ჩვენს გარშემო უამრავი აქტიური ქალია, რომლებიც არ უფრთხიან გამოწვევებს და კრეატიულ საქმიანობას უპირობო შეუპოვრობით აგრძელებენ. დაკისრებული ვალდებულებების ვრცელი ჩამონათვალის პარალელურად, ქალები არ კარგავენ ფოკუსს პროგრესსა და განვითარებაზე, ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, სწავლობენ და აღწევენ სასურველ მიზანს, სწორედ ასეთ აქტიურ ადამიანზე, სამი შვილის დედაზე გიამბობთ, რომელმაც გადატვირთული დღის განრიგის მიუხედავად, ახალი საქმე წამოიწყო, ცდილობს დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი სრულყოფილად გაართვას, განტვირთვაში კი მას ხელსაქმე ეხმარება, რომელშიც დიდ სიყვარულს დებს.
-მე ვარ ნაზი ლონდარიძე, დავიბადე და გავიზარდე ბოლნისში, წარჩინებით დავამთავრე ბოლნისის პირველი საშუალო სკოლა, ვარ პროფესიით იურისტ-ეკონომისტი, ასევე გერმანულ-ქართული სახელოვნებო წრის ხელსაქმის პედაგოგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვარ სამი შვილის დედა. ვცდილობ ვიყო აქტიური და ყურადღებიანი მშობელი, თანამშრომელი, მეგობარი.
-მიუხედავად დატვირთული სამუშაო დღისა, როგორ ახერხებ ხელსაქმისთვის დროის დათმობას?
-ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა, ვკერავდი და ვქარგავდი. ხშირად თოჯინებისთვის და პატარა დისთვის შემიკერავს ტანსაცმელი, აქსესუარი. მთელი სტუდენტობა ჩემს მიერ გადაკეთებული ან შეკერილი სამოსით დავდიოდი. ხშირად ახალი ტანსაცმელისთვის შემიმატებია რაიმე დეტალი, დეკორის, გულსაბნევის ან ღილის სახით, მუდამ ვეძებ სიახლეებს. ფერების, სხვადასხვა ქსოვილების შეხამებით და მრავალფეროვნებით ვქმნი აქსესუარებს. არ მეშინია გამოწვევების, რადგან ამას ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ. დღეს უფრო მარტივია ბევრი რამის სწავლა, ამაში კარგად გვეხმარება სოციალური ქსელი. ერთი წელია ბისერებით ქარგვამ გამიტაცა, ძირითადად ვქმნი გულსაბნევებს. პირველი რაც გავაკეთე, ეს ოთხფურცელა სამყურა იყო. სამყურა ზოგადად წარმატებასთან ასოცირდება. შთაგონების წყარო ბავშვობიდან მოდის, ხშირად მინდორში სწორედ ამ ბალახს ვეძებდი. ეს საქმე ყოველდღიური რუტინის შემსუბუქებაში მეხმარება, ამავდროულად შესაძლებლობას მაძლევს, ჩემი ემოციები და განცდები გადმოვცე.
-როგორია საზოგადოების გამოხმაურება?
-დიდი ბედნიერებაა, როცა ხალხის ყურადღებას იპყრობს ჩემი ნამუშევრები, დადებითი ემოციები სტიმულს მაძლევს.
-რა კრიტერიუმით არჩევთ მასალას, თუ იცი როგორი სახე ექნება ნამუშევარს საბოლოოდ?
-ძალიან მიყვარს ნატურალური ქვები, ქსოვილები, მათთან შეხება, ამჯერად ვმუშაობ კრისტალებით, მძივებით, ქსოვილებით. თავდაპირველად ვფიქრობ, რა უნდა შევქმნა ამ ფერებით, დანარჩენი უკვე მუშაობის პროცესში იქმნება.
-რომელია თქვენი საყვარელი ხელნაკეთი ნივთი და რით გამორჩეული ის?
-ვერცერთს გამოვარჩევ, ყველა ნაკეთობაში ვდებ ემოციებს, შთაგონებას. მე თვითონვე ვღებულობ უდიდეს კმაყოფილებას, ყველა ჯერზე, როცა ვასრულებ მუშაობას, ვფიქრობ, ეს უკანასკნელი ნამუშევარი საუკეთესოა და ასე გრძელდება. ახლა ვმუშაობ პეპელაზე, რომელიც ულამაზესი გამოდის. ვფიქრობ სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას განვვითარდე და არ გავჩერდე, სურვილს – შევეჭიდო უფრო რთულს.
-რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო, აღგვიწერეთ თქვენი განცდები და შთაბეჭდილებები მუშაობის პროცესში?
-ბუნებაში უამრავი ცოცხალი თუ არაცოცხალი არსებაა, რომლის დანახვის შემდეგ, იბადება პატარა მარცვალი, შემდეგ ღვივდება, იწყება ფიქრი, თუ როგორ გადავიტანო ის ჩემს ნამუშევარში. თავიდან ვცდილობ მივანიჭო რეალური ფერები, შემდეგ კი ვამატებ ფანტაზიას, მუშაობის დროს ვიკარგები, მეუფლება სრული სიმშვიდე. ხელსაქმის დროს ხშირად დამთენებია კიდეც.
-დაინტერესებულ ადამიანს სად შეუძლია ნახოს ნამუშევრები?
-თავდაპირველად ვქმნიდი დასაჩუქრების მიზნით. ზოგადად, წინასწარ ვფიქრობ, რა უყვარს ადრესატს. ვითვალისწინებ მის საყვარელ ფერს, სტილს და ხასიათს. მინდა მადლობა გადავუხადო ახლობლებს, რომლებიც ხშირად ერთვებიან ჩემს შემოქმედებით პროცესში, რჩევებსაც მაძლევენ და ინტერესით ელოდებიან დასრულებას. მათ მომცეს ბიძგი და თავდაჯერებულობა. მეგობარმა შემიქმნა გვერდიც, რომლის სახელწოდებაც კი მეგობრების შერჩეულია. Nozis Handmade “Natifi”,ისინი მაძლევენ სტიმულს. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა შენს გარშემო ასეთი ადამიანები არიან. რეალიზაციიდან მიღებული თანხით, ვიძენ საჭირო რესურსს, ვარჩევ და ვეძებ ახალ-ახალ ფერებს, მასალას, ამ ძიებაშიც უკვე იბადება რაღაც ახალი.
-სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით?
-გეგმები ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ჯერ კიდევ ახალბედა და თვითნასწავლი ვარ. მინდა ჩემი ნამუშევრები კმაყოფილებას ტოვებდეს.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ შეამჩნიეთ ჩემი ნამუშევრები და ცდილობთ უფრო მეტ ადამიანს გააცნოთ თვითნასწავლი ხელოვანები.