდროს არ არის მარტივი პირველი ნაბიჯების გადადგმა. პატარა ნაბიჯებსაც კი მოაქვს სიხარული. საკუთარი ნიჭის გამოვლენა და ხელსაქმეში ჩართვა უზარმაზარი სიამოვნებაა-რომლისთვისაც ღირს ნიჭის გამოყენება და დაწყება.
მარიამ ონიანი















